ჰიპი

დასაწყისი წინის წინა და იმის წინა პოსტებში 🙂

***

–      ერთი კოქტეილი „ვირჯინ ბლად სოუსი“ და ერთი ნაჭერი შოკოლადის ნამცხვარი ნაყინით თუ შეიძლება  – მენიუსთვის არცკი დაუხედავს, ისე მიახალა მიმტანს ჩემმა ქერათმიანმა რესპონდენტმა: აშკარად რომელიმე დაქალუშკასგან იცოდა გადმოცემით, „Old Palace–ში ეგ ყველაზე „დაცემა“ კოქტეილიაო“, და ნამცხვარი… ნუ, მაგაზეც მოჰკრავდა სადმე ყურს…

–      მდა… გუშინ, როგორც მახსოვს, დიეტაზე იყავი, არა?

–      დიეტაზე? გუშინ? ა, ჰო, მაგ დიეტას ამ დილით მოვრჩი, როცა კლუბში ინტერვიუზე მოვდიოდი… შენ არ შეუკვეთავ რამეს?

–      კი, კი, აბა რა… აბა ვნახოთ რა გვაქვს… კოქტეილები: Sex with virgin, Virgin goes crazy, Sweet virginity… ფუ რა საზიზღრობაა!

–      – ერთი ჭიქა წყალი მომიტანეთ, თუ შეიძლება, გაზიანი… არა, ერთი წუთით (მენიუში გაზიანი წყლის გასწვრივ ორ მომაკვდინებელ ციფრს მოვკარი თვალი, რა უბედურებაა!), უგაზო იყოს, გაზიანი კუჭს ერჩისო და…

–      მარტო წყალი გინდა?

–      აჰა, მარხვაზე ვარ.

–      მოიცა, აბა გუშინ კოკა–კოლა რატომ დალიე?

–      იცი, მარხვა დღეს დაიწყო, სწორედ მაშინ, როცა კლუბში ინტერვიუზე მოვდიოდი…

ჩემმა ქერათმიანმა რესპონდენტმა, ეტყობოდა კარგად ვერ გაიგო, რაც ვუთხარი და აშკარად ჩაძიებას აპირებდა, მაგრამ იმ წამს უფრო მნიშვნელოვანმა აზრმა გაუელვა თავში და, რა თქმა უნდა, მაშინვე გადმოაფრქვია:

–      ჰეი, აქ რაღაც ძალიან სიწყნარეა… მემგონი მარტო ჩვენ ვართ… ბილ ბენსონი, ჯიმი ჯონსი და ფილ უაითი არ იქნებიან?

–      იქნებიან, მელ, აუცილებლად იქნებიან, გუშინ პირადად ველაპარაკე ფილს და მითხრა, 11 საათისთვის მოვალო. მანამდე არ გინდა, ცოტა რამ მომიყვე ჰიპის შესახებ? რაც იცი…

–      აააა, ანუ მალე მოვლებნ? რა–მა–გა–რი–ა…

–      მელ…

–      ჰო, ჰო, მესმის, აუცილებლად, მოგიყვები, აბა რა, ჩვენ ხომ ინტერვიუზე ვართ…მომისმინე, გაზეთში ჩემი სურათი არ იქნება? ტელევიზორში არ მაჩვენებენ? აუ, ვიკი და ლუნა მართლა შურით გასკდებიან…

