ჰიპი

დასაწყისი წინის წინა და იმის წინა პოსტებში 🙂

***

საინეტესო ადგილი იყო ჰიპი ბასთარდის სამშობლო. არც ქალაქი, არც სოფელი – სადღაც მაგათ შორის. ვიწრო ქუჩები; ორ– ან, მაქსიმუმ, სამსართულიანი სახლები; სიჩუმე, რომელსაც ალაგ–ალაგ მაწანწალა ძაღლების ყეფა არღვევდა… საღამო იყო, უკვე ბნელდებოდა, ქუჩაში ხალხი თითქმის არ დადიოდა და ვინც დადიოდა, გამომცდელი სახით მაყოლებდა თვალს – ყურადღებით მაკვირდებოდნენ. ალბათ, შემატყვეს, რომ უცხო ვიყავი.

ასეთ ადგილებში ყველა ერთმანეთს იცნობს, ჰოდა, მეც, ჟურნალისტურ ცნობისმოყვარეობას აყოლილმა, გადავწყვიტე გამერკვია, რა იცოდა ამ ხალხმა ჰიპი ბასთარდზე, თუ ჰქონდათ წარმოდგენა იმაზე, რომ ეს საიდუმლოებით მოცული პიროვნება ალექს ჰოლსმიტი იყო, მათ შორის გაზრდილი ერთი ჩვეულებრივი ბიჭუნა.

ახლომახლო ერთადერთი მაღაზია იყო ღია. გამყიდველი, ჩასუქებული, ჭაღარა ქალი, ზანტად იზმორებოდა. რომ მივუახლოვდი, ერთი შემომხედა, ამათვალიერ–ჩამათვალიერა, და სულელური მზერით მომაშტერდა.

–                    გამრჯობათ – გაუბედავად ვუთხარი.

–                    გამარჯობა, გენაცვალე.

–                    იცით, მე ჟურნლისტი ვარ…

–                    მე ინტერვიუებს არ ვიძლევი, გენაცვალე, თუ გინდა, რამე იყიდე, თუ არა და ხალხი მელოდება! – მაღაზიის სიახლოვეს კაციშვილის ჭაჭანება არ იყო და, ნეტავ, რას მიედ–მოედებოდა ეს გამოტვინებული ბებრუხანა?!

–                    არა, ქალბატონო, მე ინტერვიუსთვის არ ვარ, უბრალოდ მინდოდა, მეკითხა, აქ ვინმე ჰიპი ბასთარდს ხომ არ იცნობთ?.. და კიდევ, მინერალური წყალი ხომ არ გაქვთ?

–                    ერთი დოლარი… ამის გარდა ფული არ გაქვს? საიდან დაგიხურდავო ხუთდოლარიანი?

–                    ხურდა დაიტოვეთ… ისა, ჰიპი ბასთარდ…

–                    შვილო, რა აიჩემე, ეს ჰიპი ბასთარდი? რა უნდა მაგ ეშმაკის მოციქულს აქ? რას არ მოიგონებთ ხოლმე ეს ჟურნალისტები! ჯერ ერთი, არ უნდა იცოდე, რომ ის ბასთარდი თუ ვიღაც ერთი წლის წინ მოკვდა? გაზეთებს მაინც არ კითხულობ?.. …ჰმ, ჟურნალისტი…

ვაი, ეს ვისთან მოვხვდი! დავავლე ჩემს წყალს ხელი და უკნმოუხედავად წამოვედი.

მისტერ ტედის სახლის მიგნება არ გამჭირვებია, მაგრამ იქ მისვლამდე კიდევ მინდოდა, ერთი–ორი ადგილობრივის გამოკითხვა. ქუჩაში კი მაწანწალა ძაღლების გადა არავინ დადიოდა. ნელა მივაბიჟებდი: იმედი მქონდა, ვინმე გამოჩნდებოდა, ვისთანაც დალაპარაკებას შევძლებდი.

ისე, ხანდახან, როცა ადამიანების დანახვაც ნერვებს მიშლის, საშინელ ბრბოში აღმოვჩნდები ხოლმე, ახლა კი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, კაციშვილი არ ჩანდა. ყოველთვის ასეა… თუმცა… თითქმის ყოველთვის:

უკნიდან ნაბიჯებს ხმა მომესმა: ახალგაზრდა წყვილი იყო, ასე 22–25 წლისანი იქნებოდნენ. ჩუმად მოსეირნობდნენ ტროტუარზე და სულ არ აწუხებდათ შემოდგომის სიცივე, მე რომ ძვალსა და რბილში მატანდა.

