ჰიპი

მეორე ეპიზოდის დასასრული. დასაწყისი წინა პოსტებში

***

მრგვალი მაგიდის გარშემო ორი ადამიანი იჯდა: უფრო სწორად, სამი იჯდა, მაგრამ ერთი არ ჩანდა. ეს ჰიპი იყო, რომელიც მელანი ოლდმეის დაბადების დღეს ფირზე იწერდა. მარცხნივ მჯდარი შავანაფორიანი კაცი მისტერ ტედი უნდა ყოფილიყო, ჰიპის მამა. ასე 50 წლამდე იქნებოდა, პატარა ოვალური სათვალე, ცხვირზე რომ ოდნავ დაბლა ჩამოსცურებოდა, ვერ ფარავდა მის ღრმა, ჭკვიან, ძალიან მუქ თვალებს, მოკლე შავი წვერი და შევერცხლილი თმა კი კიდევ უფრო სანდომიან იერს აძლევდა მის სახეს.

მარცხნივ კი მელი იჯდა, რომელსაც სულ რამდენიმე საათის წინ შესრულებოდა 15 წელი. თავზე ბრჭყვიალა ქუდი–კონუსი ეხურა. მხიარული ჩანდა, მაგრამ როცა კამერას გამოხედავდა, რატომღაც სახე ეღუშებოდა ხოლმე.

– ხუთ წუთში შემოგიერთდებით, არ მოიწყინოოოთ – გვერდითა ოთახიდან ქალის ხმა გაისმა.

– არ იჩქაროთ –  უპასუხა მისტერ ტედიმ და მელს თვალი ეშმაკურად ჩაუკრა.

მელმა ერთი მხიარულად გადაიკისკისა, მერე ისევ კამერას შეხედა და სიცილი სახეზე შეაშრა.

– მოკლედ, მელანი, სანამ ქალები ბოლოს და ბოლოს ტორტს შემოიტანენ და ოფიციალურად გახდები თხუთმეტი წლის, ერთ პატარა რჩვა–სადღეგრძელოს დავლევ, კარგი? იმედია, ალექსიც  შემოგვიერთდება… ჰა, ალექს?

– მამა, ხომ გთხოვე, ჰა? ასე ძნელია?

მისტერ ტედიმ შვილის გაღიზიანებულ ტონს ყურადღება არ მიაქცია, მშვიდად შეავსო ჭიქები, ჯერ მელს გადახედა, მერე ჰიპის და დაიწყო:

–  ძალიან გაიზარდე, მელანი. შვიდი წლის წინ, როცა პირველად გნახე, ერთი პატარა ცელქი ბავშვი იყავი, ახლა კი თხუთმეტი წლის ხდები. მე ცხოვრებაში არც ქალიშვილი მყოლია, არც და, მაგრამ ვიცი, ეს ასაკი როგორი ბედნიერია, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მძიმე: ვიცი, თავში ათასნაირი ფიქრი გიტრიალებს, თითქმის ყველა პატარა წინააღმდეგობას პრობლემად აღიქვამ, რამდენი ღამე გაგითენებია ამ პრობლემებზე ფიქრით. ისიც ვიცი, რომ ძალიან ხშირად დეპრესიაში ვარდები, რადგან გგონია, ეს ყველაზე რთული პერიოდია შენს ცხოვრებაში. მითხარი, რამდენჯერ გიფიქრია, ნეტავ, არც დავბადებულიყავი ამ ქვეყანაზეო? დღესაც კი, შენს დაბადების დღეზე, მართალია სახე გიღიმის, მაგრამ თვალებში ძალიან დიდი სევდა გაქვს: საკუთარი დაბადების დღე არ გიხარია! მე კი ერთს გეტყვი: არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება ადამიანისთვის, რომ მას ერგო პატივი და გაჩნდა ამ ქვეყანაზე. სულაც რომ ნაგავში იძირებოდე, ირგვლივ სიბნელე იყოს და ახლომახლო დამხმარე ადამიანის ნასახიც არ ჩანდეს, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ გამოუვალი სიტუცია არ არსებობს. ყველა ადამიანს აქვს საოცარი უნარი, ნებისმიერი გარემო საკუთარი საჭიროებისამებრ შეცვალოს. ასე რომ არ ყოფილიყო, კაცობრიობა დღემდე ვერაფრით მოაღწევდა. მაგრამ ეს არ არის ადვილი. ამ ყველაფერს ძალიან დიდი შრომა სჭირდება, ხშირად თავგანწირვაც, მაგრამ უნდა გახსოვდეს, შედეგი ზუსტად ისეთი იქნება, როგორსაც დაისახავ. მართალია ახლა, როცა თხუთმეტი წლის გახდი, თავი ძალიან დიდი გგონია, და ფიქრობ, რომ იმაზე დიდ პრობლემებსა და საფიქრალს ვეღარ გადააწყდები, რომელიც ახლა გაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი სასაცილოა იმასთან შედარებით, რაც მომავალში შეგხვდება. ნუ გგონია, რომ გაშინებ, პირიქით, მომავალ სირთულეებზე ფიქრი უფრო მეტად დაგეხმარება არსებულის გადაწვეტაში. იფიქრე შენს პრობლემებზე, გააანალიზე ისინი შენს გონებაში, მაგრამ, იცოდე, არასდროს გულშიც კი არ გაივლო ფიქრი, რომ რამე არ გამოგივა. პესიმისტი ადამიანი ყველაზე უბედურია ამ ქვეყანაზე. ირწმუნე მიუღწევლის და ნახავ, რა არის ბედნიერება. არასოდეს დაკარგო იმედი, რადგან მისი დაკარგვით შენ შენში ღმერთს დაკარგავ. ერთი რამ იცოდე: მაშინაც კი, როცა თავს ყველაზე მარტო გრძნობ, ღმერთი შენთანაა, ყოველთვის გჯეროდეს ამის…

