ჰიპი

დასაწყისი წინა პოსტში

ნაწილი პირველი – დასაწყისი

ეპიზოდი პირველი


–      არა, ნამცხვარი არ მინდა, დიეტაზე ვარ – თქვა და ჭრელი საწრუპიდან ხარბად მოქაჩა კოკა–კოლა – პრინციპში, სულ ეს არის, რაც უნდა მეთქვა, ახლა შეიძლება წავიდე?

„არა, ეს გოგო სულ გამაგიჟებს“ – გავიფიქრე: უკვე 2 საათი გავიდა, რაც ვცდილობდი,  რამდენიმე საინტერესო ამბავი დამეტყუა ჰიპი ბასთარდის შესახებ, მაგრამ არა და არ ტყდებოდა: გამომივიდა ესეც სახელმწიფო საიდუმლოს დამცველი რა… აშკარად რაღაცას ელოდა ჩემან; ქალაქგარეთ მოკრძალებული კაფე არ ეყო და სანამ Old Palace-ში ან რომელიმე სხვა „სვეტსკურ ზავიძენიეში“ არ დავპატიჟებდი, ალბათ მეტს სიტყვასაც არ დაამატებდა თავის უკვე მოყოლილ ამბავს, რომელიც თავიდან ბოლომდე მის სასიყვარულო თავგადასავლებსა და მსოფლიოს გარშემო არშემდგარ მოგზაურობას ეხებოდა, რომელზეც, როგორც ამბობდა, ძალიან სწყდებოდა გული.

რას იზამ, საქმე მსხვერპლს მოითხოვს, ჰოდა უკანასკნელი ძალ–ღონე მოვიკრიბე, ჩემს გულს, წუთში 200 დარტყმას რომ აკეთებდა, ყური აღარ ვათხოვე და რაც შეიძლებოდა, თავდაჯერებული მამაკაცის ხმით წარმოვთქვი:

–      ისა, კარგი, დღეს მოვრჩეთ და… ისა, არ გინდა, ხვალ Old Palace-ში გავაგრძელოთ ინტერვიუ?

ამ სიტყვებზე თვალწინ ჩემი ბოლო 76 დოლარი და 55 ცენტი წარმომიდგა, ასე საცოდავად და მარტოსულად რომ გამოიყურებოდნენ ჩემსავე 2–დოლარიან საფულეში, მაგრამ, რაც მთავარია, ხერხმა გაჭრა: ჩემი ქერათმიანი რესპონდენტი ლამის სკამიდან წამოხტა ამის გაგონებაზე:

–      Old Palace? ხვალ? რომელ საათზე? სად შევხვდეთ? ადგილებს დღესვე დაჯავშნი, თუ ხვალ შევუკვეთოთ? მხოლოდ ჩვენ 2–ნი ვიქნებით თუ…

–      არა, მელ, ნინა არ წამოიყვანო, ვიცი, შენი უახლოესი მეგობარია და ძალიან უყვარს ეგეთი „ზესვეტსკი“ ადგილები და ერთი სული აქვს, თავის „დოლჩე და გაბანას“ 170–დოლარიან ჩექმებს როდის გაამარიაჟებს, რომელიც იტალიიდან გამოუგზავნა ბიცოლამისმა, რომელიც იქ უკვე 10 წელია ცხოვრობს და ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ კომპანიაში მუშაობს ბუღალტრის ასისტენტად და ცოტა ხანში ალბათ ბუღალტრობამდეც დააწიაურებენ…

–      მოიცა, შენ საიდან იცი ეს ყველაფერი?

–      ნახევარი საათის წინ მითხარი, როცა ინტერვიუს მაძლევდი.

–      უი, მართლა? ე.ი. ნინას ვერ წამოვიყვან? არა უშავს, გამიგებს: ვეტყვი, რომ სიმპათიურ ბიჭთან მაქვს პაემანი და არ ეწყინება.

ბოლო სიტყვები ჩემმა ქერათმიანმა რესპონდენტმა განსაკუთრებით გაწელილად და ნაზად წარმოთქვა და ლამის გული ამერია, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, საქმე მსხვერპლს მოითხოვს.

ნეტა რა საქმე ჰქონდა ჰიპი ბასთარდისნაირ ადამიანს ასეთ გამოტვინებულ ქერა ნაშოჩკასთან?! ვფიქრობდი და ვუყურებდი, როგორ აცარიელებდა კოკა–კოლის, მგონი, უკვე მე–10 ჭიქას და ამასთან ერთად ჩემს ჯიბეს.

–      სიგარეტი ხომ არ გაქვს? – მკითხა.

–      არა… პრინციპში აქ მოწევა მაინც არ შეიძლება…

–      უი, მართლა? ისე შენ არ ეწევი ხო? ჰიპიც არ ეწეოდა… ნუ, ხშირად არ ეწეოდა… ამბობდა ფილტვის ანთება თუ რაღაც იცისო: ა, ჰო, ფილტვის კიბოო, მაგრმ მე მაგის არ მჯერა… ერთხელ, მორიგი მომაკვდინებელი სექსის შემდეგ რაღაც მოსაწევი გაჩითა, პირველ ნაფაზზე ლამის დავიხრჩვი, მაგრამ 2 წუთში ისე გავხდი, მეგონა ჭერზე ყვავილები ამოდიოდნენ და ჰიპის ვეუბნებოდი, გინდა თუ არა დამიკრიფე მეთქი… ისა, ჰო, მართლა, ხვალ რომელ საათზე გნახო? აუ, მითხარი რა, რა ჩავიცვა? მაინც Old Palace–ა, ბილ ბენსონი, ჯიმი ჯონსი, ფილ უაითი… ყველანი იქ იქნებიან: ამბობენ, მანდ ათენებენ და აღამებენო… აუ, რა მაგარია, ხვალ მეც მანდ ვიქნები… ეეეეეეე, მაგარი იდეა მომივიდა: გინდა დღეს საღამოსვე წავიდეთ? ჰა? ხო მაგარი იქნება? წავიდეთ, გინდა?

