ჰიპი

დასაწყისი იხილეთ წინის წინა და იმის წინა პოსტებში 🙂

ეპიზოდი მესამე

დღიურები

ყავა მინდა. ცხელი ყავა. ოღონდ ლოგინიდან ადგომა მეზარება.  ეჰ, ნეტავ ვინმე ლოგინში ცხელ ყავას მომიტანდეს. რა მივა სამზარეულომდე, მერე რა აადუღებს წყალს, რა გააღებს კარადას და… მოკლედ, რა ილაპარაკებს ამდენს.

ტელეფონი ავიღე. საჩვენებელი თითის რამდენიმე მარტივი მოძრაობა და ზუმერიც გაისმა.

– გისმენთ.

– იზი, შენ ხარ?

– ჰო, მე ვარ… უკაცრავად, თქვენ… მოიცა, ეს შენ ხარ?

– ჰო, ჰო, მე ვარ. რას შვრები?

– რა დროს ესაა! ღმერთო, სად დაიკარგე?

– ხომ იცი, ჩემი ამბავი. ათას საქმეში ერთად ვარ გახვეული.

– როგორ მიხარია შენი ხმის გაგონება.

– იზი, შეიძლება იფიქრო, რომ იდიოტი ვარ, მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრა.

– ჰა, გისმენ.

– იზი, იცი?.. ყავა მინდა.

– ჰმ… შენსას არ იშლი არა? მითხარი, შენი ახლანდელი ბუნაგის მისამართი და ამოგიტან…

***

აი, რატომ მიყვარს რეი ჩარლზი! მან შთამაგონა Hallelujah, I love her so. ეს არის ნამდვილი მეგობრობა – წელიწადზე მეტია, არ ვუნახივარ, ახლა ვურეკავ და ყავას ვთხოვ, ის კი მხოლოდ მისამართს.

ო, რა კარგი ამინდია გარეთ… თუმცა რა მეამინდება, ახლა ალბათ ხისთავიანი დაქირავებული აგენტების მთელი არმია დამდევს. მაგრამ, ერთი მაგათიც! ცოტა ხანს მაინც არ მომკლავენ: მინიმუმ, სანამ ჩემგან ჰიპი ბასთარდზე რამე საინტერესოს არ გაიგებენ. მანამდე კი ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი, როგორც ჩემი ახლო მეგობარი, მოლა ნასრედინი იტყოდა. მიყვარს ეგ კაცი, ურჯულოთა შორის ყველაზე რჯულიანია.

დამღუპავს დილდილაობით ლოგინში კოტრიალი. ყველაზე საზიზღარი რამეა, მე თუ მკითხავთ, მაგრამ მიყვარს და რა ვქნა. აი, მწეველები რომ სულ ეუბნებიან ხოლმე არამწეველებს, არასოდეს მოწიოთ, დაგღუპავთო, და თან რომ ლამის სახეში აბოლებენ, დაახლოებით ეგეთი რამეა. ხუთი წლის რომ ვიყავი, ერთმა ღვთისნიერმა მეზობელმა მითხრა, არ გინდა, სიგარეტი მოგაწევინოო? მეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, ჰოდა, რაც იმ დღეს ლამის დავიხრჩვი. ცხოვრებაში სულ სამი ან ოთხი ღერი თუ მომიწევია ბოლომდე. ისე, რა არ მაქვს გასინჯული: ყველანაირი დამაბოლებელი საზიზღრობა, რაც კი შეიძლება ადამიანს თავში მოუვიდეს. ბოლოს კი იმ აზრამდე მივედი, რომ ყველაზე მაგარი კაიფი ცხოვრებთ კაიფია, ჰოდა, მეც, რაც შემიძლია, ვკაიფობ ცხოვრებით. გუშინ რომ კარი ჩამიმტვრიეს, ჯერ არ შემიკეთებია – მაინც გადასვლას ვაპირებ. იმ აგენტებმა კი მდიონ კუდში! ერთი ეგაა, „დაშვებულ საბურავებს“ ძალიან მივეჩვიე და სადმე ისეთი ადგილი მინდა, იქ მისასვლელად ბევრი ბოდიალი რომ არ მომიხდეს.

ადრე ძალიან არ მიყვარდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა: მთელი ბავშვობა ერთ სახლში გავატარე და მაშინ რას წარმოვიდგენდი, თუ წელიწადში ორ–სამჯერ მომიწევდა ბინიდან ბინაში გადასვლა. ჩემი საყვარელი ოთახიც კი მქონდა. ყველა ბავშვს აქვს თავისი საყვარელი ოთახი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში განსხვავება ის იყო, რომ ჩემი საყვარელი ოთახი არა საძინებელი, სასტუმრო ან რამე მსგავსი იყო, არამედ საკუჭნაო. პატარა საკუჭნაო, სადაც ყოველგვარი გამოუსადეგარი ხარახურა ეყარა. შევიკუჭებოდი ხოლმე მანდ და ვაწყობდი ცხოვრების გეგმებს. მომწონდა: იქ სულ სიბნელე და სიწყნარე იყო ხოლმე, ფიქრისთვის ზედგამოჭრილი სიტუაცია. კარგა ხანია, იმ საკუჭნაოში არ ჩავკეტილვარ. საერთოდ, სახლში არ ვყოფილვარ, კარგა ხანია.

