თავზეხელაღებული მამაძაღლები

აქ თქვენ გაიგებთ Portxlebi–ს საიდუმლოს

მაშინ, როდესაც ჯაზის და ბლუზის ჰანგები ერთმანეთს ენაცვლება, ოთახში ფორთოხლიანი ჩაის სურნელი ტრიალებს, გარეთ მოღრუბლულია, რადგან მარტი ისევ ტვინს ბურღავს, მე კი დრუიდობისა არაფერი გამეგება, რომ ამინდი გამოვიყვანო, ისღა დამრჩენია, ჩემი ალტერნატიული მზე გამოვნახო, ან საერთოდ შევქმნა ის, ყოველ შემთხვევაში, ვცადო მაინც…

მით უმეტეს, თუ ბობ დილანის ჩახლეჩილ ხმას ჰარისონი აყოლებს გიტარას და ამ დროს ერთ ყლუპ ჩაისაც შეუშვებ სულში, მაშინვე გიპყრობს სურვილი, მთელი დაგროვილი ფერები ქაღალდზე გადმოღვარო, სანამ საბოლოოდ არ დაიცლები, რათა შემდეგ თბილი საღებავის ახალი ნაკადი შეუშვა გონებაში.

მოხეტიალე უილბურები* დროის დასასრულისკენ მიქრიან და ადამიანს უნებლიედ იმის შეგრძნება გიჩნდება, რომ შენც მათი ნაწილი ხარ, კიდევ ერთი უილბური, ცხოვრებაზე შეყვარებული და მშვიდობის მაძიებელი.

ერთი ადამიანი სამყაროს ვერ შეცვლისო, სრული სიცრუეა! მან პირველად მაშინ შეცვალა იგი, როცა დაიბადა და, სხვა რომ არაფერი ქნას, ოდესმე ხომ მაინც მეორედ შეცვლის მას, როცა ხელმეორედ დაიბადება?!

მე ცხოვრება მაშინ შემიყვარდა, როცა სრულებით სასოწარკვეთილი და ემოციებისგან დაცლილი, ღამის 12 საათზე ვცეკვავდი რკინიგზის სადგურის ბაქანზე  მას შემდეგ, რაც 11–საათიან რეისზე დავაგვიანე…

არასოდესაა გვიან სიცოცხლის დაწყება, მთავარია, მოინდომო. ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ რატომღაც ბევრს ეს ძალიან ხშირად ავიწყდება.

ჩვენ ვართ მსოფლიო!

ჩვენ ვართ სამყარო!

ჩვენ ბავშობიდან მოვდივართ და ბავშობაშივე ვაგრძელებთ ცხოვრებას!

ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს, რადგან არც არაფერი გაგვაჩნია საკუთარი თავის გარდა!

ჩვენ ახალი სამყაროს უმცროსი შვილები ვართ, რომელთაც ცვლილებების ქარი, უსაზღვრო ფანტაზია, დიდი ამბიციები, შავი 1991 და კიდევ უფრო შავი 2012 ამოძრავებთ!

ჩვენ არ ვცნობთ საზღვრებს, თუმცა ვერც ვცდებით მათ, რადგან საზღვარი ჩვენ თვითონ ვართ!

ჩვენით იწყება და მთავრდება სამყარო!

19 წლის წინ, როცა რკინის ფარდას ერთიმეორის მიყოლებით სცვიოდა სამაგრები, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ იქ, ფარდის მიღმა, მოხეტიალე მუსიკოსები მშვიდობას ქადაგებდნენ და რომ 19 წლის შემდეგ ჩვენ, ჩაბნელებული აღმოსავლეთის ცოცხალი შვილები, შევქმნიდით მომავალს;  როგორც უილბურები, ლურჯ–ყვითელ ავტობუსში** ჩავსხებოდით და გიგანტური რუპორით ჩავუბეჭდავდით ხალხს გონებაში იმედს!

იმედი, როგორც ფორთოხლიანი ჩაის მათრობელა არომატი,

ზოგისთვის მაღაზიაში 10 თეთრად ნაყიდი სიგარეტის ღერის ერთი ღრმა ნაფაზი,

ზოგისთვის ძველსიმებიან გიტარაზე აღებული ერთი აკორდი,

ზოგისთვის გახუნებულყდიან წიგნში ამოკითხული ერთი ფრაზა,

ზოგისთვის ცაზე მარტოხელა ვარსკვლავის პირველი ამოსუნთქვა,

ზოგისთვის ქუჩაში გამვლელი გოგოს ეშმაკური ღიმილი,

ზოგისთვის მიწისქვეშა გადასასვლელში მოსმენილი „Across The Universe”,

ზოგისთვის ერთი სიტყვა,

ზოგისთვის მთელი ცხოვრების აზრი, არის ის, რაც ჩვენ გვამოძრავებს, რაც უკან მოხედვის უფლებას არ გვაძლევს, რაც გვიბიძგებს ვიყოთ ის, რაც ვართ და აღმოვაჩინოთ ის, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ შეგვეძლო და უარვყოთ თვით ცნება „შეუძლებელი“!