–      მელ…

–      ჰო, გიმენ…

მოკლედ, ამის მერე კარგა ხანს მომიწია ჩემს ქერათმიან რესპონდენტთან სიტყვების გაცვლა–გამოცვლა: მე ჰიპიზე ვახსენებდი, ის თავისას მიერეკებოდა, მერე ისევ ვახსენებდი, ის ისევ მიერეკებოდა და ასე დაუსრულებლად, სანამ მაგიდაზე ჩემთვის წყალი და იმისთვის „ვირჯინ ბლად სოუსი“ და შოკოლადის  ნამცხვარი არ დაიდო. მემგონი, ზუსტად ამას ელოდა, უდნოდა დარწმუნებულიყო, ეს ყველაფერი სიმართლე იყო თუ უბრალოდ ინფორმაციის დატყუებას ვცდილობდი. ნამცხვრიანი თეფში ახლოს მიჩოჩა, ნახევრადგამჭვირვალე შავი სვიტერის სახელოები ცერა და საჩვენებელი თითის „სვეტსკური“ კომბინაციით იდაყვებამდე აიწია, შეღებილი ქერა თმები დემონსტრაციულად მხრებს უკან გადაიყარა, და… ო, ღმერთო! დანა–ჩანგალი მოიმარჯვა ბამბასავით რბილი ტორტის დასაჭრელად!

პირველი ლუკმა დიდი ნეტარებით გადაუშვა ხახაში, შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე და მეგონა, ხმას არ ამოიღებდა, მაგრამ ჩემდა გასაოცრად უცებ ყველაფერი შეიცვალა. მელმა დანა–ჩანგალი თეფშზე დააწყო, „ვირჯინ ბლად სოუსი“ უხმაუროდ მოსვა, ბრჭყვიალა შარფი კისრიდან მოიხსნა, სკამზე გადაკიდა, ჩანთიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, წარწერით „მოწევა კლავს“, მერე საიდანღაც სანთებელა გამოჩეკა, ნელა მოუკიდა, ერთი მძლავრად მოქაჩა და მშვიდი, აუღელვებელი ხმით დაიწყო, ზუსტად ისე, ძალიან რომ ნერვიულობენ, მაგრამ არ უნდათ, გამოაჩინონ.

***

–      მე და ჰიპი ბავშვობიდან ვმეგობრობდით…  ( აი ეს უკვე საინტერესოდ ჟღერდა!)

როცა მამაჩემმა დედა მიატოვა, მაშინ 8 წლის ვიყავი, საცხოვრებლად სამხრეთში, ერთ პატარა სოფელში გადავედით. სწორედ იქ გავიცანი ჰიპი: ბინა მათი სახლის გვერდზე ვიქირავეთ. ტაქსიდან ჩამოვედით თუ არა, წარმოდგენა არ მაქვს, თავში რატომ მოუვიდათ, ისიც და მისი მშობლებიც იქვე გაჩნდნენ, ჩვენი ჩემოდნები დაითრიეს და სახლამდე მიგვატანინეს. მაშინ ჰიპი 10 წლისა იყო… ნაბიჭვარი, იმ დღეს დამადგა თვალი და მანამ არ მეშვებოდა, სანამ 5 წლის მერე თავისას არ მიაღწია და ლოგინში არ ჩამიწვინა.

ჰიპის მამა, მისტერ ტედი, მღვდელი იყო, სოფლის ეკლესიაში ატარებდა წირვებს და საოცრად კარგად ქადაგებდა, დედა კი, მისის ლინდა, მთელ დღეს სახლში იჯდა, უგემრიელეს ღვეზელებს ამზადებდა და დედაჩემთან ჭორაობდა ხოლმე.

საერთოდ, ძალიან კარგი ოჰჯახი ჰქონდა: ზუსტად ისეთი, მე რომ ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ, თვითონ დიდად კმაყოფილი ვერ იყო. ალბათ ამიტომაც გამოიცვალა სახელი და 8 წლისამ ჰიპი ბასთარდი დაირქვა. მგონი მაგის ნამდვილი სახელი და გვარი მამამისის გარდა არავინ იცის… წარმოგიდგენია, მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ, საათი არ გავიდოდა, რამე სისულელე არ ჩაედინა და თავში ერთხელაც არ მომსვილია მისთვის ნამდვილი სახელი მეკითხა: ალბათ სხვებიც ასე იყვნენ, ამიტომაც, მეგობრები ჰიპის ეძახდნენ, მტრები –  ბასთარდს. უცნაურია…

ამდენი ხნის განმავლობაში ჰიპის თუ არა, მისტერ ტედის ან მისის ლინდას გვარისთვის სადმე მაინც უნდა მომეკრა ყური, მაგრამ… რაღაც უცნაურობაა არა?..

