ჰიპი

დასაწყისი წინა პოსტებში

ეპიზოდი მეორე

ბნელი ღამე იყო. ქუჩას მხოლოდ ლამპიონების ნარინჯისფერი სინათლე ანათებდა, წითელ ფერს რომ ყავისფრად აჩენდა და ლურჯს – იასამნისფრად. ციოდა, გვიანი შემოდგომა იყო და ზამთრის სუსხი უკვე იგრძნობოდა. ირგვლივ არავინ იყო: გარდა მაწანწალა ძაღლების და გაშიშვლებული ხეებისა , რომლებიც ამ გულისგამაწვრილებელ გარემოს კიდევ უფრო ჰმატებდნენ დაძაბულობას. ტროტუარზე მივდიოდი და ვფიქრობდი, როგორ გამეგრძელებინა ჩემი გამოძიება, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ სულ სამი დღე იყო, რაც დავიწყე, ძალიან დამღალა.

ო, რამდენი ადამიანი ირეოდა ამ ჰიპი ბასთარდის გარშემო; როგორ მაინტერესებდა თითოეული მათგანის აზრი. ჩემს ყოფილ ქერათმიან რესპონდენტს აშკარად კარგა მოზრდილი ბოღმა ჰქონდა ჩარჩენილი, ისეთი ლამაზი სიტყვებით შეამკო ჩემი ინტერესის ობიექტი. სანახავი ჯერ კიდევ ბევრი იყო: ლიზი, მისტერ ტედი, სტივ ოსლი… ვინ იცის, კიდევ რამდენი გამოჩნდებოდა გზადაგზა. თან ეს ვიდეოკასეტაც…

„ნეტავ რა უნდა იყოს მაგ ფირზე აღბეჭდილი? Happy birthday dear me-el, Happy birthday yo you და მსგავსი რამეები ნაკლებად მაინტერესებს… ვნახოთ რა იქნება“

ამ ფიქრებით „დაშვებული საბურავების“ ლუდის ბარს მივადექი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რომ თითქმის ყოველდღე დავდიოდი. მართალია, სახელი სულელური ჰქონდა, მაგრამ შესანიშნავ ლუდს ხარშავდნენ, გარემოც მყუდრო იყო, ზედგამოჭრილი ჩემნაირი თავგზააბნეული  ჯიბეგაფხეკილი ჟურნალისტისთვის. ხის კარები შევაღე და მკრთალად განათებულ პატარა ოთახში შევედი: რატომღაც ცოტა ხალხი იყო; არადა ჯერ მხოლოდ 12–ს აკლდა 27 წუთი (მიყვარს დროის ზუსტად განსაზღვრა), ალაგ–ალაგ ლუდისგან გამოშტერებული მთვრალი სახეების უაზრო გამომეტყველებას შენიშნავდით, რომლებიც, მე, როგორც ახალმოსულს, დაკვირვებით მათვალიერებდნენ: ერთს ამხედ–დამხედავდნენ, მერე სახეზე თევზივით მომაშტერდებოდნენ, თავს გააქნევდნენ და კარგა ხნის წინ დაცლილ ლუდის კათხებს შეუპოვრად იტრიალებდნენ ხახაში.

ბარმენი, როგორც ყოველთვის ცივღიმილიანი სახით მომესალმა, უსიტყვოდ ჩამომისხა ლუდი, კათხას ქვეშ ხუთკუთხედის ფორმის ფირფიტა ამოუდო, რომელზეც დაშვებული საბურავი იყო გამოსახული (საბურავს რატომღაც ღიმილიანი სახე ჰქონდა) და ჩემკენ მოაჩოჩა.

მიყვარდა ამ ხუთკუთედი ფირფიტით თამაში: რომელიმე წვეროზე თითს დავადებდი, შემდეგ ამ თითით წრეს ვხაზავდი და ფირფიტას ვატრიალებდი ხოლმე, მაგრად მქონდა დამუღამებული: კარგი გასართობი იყო ნერვების დასამშვიდებლად. ჰოდა, როცა ლუდის მოზრდილი ყლუპი რის ვაი–ვაგლახით გადავყლაპე და საჩვენებელი თითი შევამზადე ჩვეული თამაშის დასაწყებად, უცებ შევნიშნე, რომ დაშვებულ საბურავს სახე წაშლილი ჰქონდა. სამაგიეროდ ზედ მსხვილი ასოებით ეწერა „ჩვენ გხედავთ“.