– ჰმ, ღმერთი! იცი, მამა, ღმერთი რომ ყოველთვის ჩვენთან იყოს, ირგვლივ ჯოჯოხეთი არ იქნებოდა. მიმოიხედე ირგვლივ. ვერ ხედავ, რამხელა საზიზღრობა ტრიალებს? – ჰიპი უკვე აჭარბებდა: მის ხმაში არა გაღიზიანება, არამედ, უკე ზიზღი იგრძნობოდა. მელი გასუსული იჯდა, მისტერ ტედმა კი, წარბიც არ შეუხრია, ისე განაგრძო:

– თუ თავი იმდენად დიდებულად მიგაჩნია, რომ ღვთის გმობის უფლებას აძლევ, მიდი, დიდო ადამიანო, იპოვე ეს ღმერთი შენში და საკუთარი ძალით სცადე ამ ჯოჯოხეთის მოსპობა.

– ჩემში? სად არის ღმერთი ჩემში? მითხარი, სად არის? ღმერთმა კარგა ხანია, ხელი აიღო ადამიანებზე! აი, რა არის სიმართლე.

– სად არის? იცი, ალექს, სანამ ასეთი ტონით ლაპარაკობ, ვერც შენ, და მით უმეტეს, სხვა, შენში ღმერთს ვერ იპოვის. ერთხელ მაინც გიცდია…

– მამა, მგონი უკვე ბევრჯერ გთხოვე, მაგ სახელს ნუ მეძახი მეთქი. რით ვერ შეიგნეთ, არ ვარ მე ალექსი! არ ვარ, გასაგებია?

– ჩემი აზრით შენ ხარ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უარყოფს. როგორ იპოვი ღმერთს შენში, როცა საკუთარ პიროვნებას არ აღიარებ?

– მე ჩემს სახელს არ ვაღიარებ! სახელს, რომელიც ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ დამარქვით შენ და დედაჩემმა!

– იცი, ალექს, სახელი ამ ქვეყანაზე ყველაზე პირობითი რამაა: მთავარია, მის უკან ვინ დგას. ადამიანი ქმნის სახელს და არა სახელი ადამიანს. და ნუ გგონია, რომ თუ ალექსის მაგივრად ადექი და ჰიპი დაირქვი, ამით შენს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ამტკიცებ.

– ჰმ! ჩემი აზრით, უბრალოდ გშურს. ვერ ეგუები იმას, რომ მე, შენი შვილი იმას ვაკეთებ, რაც შენი მთელი ცხოვრების ოცნება იყო. აღიარე, მამა, შენი შავი ანაფორის უკან ჰიპის ფერადი ტანსაცმელი იმალება. შენც უარყავი შენი გვარი, როცა მღვედელი გახდი და ახლა ტედ ჰოლსმიტის ნაცვლად მამა ტედი ხარ! მითხარი, ასე არ არის? და საერთოდ, ყელშია ყველაფერი! – ამ სიტყვებზე, კამერა აყირავდა. მხოლოდ მელის გაოგნებული თვალები და ქუდი–კონუსი  მოჩანდა. შორიდან კარის მოჯახუნების ხმა გაისმა.

– ტედ, რა ხდება? – მოისმა მეორე ოთახიდან.

– არაფერი, ლინდა, ჩვენმა ჰიპ–ალექსმა ცოტა დალია…

***

ოჰო, საკმაოდ საინტერესო ფირი გამოდგა! დარწმუნებული ვიყავი, მათ, ვინც მითვალთვალებდა, ეს ჩანაწერი ძალიან გამოადგებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქ ჰიპი ბასთარდის ნამდვილი სახელი და გვარი იყო გამჟღავნებული – ინფორმაცია, რომელსაც წლების განმავლობაში დაგეშილები დასდევდნენ.

