ჰიპი

პირველი თავის დასასრული. დასაწყისი იხ. წინა პოსტებში

***

როცა დილით გავიღვიძე, ერთი კი მოვავლე ოთახს თვალი და ჩემი ქერათმიანი რესპონდენტი რომ ვეღარსად დავინახე, პირველი თავში რაც მომივიდა, კარგი ჯიგრული გინება იყო. გადამაგდო!

ისე, წინა ღამის შემდეგ უკვე აღარ ვიცოდი, რაზე მწყდებოდა გული: ჩემს გაფრენილ ინტერვიუზე, თუ გაფრენილ ქალზე! „ღმერთო ჩემო, ყელამდე მიწაში… არა, ტალახში… არა, ნეხვში… ჰო, ნეხვში ჩავიმარხო, თუ ეგეთი რამე ცხოვრებაში განმეცადოს. ეს ვინ ყოფილა! ამაზეა ნათქვამი, ქალს ტანსაცმელი მაშინ უხდება, როცა არ აცვიაო. ნუ, რა თქმა უნდა, მეც არ ვიყავი ნაკლები, თავი ნამდვილად არ შემირცხვენია, მაგრამ მელი? ო! მელი! სად ჯანდაბაში მოუნდა წასვლა ამ დილაუთენია? ჯანდაბა! მე ხომ ბევრ…“

–      ჰეი, უკვე გაიღვიძე?

–      მელ, აქ ხარ?

–      არა, საყვარელო, სააბაზანოში.

ო, ღმერთო! საყვარელოო! აი სად დამერხა!

–      რა საყვარელი ხარ მელ, ყავა არ გინდა?

–      არა, რამე მაგარი მირჩევნია.

„ლოთია ეს გოგო“ – გავიფიქრე.

–      წითელი ღვინო?

–      მმმ… ლა–ლალა–ლააააააა–ლალა–ლააააააა…

სანამ მელი აბაზანაში ტკბლხმოვან მელოდიებს ღიღინებდა, მე სამზარეულოში გავედი, რომ ინტერვიუსთვის მაქსიმალურად შესაფერისი გარემო შემექმნა. მელისთვის ღვინო დავასხი, ჩემთვის ყავა და ჩემი ქერათმიანი რესპონდენტიც, ჩემსავე ხალათში გახვეული, ოთახში ფეხაკრეფით შემოვიდა.

–      დილა მშვიდობის.

–      შე ნაბიჭვარო!

ვიცოდი, ეგ სიტყვები მელისგან კომპლიმენტად უნდა მიმეღო, ჰოდა, სიამოვნების ნიშნად, რაც შემეძლო, გულწრფელად გავიღიმე.

–      იცი, მომეწონე –  უჩვეულოდ სერიოზული სახით მითხრა ჩემმა ქერათმიანმა, აწ უკვე ქალმა.

–      …

–      ეგეთ კარგ პონტში ბოლოს ზუსტად 4 წლის წინ ვიყავი. მაშინ ჯერ კიდევ ჰიპისთან ვიწექი… ძაან მაგარი იყო… შენც მაგარი ხარ.

არ ვიცი, რა რეაქცია უნდა მქონოდა იმაზე, რომ ჰიპისთან, ასე ვთქვათ, სექსუალურ ასპექტში შედარბის პატივი მერგო, მაგრამ იმისთვის, რომ ამბის გუდა რომ მალე არ დახურულიყო, რაც შეიძლებოდა, ნასიამოვნები ადამიანის სახე მივიღე.

–      მართლა მელ? –  მაგრამ მელს, ეტყობოდა, სულ არ აინტერესებდა ჩემი რეაქცია: ისევ ისეთი უემოციო, გაყინული სახე ჰქონდა და 45–გრადუსიანი კუთხით იყურებოდა სადღაც უშორეს წერტილში, როგორც გუშინ, ფილ უაითთან შეხვედრისას.

– პირველად რომ ლოგინში შემიტყუა, 13 წლის ვიყავი, ის 15–ის იყო. სკოლაში გოგოებს ძაან მაგრად ევასებოდათ, ყველას მაგაზე აბოდებდა, მაგრამ მაგას ყველა ფეხებზე ეკიდა. მე კიდევ ამის გამო ყოველთვის შარში ვიყავი ხოლმე: ერთად რო დავდიოდით, სკოლელ გოგოებს ჰიპის ქალი ვეგონეთ და ყოველდღე რაღაც უბედურებებს მიჩალიჩებდნენ. ერთხელ ერთმა იდიოტმა, ჰანა სიმონსმა, კიბეზე, ვითომ შემთხვევით, ხელი მკრა და ლამის კისერი მომატეხინა. მართალია, მერე მეც მაგრად გავუჩალიჩე და თმებზე ცეცხლი წავუკიდე, მაგრამ შედეგად მაინც მე დავზარალდი:.. „არაეთიკური საქციელის გამო“ სკოლიდან გამრიცხეს და მხოლოდ მას შემდეგ აღმადგინეს, რაც მისტერ ტედი თავდებში დამიდგა.