კარზე კაკუნი გაისმა.

„კარგი რა, იზი, ხომ იცი, რომ არასოდეს ვკეტავ“ – გავიფიქრე.

***

– უნდა მივმხვდარიყავი, რომ ჩაკეტილი არ იქნებოდა – ეს იყო იზის მისალმება გვერდითა ოთახიდან.

– გაგიმარჯოსი ზი, აქეთ ვარ.

იზიმ ჩემი ოთახის კარები შემოაღო, ერთი შემომხედა, ცალი წარბი აწია და ცხელი ყავით სავსე პოლიეთილენის ჭიქა მომაწოდა:

– რას დამსგავსებიხარ?!

– მადლობა ყავისთვის.

– მართლა, რა გჭირს?

– არაფერი იზი, დრომ შემცვალა. ხომ იცი რაები ტრიალებს ამ ქვეყანაზე.

– აჰა, გასაგებია.

იზი იქვე, ჩემს გვვერდზე წამოგორდა ჩემსავე საწოლში.

– მოდი, გაკოცო შე მართლა შტერო – და ჩემი შუბლი მძლავრად მისწია თავის ტუჩებთან: ასე იცოდა ხოლმე, როცა ძალიან მოვენატრებოდი – სად იყავი დაკარგული ამდენ ხანს? კარგად კი მანერვიულე.

– მოდი რა, მაგ თემაზე მერე ვისაუბროთ, გრძელი ისტორიაა. შენ რას შვრები ჰა?

იზიმ ერთი კარგად გადაიხარხარა:

–        ვიცი მე შენი გრძელი ისტორიები. ისევ სადღაც შარში გაეხვიე არა?

ეს გოგო ყოველთვის აღმაფრთოვანებდა თავისი საოცარი მეგობრობის უნარით. შეეძლო ასი წელი არ ენახე, მაგრამ ასი წლის შემდეგ მაინც ისევე გესაუბრებოდა, ისევე გიგებდა, როგორც ორი დრის წინ. მუდამ ანთებული თვალები და წითელი თმა ჰქონდა, რომელსაც არასოდეს ივარცხნიდა, მაგრამ მაინც ძალიან უხდებოდა. ახლა  იწვა, ხელები თავქვეშ ამოედო, ფეხები ვერტიკალურად ეკავა და საკუთარ ფეხსაცმელებს გაოცებული შესჩერებოდა:

–        მდა… არ მეგონა, ამას ოდესმე თუ გეტყოდი, მაგრამ მომენატრე შტერო.

გამეცინა. ცხოვრებაში ასეთი რამ იზისგან არ მქონდა მოსმენილი. უნდა გენახათ, როგორ მეუბნებოდა ამას: ფეხსაცმლებისთვის თვალი არ მოუშორებია.

–        არ მეგონა, ამას შენგან ოდესმე თუ მოვისმენდი, მაგრამ რადგან მოვისმინე, ჯანდაბას, მეც მომენატრე ჟღალთმიანო.

იზიმ ერთი გადმომხედა, ცალი ფეხი დაბლა დაუშვა, მერე ისევ აწია, მერე წამოჯდა, მერე ისევ იმავე პოზაში დაწვა, როგორც წეღან, მერე ორივე ფეხი დაუშვა და კიდევ ერთხელ გადაიხარხარა.

მე ჩემი ყავა უკვე ნახევრამდე დავცალე, მაგრამ ახლა მივხვდი, თუ რა გემრიელი იყო ის: მხოლოდ იმიტომ, ამ თავქარიანმა წითურმა გოგომ დილის თერთმეტ საათზე ჩემთვის მოიტანა.

–        იზი…

–        რა იყო?

–        სამხრეთში მივდივარ.

–        ჰმ… რა ჯანდაბა გინდა მანდ?!.. – იზი ერთ წამს გაჩუმდა, მერე, თითქოს ხანგრძლივი ძილისგან გამოფხიზლდაო, ლოგინზე წამოხტა –  მოიცა, სად? სამხრეთში? მართლა?

–        ჰო, მართლა.

–        და… რატომ გადაწყვიტე? ო, გრძელი ამბავია ეგეც. მატარებელი ორ საათში გადის.

–        გინდა წამოვიდე?