ისე, გაინტერესებს რასაც გიყვები? ჰა? თუ გინდა შევწყვეტ…

–      არა, მელ, ხუმრობ? გააგრძელე, ძალიან მაინტერესებს.

მელმა თავისი „ვირჯინ ბლად სოუსი“ ერთხელაც მოსვა და განაგრძო:

–      მოკლედ, ძალიან უცნაური ოჯახი იყო, მაგრამ მაინც ყველას უყვარდა: წარმოგიდგენია, ერთხელ, რაღაც ჯანდაბად, ჰიპის სკოლაში ფანჯრის მინის ჩამტვრევა დააბრალეს. დააბრალეს რა, დაიბრალა: მაგის ორმა კლასელმა გოგომ დასვენებაზე თმებით ითრია ერთმანეთი და იმდენი ჩხუბეს და იტრიალეს, ორივემ ერთდროულად წყვიტა თავი ფანჯარას (კარგად გადარჩნენ, ნაკაწრიც არ ეტყობოდათ); ჰოდა, როცა მასწავლებელი შემოვიდა ცნობილი ფრაზა წარმოთქვა, დამნაშავე თვითონ გამოტყდეს და არ დავსჯიო (ყველაზე დიდი ტყუილი), ეგ უტვინო გოგოები რის ამღიარელები იყვნენ,  ჰიპიმაც არ დააყოვნა, წამოდგა და – მაპატიეთ, ეს მე გავაკეთეო –  წამოროშა…

ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ როცა ამ ამბის მერე  ჰიპის სახლში სკოლის იურისტი დაადგა  ჯარიმის გამოსაწერად და კარები მისტერ ტედიმ გაუღო, იმ საცოდავს ეგონა, კარი შემეშალა, ეგ კაცი მაგ ხულიგნის მამა არაფრით არ იქნებაო, საბოლოოდ კი ჯარიმის მაგივრად სიტყვიერი საყვედურით შემოიფარგლა.

სკოლაში ჰიპი ან უყვარდათ, ან ვერ იტანდნენ. მასწავლებლებიც ასე იყვნენ და ბავშვებიც: ერთხელ, 12 წლის რომ იყო,  ჰიპიმ წარმოუდგენელი რამ გააკეთა: ერთ მასწავლებელს საშინლად ეჩხუბა საკონტროლო წერის ნიშანზე…

–      წარმოუდგენელი რატომ? არა მგონია ჰიპი ბასთარდი სკოლაში ასეთი ისეთი წყნარი ბავშვი ყოფილიყო, ვინმეს მაგის ჩხუბი გაკვირვებოდა.

–      საქმე ჩხუბი არაა, მთვარია, რაზე იჩხუბა. შენ ალბათ ფიქრობ, ნიშანზე ჩხუბი რა დიდი გმირობააო… ჰმ, იმ დღეს ჰიპიმ საკონტროლოში უმაღლესი შეფასება მიიღო, არადა ერთი საკითხი საერთოდ არ ეწერა: უბრალოდ მასწავლებელს აბოდებდა მასზე. ჰიპი კიდევ ადგა და მანამ არ მოისვენა, სანამ ნიშანი არ დააკლებინა. ჰო, ვიცი, იდიოტია, ყოფილიყო თავისთვის, ვინ რას მიხვდებოდა , მაგრამ მაგას თავისი პრინციპები ჰქონდა. პრინციპებს კიჰიპი ბასთარდმა მარტო ერთხელ უღალატა…

ვაი, ვაი, ვაი, შეხედე ვინ შემოვიდა! ფილ უაითი! ფილი, ფილი, ფილი! აუ, ამას რო ნინა გაიგებს… გაგიჟდება სხარულისგან! რა–მა–გა–რი–ა!