ეტყობოდა, მელი არ ტყუოდა, როცა მითხრა, ჰიპი დიდად არ იყო თავისი ოჯახით კმაყოფილიო. თან ამ ყველაფრის შემდეგ სამ დღეში ჰიპი სახლიდან წავიდა და უკან აღარც დაბრუნებულა. ისე, ეტყობოდა, მას ეს კარგა ხნის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი: ალბათ ამიტომაც იყო მელი მოწყენილი. ის ხომ ჰიპიზე გიჟდებოდა და მის გარეშე დარჩენას აშკარად ძალიან განიცდიდა.

გაზეთში ეს ამბავი, ეჭვი არაა, ძალიან დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. ახლა იმაზე ფიქრობდი, როგორ წავსულიყავი კასეტის ყუთზე მითითებულ მისამართზე, სამხრეთის ერთერთ პატარა დასახლებაში. მგზავრობას დრო სჭირდებოდა, დრო კი, როგორც ამბობენ, ფულია. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რამდენიმე საათში ჩემს რედაქტორთან, მომიწევდა მივლინების შესახებ ფრიად სასიამოვნო საუბარი. ო, როგორ მეზარებოდა მისი საზიზღარი ულვაშების ნახვა, ლამის კოჭებამდე რომ სწვდებოდა და საერთოდ არ უხდებოდა. თან ჩემი ბავშვობის ოცნებისთვის გაწირულ კარადაში შუშები იყო ჩასასმელი, რაც მივლინების ხარჯებს, თავისთავად, რამდენიმე ათეული დოლარით ზრდიდა.

რა მექნა, საქმე მსხვერპლს მოითხოვს, ჰოდა, ზუსტად 1 საათსა და 48 წუთში უკვე რედაქციაში ვიყავი ჩემ მიერ უკვე მოკრებილი ინფორმაციითურთ.

რედაქტორის დაყოლიება, რა თქმა უნდა, არ გამჭირვებია: მაგას ოღონდ ჰიპი ბასთარდზე სკანდალური ამბები დაებეჭდა, სამასს კი არა, ასიათას დოლარს უსიტყვოდ გადმომცემდა ხელიდან ხელში.

შინ მშვენიერ ხასიათზე ვბრუნდებოდი: შემოდგომის მზიანი, მაგრამ სუსხიანი დღე იყო, ნიავი ოდნავ უბერავდა და შეუპოვრად ცდილობდა, როგორმე ჩემს სახეს ცოტათი მაინც გასცდენოდა, ამიტომ უფრო და უფრო მწარედ და ცივად მეჯახებოდა სიფათზე.

რაღა მანაღვლებდა, ჩემი საქმე ნელ–ნელა წინ მიიწევდა: ალბათ მალე ჰონორარსაც მომცემდნენ და მეც უდარდელად შევედი როგორც ყოველთვის ჩაბნელებულ სადარბაზოში. ციოდა, ნაბიჯს ავუჩქარე, რომ სახლში რაც შეიძლებოდა მალე შევსულიყავი. კარებს ვუახლოვდებოდი, ჯიბიდან გასაღები ამოვიღე, მაგრამ…

აღარ დამჭირდა: ეტყობოდა ვიღაცამ პატივი დამდო და ჩემამდე გააღო ჩემი საკუთარი ბინის კარები.

მართალი გითხრათ, დიდად არ გამკვირვებია და არც იმაზე ფიქრით მიჭყლეტია თავი, ნეტა ვინ იყო მეთქი: მაინც ძალიან კარგად ვიცოდი, ვინ იყო და რა უნდოდათ.

ჩემი ვარაუდი აბსოლუტურად გამართლდა. სახლში ყველაფერი თავის ადგილზე იყო. ეტყობოდა, კასეტა დიდხანს არც უძებნიათ. ან რაში სჭირდებოდათ? მე ხომ ის მისაღებ ოთახში პირდაპირ მაგიდაზე მქონდა დატოვებული.

ისტერიკული სიცილი ამიტდა; ვერ ვჩერდებოდი. აბა, როგორ არ გამცინებოდა, როცა წარმოვიდგენდი, რა სახე ექნებოდა მყუდრო სავარძელში მოკალათებულ ვიღაც შლაპიან– სიგარიან „დონ კორლეონეს“,  ნანატრ ვიდეოფირს დიდი გულისფანცქალით რომ ჩართავდა,  ეკრანზე კი ჩემ მიერ ჩაწერილი კარგი ჯიგრული გერმანული პორნოგრაფია გამოჩნდებოდა – დაკუნთული შიშველი მამაკაცი თეთრი წინდებითა და ქუდით.

გაგრძელება შემდეგ პოსტში

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ჰიპი ბასთარდი. Bookmark the permalink.

One Response to ჰიპი

  1. Jessie ამბობს:

    “ადამიანი ქმნის სახელს და არა სახელი ადამიანს” ..yep yep :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s