–        არა, ჯობია, დარჩე. ისევ შარში გავეხვიე და ვიღაცები მითვალთვალებენ: გუშინ ბინაც გამიტეხეს. აუ, რომ იცოდე, რა გავუჩალიჩე! ნუ, მაგას მერე მოგიყვები. მოკლედ, შენთან ერთი მართლა სერიოზული თხოვნა მაქვს: მოკლედ, ეგენი მე კარგა ხანს თავს არ დამანებებენ, ჰოდა მინდა აი ის ფაილი, მაგიდაზე რომ დევს, სახლში წაიღო. მანდ ჩემი პატარა ვითომგამოძიების ჩანაწერებია. შეგიძლია წაიკითხო და, პრინციპში, იქიდან გაიგებ ჩემს „გრძელ ისტორიებს“.

–        ცოტა ვერა ხარ, ხო იცი?

–        რამე ახალი მითხარი.

–        მომისმინე, იქიდან როდის დაბრუნდები?

–        რაც შეიძლება, მალე. ეს საქმე დროზე უნდა დავამთავრო და მერე ვიღაც–ვიღაცებთან ანგარიში გავასწორო. ახლა თვალები დახუჭე, უნდა ავდგე და ჩავიცვა.

–        ფუ შენი! – და იზიმ ისევ გულიანად გადაიხარხარა – ეს ლურჯკოპლებიანი ტრუსები საიდან მოიტანე?!

–        არაა ეგ შენი საქმე! დახუჭე თვალები–მეთქი, ხომ გითხარი?

როგორც იქნა ჩავიცვი. იზის მთელი ამ ხნის განმავლობში თვალი არ მოუცილებია და გულიანად იცინოდა. არ ვიცი, რა იყო სასაცილო. ბოლოს თვითონაც წამოდგა ლოგინიდან და ფაილი თავის ლურჯკოპლებიან ჩანთაში ჩაიდო:

–        მისმინე, თუ შენ გითვალთვალებენ, ე.ი. დღეიდან მეც?

–        არა, ჩემს სახლთან მარტო ორი იდიოტი დგას ხოლმე და დილაობით,როგორც წესი, სძინავთ. სამზარეულოს ფანჯრიდან გადადი უკანა ქუჩაზე და იქიდან გზა თავისუფალია. ჰო, ტელეფონი სულ თან გქონდეს, ტაქსოფონებიდან დაგირეკავ ხოლმე და ისე მელაპარაკე, თითქოს უცხო ვიყო.

–        ჰეი, შენ ხომ არ დაგავიწყდა ვის ელაპარაკები ჰა? ვინ გასწავლა ეგეთი რამეები, აბა გაიხსენე!

იზიმ ჩემი საწოლი ორ წამში მიალაგა (ო, რამდენი ხანია, საწყალ ლოგინს ეს ბედნიერება არ ჰღირსებია), მერე ჩანთიდან საფულე ამოიღო, იქიდან – სამი ოცდოლარიანი მომაწოდა:

–        აჰა, აიღე, გამოგადგება.

–        არა, იზი,, გაგიჟდი? ფული მაქვს, ნუ ნერვიულობ.

–        ვიცი მე შენი ფული! აიღე მეთქი, რომ გეუბნები.

–        იზ, კაგი რა, გუშინ რედაქტორს სამასი დოლარი დავცინცლე, მეტი რაღად მინდა? თუ დამჭირდა, კიდევ მივაკითხავ.

–        მომისმინე, იდიოტო, როცა გეუბნები, დაგჭირდება მეთქი, ე.ი. დაგჭირდება. ახლა კი ნუღარ მალაპარაკებ და დროზე გამომართვი ეს ფული. მე კიდევ მაქვს, ნუ ნერვიულობ.

–        იზ, ტყუილად ირჯები, მაინ არ ავიღებ და გეხვეწები, ნუ მაძალებ რა. – ამ სიტყვებზე იზის ლოყაზე ვაკოცე და სამზარეულოში გავედი.

–        მაშინ ერთი დამარტყმევინე! – მომესმა უკნიდან.

–        დაგარტყმევინო?

–        ჰო, დამარტყმევინე და მოგეშვები.

–        კარგი, ჰო, დამარტყი, თუ ასე ძალიან გინდა… –  ვიფიქრე, რა ძალა უნდა ჰქონდეს ამ გამხდარ გოგოს ისეთი, რომ რამე მეტკინოს მეთქი, მაგრამ, ნურას უკაცრავად: იმ წამს კუჭის თავში ისეთი დარტყმა მივიღე, რომ წავბარბაცდი კინაღამ სამზარეულოს კარადის მეორე მინაც ჩავამტვრიე.

–        ეგ შენ იმისთვის, რომ ასე მანერვიულე! ჰეი, ჰეი, ჰეი, კარგად ხარ?

***

გაგრძელება შემდეგ პოსტში

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ჰიპი ბასთარდი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s