მივხვდი, რომ აწი საუბრის გაგრძელების ცდა ამაო იქნებოდა. რაღა მაინცადამაინც ინტერვიუს ყველაზე საინტერესო ადგილას მოუნდა იდიოტ დაბერილტუჩებიან ბარბი-ბიჭუნას კლუბში შემოსვლა და ჩვენი საუბრის შეწყვეტა. ჩანდა, ჩემი და ჩემი ქერათმიანი რესპონდენტის ურთიერთობა კიდევ ცოტა ხნით გაიწელებოდა… რას იზამ, საქმე მსხვერპლს მოითხოვს: ამ გოგოს აშკარად იმაზე მეტი ჰქონდა მოსაყოლი, ვიდრე თავიდან მეგონა. ჰოდა ისევ მოვიკრიბე ძალ–ღონე, რაც შეიძლება თავდაჯერებული მამაკაცის სახე მივიღე და დიდმნიშვნელოვნად წარმოვთქვი:

–      იცი, მელ, ვიფიქრე… მელ?

ღმერთო ჩემო, ყელამდე ორმოში დავიმარხო, თუ ასეთი რამ ოდესმე მენახოს: მელი სიგარეტის კოლოფითა და ფანქრით ხელში გარბოდა ფილ უაითისთვის ავტოგრაფის გამოსართმევად!

როცა დაბრუნდა, ისეთი კმაყოფილი და აღფრთოვანებული სახით იცქირებოდა, გეგონებოდათ, ორი წამის წინ საოცარი ფრთებისშემსხმელი ორგაზმი ჰქონდაო. მეც დავაცადე, სანამ ეიფორიიდან გამოვიდოდა, მერე კი თავისი ჯერ დაუცლელი „ვირჯინ ბლად სოუსი“ უფრო ახლოს მივუჩოჩე:

–      დალიე, დამშვიდდები.

–      რა–მა–გა–რი–ა!

–      ჰო, მელ, ძალიან მაგარია, ძალიან. იცი…

–      მადლობა.

–      რისთვის?

–      იმისთვის, რომ ოცნება ამისრულე.

–      ასე ძალიან გინდოდა „ვირჯინ ბლად სოუსის“ დალევა?

–      არა ამ კოქტეილის დედაც… შენ ხარ პირელი, ვინც ჭეშმარიტ ბედნიერებას მაზიარა, Old Palace–ში დამპატიჟა და შანსი მომცა ფილ უაითი ახლოდან მენახა.

ვაი! ეგ გოგო სულ გაგიჟდა… ნეტა გენახათ, რა სახით ლაპარაკობდა: თვალები სადღაც შორს, 45 გრადუსით მაღლა იყურებოდნენ, ნაკვთები ოდნავადაც არ უტოკავდა, მხოლოდ პირს აცმაცუნებდა ლაპარაკის დროს. რა მოსწონთ ამ ქალებს ტრაკიქნევია ბიჭუნებში, არ მესმის!

–      არაფრის, მელ, რა სალაპარაკოა. იცი, ვიფიქრე, ინტერვიუს მოვრჩით, მაგრამ არ ღირს ჩვენი ურთიერთობის აქ დამთავრება (თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიჭირდა ამ სიტყვების თქმა) და…

–      და?…

–      და, ისა… არ გინდა ჩემთან სახლში ავიდეთ? ძალიან მაგარ…

–      მოსაწევს გაჩითავ?

–      მდა… დასალევს უეჭველად.

–      სიტყვაზე გიჭერ.

და ჩემმა ქერათმიანმა რესპონდენტმა ისეთი თვალებით შემომხედა, მეგონა იქვე, მაგიდასთნ ცხოველივით გამაშიშვლებდა.

რას  იზამ, საქმე მსხვერპლს მოითხოვს.

***

გაგრძელება შემდეგ პოსტში

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ჰიპი ბასთარდი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s