–      მისტერ ტედი, ჰიპის მამა არა?

–      ჰო, ძალიან კარგი ადამიანი იყო. ეგეთი ცხოვრებაში არავინ შემხვედრია.

–      შენ, მგონი, ჰიპის მამა იმაზე მეტად გიყვარს, ვიდრე თვითონ ჰიპის.

–      ჰმ! ჰიპის? მაგისთვის რო გეკითხა, მამამისს ვერ იტანდა, მისი ლაპარაკი ნერვებს უშლიდა: აბეზარ მოხუცს ეძახდა ხოლმე, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ მამამისის უდიდესი ფანი იყო. უბრალოდ რცხვენოდა ამის გამხელის.

–      ასე გგონია?

–      მგინია კი არა, ეგრეა! ჰიპი ყოველთვის უზომოდ ეგოისტი იყო, ნამდვილი თვითდაჯერებული ვირი! უბრალოდ არ უნდოდა იმის აღიარება, რომ მასზე ვინმე ახდენდა ზეგავლენას. ასეთი ადამიანი მარტო ერთი იყო… ნუ, თავიდან… მამამისის სიტყვები ყოველთვის ძალიან მოქმედებდა მასზე, თუმცა არცერთხელ ეს არავისთვის უთქვამს.

–      მოიცა, მოიცა: „ეგეთი ადამიანი მარტო ერთი იყო, ოღონდ თვიდანო“… და შემდეგ ვინ იყო?

–      კარგი, აღარ მინდა მგაზე ლაპარაკი.

–      მელ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მითხარი რა, ვინ იყო, შენი აზრით ადამიანი, ვისაც ჰიპი მამამისზე მეტ პატივს სცემდა?

–      შენც ჰიპისნაირი ნაბიჭვარი ხარ რა… მაგანაც ეგეთი ჩაციება იცოდა ხოლმე: თუ რამე აინტერესებდა, შანსი არ იყო, არ გამოეტყუა. იყო ერთი ნაბოზარი… ელიზა ერქვა, გვარი არ ვიცი: მე რომ დამშორდა, ორი წლის მერე გაიცნო. მეტი არაფერი მკითხო, მაინც არ გიპასუხებ. –  და ჩემმა ქერათმიანმა რესპონდენტმა სამი ჭიქა ღვინო ზედიზედ დაცალა.

–      სიგარეტი მინდა, ჩემი ჩემი სიგარეტი სად არის?

–      შენ უკან, მაგიდაზე.

მელმა ერთი ღერი ამოიღო, კარგა ხანს ისე უსვამდა თითებს, გეგონებოდათ, ეფერებაო, მერე პირში ჩაიდო და ის იყო, უნდამოეკიდებინა, რომ მომიბრუნდა და მითხრა:

–      შენთან ერთი თხოვნა მაქვს. ჩათვალე, რომ ეს გასამრჯელოა ინტერვიუსთვის.

ო, ღმერთო გასამრჯელო ინტერვიუსთვისო! აბა ჩემი საცოდავი 76 დოლარი და 55 ცენტი ვისი უტვინო სურვილების ასრულებას მივახარჯე?! მაგრამ, რას იზამ, საქმე მსხვერპლს მოითხოვს.

–      რა თხოვნა მელ?

–      ერთი უბრალო პატარა თხოვნა.

–      ჰა, გისმენ…

–      შეგიძლია ერთი კოვზი მაჩუქო?

წარმომიდგენია ამ თხოვნაზე როგორი სახე მქონდა: ყველაფერს მოველოდი, მაგრამ კოვზის ჩუქება? მგონი მომესმა, აშკარად სხვა რამე მთხოვა.

–      რა გაჩუქო?

–      კოვზი, კოვზი მაჩუქე. ერთი კოვზი, თუ შეგიძლია…

–      რად გინდა, მელ, კოვზი?

–      შეგიძლია თუ არა, მაჩუქო?

–      …

ძალიან დავიბენი: უსიტყვოდ მივბრუნდი, უჯრიდან ერთი კოვზი ამოვიღე და მელს გავუწოდე. უნდა გენახათ, როგორი გახარებული სახე ჰქონდა: ფრთხილად გამომართვა, ცხვირწინ დაიკავა, ხელში კარგა ხანს ატრიალა, მერე აკოცა და… ჩემი ნაჩუქარი კოვზი გადაღუნა.

–      დიდი მადლობა.

–      მადლობა კოვზისთვის?

–      ჰო, კოვზისთვის და იმისთვის, რომ მთელი ცხოვრების ოცნების ასრულების საშუალება მომეცი.

–      კოვზის გადაღუნვა იყო შენი მთელი ცხოვრების ოცნება?