ცოტა არ იყოს, შემეშინდა. 4 დღის წინ ასეთ რამეს ყურადღბას ალბათ არც მივაქცევდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჰიპი ბასთარდის შესახებ გამოძიება დავიწყე, ეს უკვე შემთხვევითობას აღარ ჰგავდა.

– სიმ, – მივუბრუნდი ბარმენს – ერთი ამ ფირფიტას დახედე, რაები აწერია?

– აბა მე რა ვიცი? აქ იმდენი ხისთავიანი იდიოტი შემოდის, ვის თავში რისი დაწერა მოუნდება, რა ჩემი საქმეა?

რკინის ლოგიკა ჰქონდა ამ ბიჭს. მოკლედ მომიჭრა და, ვითომც აქ არაფერიო, მშვიდად განაგრძო კათხების წმენდა. მე კი ზუსტად ვიცოდი, ეს  უბრალო ხისთავიანი იდიოტის დაწერილი არ იყო. მე მითვალთვალებდნენ: ალბათ, მას შემდეგ, რაც მელანი ოლდმეისთან სამი დღე გავატარე, მიხვდნენ, რომ მე იმაზე მეტის გაგება შევძელი ამ მოკლე ხანში, ვიდრე მათ – მთელი შვიდი წლის განმავლობაში.

ალბათ იფიქრეს, რომ საბოლოოდ ჰიპისთან მივიყვანდი, ან რამე. ამიტომაც დამდევდნენ კუდში. ახლა უკვე იმაზე ვფიქრობდი, როგორმე ის ვიდეოკასეტა არ ჩაეგდოთ ხელში, მელს რომ ჩემთვის უნდა მოეცა, რადგან, ალბათ, მასაც უთვალთვალებდნენ.

ბარში მიმოვავლე თვალი, მაგრამ ისეთი ვერავინ დავინახე, ვისზეც ეჭვის მიტანა შეიძლებოდა. ეგეც რომ არ იყოს, იმ ხალხს არ გაუჭირდებოდა ოციოდე დოლარით რომელიმე ყელგამშრალი ლოთის მოსყიდვა ფირფიტაზე ერთი მარტივი წარწერის გასაკეთებლდ.

***

მეორე დილას, ჩემდა გასაოცრად, საფოსტო ყუთი გაუტეხავი დამხვდა: შიგ ყვითელი პაკეტი იდო, პაკეტში – კასეტა და მელის წერილი.

წერილი მოლე იყო, გაკვრით იყო ნაწერი. ეტყობოდა, სადღაც ეჩქარებოდა და, რაც შეეძლო, მიაფუჩეჩა:

„მოკლედ, ეს ვიდეო თავიდან ბოლომდე ჰიპის გადაღებულია, თვითონ არასოდეს უნახავს: სამ დღეში სახლიდან წავიდა და შინ აღარც დაბრუნებულა. მემგონი იპოვი რამე საინტერესოს. მეც აღარ მახსოვს შიგ რა წერია, ბოლოს შვიდი წლის წინ ვუყურე. რაც შენი სახლიდან წამოვედი, ერთი ტიპი სულ კუდში დამდევს. ახლაც ქუჩაში მელოდება. იმედია, ფოსტას დროზე შეამოწმებ.

ჰო, მართლა გუშინ დამავიწყდა მეთქვა: საიდანღაც ძალიან მეცნობი. და კიდევ, ნაბიჭვარი ხარ.

მ.ო.“

***

გაგრძელება შემდეგ პოსტში

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ჰიპი ბასთარდი. Bookmark the permalink.

One Response to ჰიპი

  1. teatea1032 ამბობს:

    aqamde chumad viyavisavit,magram axla shemdegis wakitxvis survilma ver gamachumaa,,,velodebit,gelodebit “ჰიპი” s gagrdzelebav:P:*:*:*:

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s