და ისევ, ჩვენ ვართ სამყარო, მოხეტიალე უილბურებს აყოლილი თავზეხელაღებული მამაძაღლები და ოდესმე ალბათ ტარანტინო ჩვენც გვიწოდებს „უსახელო ნაბიჭვრებს“, რომლებმაც ისწავლეს ცხოვრება და სხვებსაც ასწავლეს.

თაობა, რომელმაც განავითარა ცნება „სიახლე“, დაამატა მას ბევრი იმედი, ბევრი ენთუზიაზმი, ცოტა გაბრაზება, ცოტაც ცრემლი (აუცილებლად სიხარულის), სიყვარულის დიდი დოზა და კოცნა გემოვნებით.

თაობა, რომელმაც იპოვა გზა სიცოცხლიდან სიცოცხლემდე სიცოცხლის გავლით!

თაობა, რომელმაც უბრალო საპნის ბუშტში მოათავსა მთელი მსოფლიო და მიანიჭა მას სულის სიმსუბუქე!

თაობა, რომელმაც დაამსხვრია ბოქლომები და გზა დაუთმო მათ, ვინც ჭეშმარიტად ღირსეული იყო!

თაობა, რომელმაც უბრალოდ მოინდომა, შეექმნა მომავალი!

თაობა, რომელმაც იგრძნო, რომ

„ძალიან კარგია, თუ ცხოვრობ და ეს გსიამოვნებს!

ძალიან კარგია, თუ აკეთებ ყველაფერს, რაც შეგიძლია!..

არა უშავს, თუ ვინმე არ გეთანხმება!

არა უშავს, რადგან ხანდახან საჭიროა იყო ძლიერი!“***

არა უშავს, რომ ფეხსაცმელი დაგესვარა, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, შენ ფეხსაცმელი მაინც გაქვს!

არა უშვს, რომ ცა მოღრუბლულია და ნაცრისფერი, რადგან შენ გაქვს უნარი, გახსნა მთელი პალიტრა და შენი ფანტაზიით მოხატო სამყარო!

შენ ხომ ჭეშმარიტი უილბური ხარ, ლურჯ–ყვითელი ავტობუსით და გიგანტური რუპორით! შენს შუქნიშანზე სამივე ფერი მწვანეა და ბილეთის კონტროლიორები იმისთვის ამოდიან, რომ ფერადი „ჩუპა–ჩუპსები“ დაგირიგონ! შენ ხომ არ გიწევს ამ ავტობუსში ვინმეს ადგგილი დაუთმო, რადგან აქ ადილი ყველასთვისაა!

ასე რომ, კომფორტულად მოეწყვეთ, მგზავრებო, თქვენი ლურჯ–ყვითელი ავტობუსი აგრძელებს სვლას წინ, სიცოცხლისაკენ!

*იგულისხმება 1988 წელს ჯორჯ ჰარისონის, ბობ დილანის, როი ორბისონის, ტომ პეტისა და ჯეფ ლეინის მიერ ჩამოყალიბებული მუსიკალური ჯგუფი “The Traveling Wilburys”, რომელმაც 1990 წლამდე იარსება.

**ლურჯ–ყვითელი ავტობუსი – Yellow–Blue Bus (იელოუ ბლუ ბას) დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც რუსულად  Я люблю вас (მე თქვენ მიყვარხართ).

***ეს სიტყვები პირდაპირი თარგმანია ჯგუფ The Traveling Wilburys–ის სიმღერიდან “End of  The Line” (ავტორის შენიშვნა).

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მშვიდობიანი საკითხავი and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to თავზეხელაღებული მამაძაღლები

  1. თინათინ ათინათი ამბობს:

    ააააააააააააა გიო!!! ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ახლა ისეთი ენერგიით ვარ სავსე, მეტი რომ არ შეიძლება!!!

    სულ ამას ვამბობ, წვრილმანებშია ბედნიერება… happiness is in the details 🙂

    კარგია, ასეთი ოპტიმისტი რომ ხარ 😀 მომეწონა yellow-blue bus 😀

  2. k cobra ამბობს:

    magariaaaa :D:D:D:D:D(Y)…….

  3. oboba ამბობს:

    უკაცრავად, 1 ყლუპი ფორთოხლიანი ჩაი, თუ შეიძლება…

  4. salolas ამბობს:

    განწყობა არის გასაგები,
    და თან ძალიან გადამდები…
    ჩემთვის ძალიან ნაცნობი…
    უაზროდ, უზომოდ საყვარელი!… : )

    შემომელექსასავით 😀

    p.s. ლურჯ-ყვითელი ავტობუსის იდეა მომეწონა! ❤ ❤ ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s