–      ჰო. იქნებ შენ ეს სასაცილოდ მოგეჩვენოს, მეტიც, სისულელედაც, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვიცი, განა არ ვიცი, რომ სისულელეა კოვზის გადაღუნვაზე ოცნება, მაგრამ, აღიარე, შენც ხომ გაქვს რაღაც ასეთი უაზრო ოცნება, რომელიც ბავშვობიდან მოგყვება და ნებისმიერ მომენტში შეგიძლია, აისრულო, მაგრამ ამას მარტო იმიტომ არ აკეთებ, რომ გრცხვენია: ეს ხომ სულელური ოცნებაა. მაგრამ იცი, ხნდახან ასეთი მარტივი რაღაცები აბედნიერებენ ადამიანს. ვიცი, შენ ერთი სულელი, თავქარიანი გოგო გგონივარ, და, მგონი, მართალიც ხარ, მაგრამ რომ იცოდე, ამ კოვზის გაღუნვამ როგორი შვება და სიხარული მომცა, შენც უბრალოდ ადგებოდი და იმ უაზრო ოცნებას აისრულებდი, რომელიც, დარწმუნებული ვარ,გაქვს.

გაჩუმებული ვუსმენდი, არ ვიცოდი, რა მეთქვა, უბრალოდ ვიჯექი და ვუსმენდი. ის კი ადგა, ჩემს ოთახში შევიდა, 5 წუთში უკვე ჩაცმული გამოვიდა იქიდან და მომიბრუნდა:

–      მიუხედავად, რომ შენც თვითდაჯერებული ვირი ხარ, მაინც სასიამოვნო იყო შენთან გატარაებული სამი დღე.

–      მიდიხარ მელ?

–      ჰო, აბა გეგონა, სამუდამოდ აქ დავრჩებოდი? მაპატიე, მაგრამ ჩემს გემოვნებაში არ ჯდები: არა, იეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სიმპათიური არ ხარ, ან რამე, უბრალოდ ისეთი ტიპი ხარ, ერთი ღამის გატარება რომ შეიძლება და მეტი არაფერი. გული არ დაგწყდეს, ოქეი? ამას ცუდ პონტში არ გეუბნები.

ე, ერთი ამას უსმინეთ, გული არ დაგწყდესო! მემგონი ჰგონია, რომ შემიყვარდა, ან მე ვაპირებდი მაგასთენ ერთ ღამეზე მეტის გატარებას. ჩემს ადგილას ვინმე ერთი კარგად შეუკურთხებდა, მაგრამ მე, მართალი გითხრათ, ეგეთი რამეების მოყვარული არ ვარ და ისევ, რაც შეიძლებოდა მშვიდად, თავში დარწმუნებული მამაკაცის ხმით ვუპასუხე:

– გასაგებია. ანუ მიდიხარ. – და ამ სიტყვებზე წამოვდექი და კარისკენ წავედი. ჩემი ქერათმიანი რესპონდენტიც გამომყვა.

– მელ, კინაღამ დამავიწყდა: გახსოვს, გუშიმ Old Palace-ში რომ მითხარი, ჰიპი ბასთარდმა თავის პირნციპებს მარტო ერთხელ უღალატაო?

– მახსოვს, მერე?

– რა მერე, მელ, მაინტერესებს ეგ ამბავი.

– სტივ ოსლი იპოვე, ჰიპის საუკეთესო მეგობარი და ეგ გეტყვის, როგორ თქვა ჰიპიმ მაგ იდიოტის გამო საკუთარ შეხედულებებზე უარი. მოკლედ, წაწავედი, კარგად იყავი… წარმატებები შენს საქმეში. ისა… კიდევ ერთი: ერთი ვიდეოკასეტა მაქვს, ჩემს მეთხუთმეტე დაბადების დღეზე ჩაწერილი. მგონი გამოგადგება. ხვალ ფოსტით გამოგიგზავნი, მე მაინც არაფერიში მჭირდება. და კიდევ: მართალი გითხრა, თავიდან რომ დაგინახე, არ მეგონა, ლოგინში ამდენი რამის გაკეთება თუ შეგეძლო. აბა კარგად თვითდაჯერებულო ვირო –  ამ სიტყვებზე  მელმა ისევ ისეთი გამაშიშვლებელი მზერა მესროლა, ბოლოჯერ ჩამიკრა მარცხენა თვალი და სადარბაზოს სიბნელეში გაუჩინარდა.

ოთახში შემოვბრუნდი, კარი ჩავკეტე, მაგიდასთან მივედი, მელის ღვინის ცარიელი ჭიქა ავიღე, ერთი ორჯერ ხელში დავატრიალე და მერე მთელი ძალით გავუქანე სამზარეულოს განჯინის ვიტრინას: არა იმიტომ, რომ მელის წასვლამ ან კვლევის ასეთ საინტერესო ნაწილში შეწყვეტამ გული დამწყვიტა…

უბრალოდ ბავშვობიდან მინდოდა ამის გაკეთება.


გაგრძელება შემდეგ პოსტში

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ჰიპი ბასთარდი. Bookmark the permalink.

2 Responses to ჰიპი

  1. LiLaC ამბობს:

    auu, bolo vabshe magari iko.. kochag 🙂 !!! :D:D:D
    interesit veli gagrdzelebas :D:))))))))))))) :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s