„ო, ღმერთო, ეს ვისთან დავიჭირე საქმე… ყელამდე მიწაში დავიმარხო, თუ აწი ეგეთ ვინმესთნ ვიქონიო ურთიერთობა!“  ვგრძნობდი, ნელ–ნელა ნერვები მეშლებოდა, მაგრამ მინიმუმ 2 დღით მაინც უნდა გამეძლო, რადგან ამ გოგომ ძალიან ბევრი რამ იცოდა ჰიპის პირადი ცხოვრების შესახებ. ეჰ, არადა თავიდან ისე დაიწყო, მეგონა გუდას თავს მოხსნიდა და ჩემი 76 დოლარი და 55 ცენტიც, რომელსაც მეორე დღეს სავარაუდოდ 1 ჭიქა კოქტეილი ან რამე მსგავსი შეიწირავდა, ჩემსავე 2–დოლარიან საფულეში დარჩებოდა. მაგრამ ჩემი იმედები თავიდანვე ჩაფუშვისთვის იყო განწირული, ამიტომ ისევ ჩემს ქერათმიან რესპონდენტს მივუბრუნდი, რომელიც, რაღაც ჯანდაბად, ჭიქაში ჩარჩენილ ყინულის ნაჭრებს სიგარეტის კოლოფში აწყობდა:

–      არა, იცი, მელ, დღეს არა, ხვალ ჯობია, უფრო წყნარად ვიქნებით, დილის 10 საათზე გაწყობს? – ეს 10 საათი იმიტომ შევარჩიე, რომ მაგ დროს კლუბში არც ბილ ბენსონი იქნებოდა, არც სხვა რომელიმე დაპუტულწარბებიანი ბიჭუნა, რომელიც ჩემს ქერათმიან რესპონდენტს ინტერვიუდან ყურადღებას გადაატანინებდა.

–      მაგ დროს ბილ ბენსონი, ჯიმი ჯონსი და ფილ უაითი მანდ იქნებიან?

–      აუცილებლად, მელ.

–      მაშინ 10 საათზე Old Palace-სთან. ჩემს ახალ ვერსაჩეს კაბას ჩავიცვამ… აუ, არა, ისე, ნინას ხო არ ვეთხოვო თავისი ჩექმები? მათხოვებს? კი, მათხოვებს, ძალიან ვუყვარვარ… თავ თუ ვეტყვი, რომ სიმპათიურ ბიჭთან ერთად მივდივარ პაემანზე…

და ბოლო წინადადებაზე ისევ ძლივს შევიკავე თავი, რომ იქვე, მაგიდაზე არ გადმომეშვა შადრევანი…

–      კარგი, მელ, ხვალ შევხვდებით, ოქეი?

–      აჰა, ხვალ, 10 საათზე Old Palace–სთან… რა–მა–გა–რი–ა… ვიკი და ლუნა შურით გასკდებიან.

–      მელ, მელ, მომისმინე, ხვალამდე კარგად გაიხსენე ჰიპიზე რაღაც–რაღაც ისტორიები, კარგი?

–      კი, კი, აბა, რა, რათქმა უნდა, ჩვენ ხომ ინტერვიუ გვაქვს, აბა რა…

„უუუუხ, ნერვებს მიშლის ეს გოგო. ხვალ თუ ისევ თავისი სულელური ისტორიები დამიწყო, მერე მე ვიცი! რა ტყუილად დავხარჯე 10 დოლარი ამის უტვინო თავის გაგრილებაში!“ – ფიქრებიდან ისევ ჩემი ქერათმიანი რესპონდენტის წრიპინა ხმამ გამომაფხიზლა:

–      ისე, ხომ არ გაგვესეირნა, სადმე?

„ვაი, ამან სულ გააფრინა, მემგონი!“

–      არა, მელ, დღეს არ გამოვა – ვუთხარი და პალტოს ჩაცმა დავიწყე, – ბევრი საქმე მაქვს: ხვალ შევხვდებით 10 საათზე.

–      ეჰ, დასანანია, მაგრამ არა უშავს, ხვალ Old Palace-ში მივდივართ, რა–მა–გა–რი–ა!

ამ სიტყვებზე წამოდგა, თავისი რაღაც ბეწვიანი უბედურება მოიცვა, ნახევრად სავსე თუ ნახევრად ცარიელ კოკა–კილის ჭიქას ხელი დაავლო და ისე შემომხედა, აშკარად ელოდა, რომ კარებს გავუღებდი. მეც, რა მექნა, საქმე მსხვერპლს მოითხოვს, ჰოდა, კარგი ჯენტლმენივით ფართოდ გამოვუღე ხის შავი მძიმე კარი, რომელიც ისე ყურისწამღებად ჭრიჭინებდა, რომ მგონი 100 წლის წინ იყო დაკიდებული.

***

გაგრძელება შემდეგ პოსტში

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მშვიდობიანი საკითხავი, ჰიპი ბასთარდი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s