–                    გამარჯობათ – ჩემს მიმართვაზე შეჩერდნენ და, როგორც ყველა, გაკვირვებით მომაშტერდნენ – თქვენ აქაურები ხართ, არა?

–                    კი – მიპასუხა ბიჭმა.

–                    იცით რა მაინტერესებს? მითხრეს, რომ აქ სადღაც ჰიპი ბასთარდის სახლი უნდა იყოს… ჰიპი ბასთარდი ხომ გაგიგიათ? აი ის…

–                    ჰიპი ბასთარდი? – ჩურჩულით შემაწყვეტინა ბიჭმა – ხუმრობთ? ეგ ვის არ გაუგია?! მაგაზე ამბობენ, სული ეშმაკს მიჰყიდა და მაგიტომაც ვერ იჭერდა ვერავინო. არადა ამერიკელები, რუსები, ებრაელები, – ყველა მაგაზე ნადირობდა…

–                    აქ ცხოვრობსო? – ძლივს ხმა ამოიღო გოგომაც – შანსი არ არის, ეგ ერთი წლის წინ გაქრა… ამბობენ, რაღაც ეშმაკის სექტა დააარსა და მიმდევრები გაიჩინა, ჰოდა ცოტა ხანში საშინელ რისხვად დაგვატყდება თავსო!

–                    გასაგებია… – პიპიზე ცუდი ხმები, რა თქმა უნდა, ბევრჯერ გამიგია, მაგრამ ასეთი აზრები არასოდეს –  რატომ მაინცდამაინც ეშმაკი? ანუ ფიქრობთ, რომ რასაც აკეთებდა ყველაფერი ეშმაკეული ბოროტება იყო?

–                    არა, არა, ბოროტება რატომ? ცუდი, მემგონი, არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანი მაგას ვერ გააკეთებდა, თან ისე, რომ თვითონ ერთხელ თუ ორჯერ გამოჩნდა. სულ მშრალი გამოდიოდა წყლიდან. ეგ ვერ იყო მთლად დაწყობილი გონების, თავისთვის უბერავდა რაღაცეებს… და ვინ გითხრათ, რომ აქ ცხოვრობს? სისულელეა, ტყუილად ჩამოსულხართ… ჩამოსული ხართ არა?

პირი ლამის ღია დამრჩა გაკვირვებისგან. საოცარი მოსაზრებები მოვისმინე… „არა, არა, ისევ მისტერ ტედისთან ლაპარაკი სჯობს და იქნებ ღამეც გამათევინოს თავისთან, ღვთისნიერი კაცია“ – გავიფიქრე.

უკვე ბნელოდა და ცასაც ისეთი პირი უჩანდა, ღამე წვიმის გარეშე არ ჩაივლიდა, ჰოდა ახლა ყველაზე მეტად ჭერი და თბილი კედლები მჭირდებოდა. მისტერ ტედის სახლი ახლოს იყო, სულ რამდენიმე წუთის სავალზე. ვჩქარობდი, ძალიან მციოდა, თან საშინლად დავიღალე… ამ ყველაფერს თუ იმასაც დავამატებთ, რომ დილით იზის ყავის გარდა პირში ხემსიც არ ჩამსვლოდა, ადვილად წარმოგვიდგება ჩემი მდოგმარეობა.

ჭიშკარმა გაღებისას საშინელი ხმა გამოსცა. იქვე მიძინებულ გამხდარ ძაღლს ხმაურზე გამოეღვიძა და ყეფა–ყეფით გამოვარდა ჩემკენ, მაგრამ როგორც კი მომიახლოვდა, ერთი საცოდავად დაიწკმუტუნა და ფეხებთან გამიგორდა. აი, სახლის დამცველიც ასეთი უნდა!

კარზე დავაკუნე – არავითარი რეაქცია. კიდევ დავაკაკუნე, ხელი მეტკინა, მაგრამ ხმა მაინც არავინ გამცა. არადა ფანჯარაში შუქი ენთო. რაღა მექნა, იმ სიცივეში გარეთ ხომ არ დავრჩებოდი, ჰოდა კარი ფრთხილად შევაღე.

–                    მისტერ ტედ! მისტერ ტედ, აქ ხართ? – პასუხი არ ისმოდა. ხმას ავუწიე: – არის სახლში ვინმე?

გვერდითა ოთხიდან რაღაც ბრახაბრუხი მოისმა: ეტყობოდა კიბეზე ჩამორბოდა ვიღაც.

–                    ალექს, ალექს, შენ ხარ? ალექს, შენ დაბრუნდი! ღმერთო ჩემო.

არ ვიცოდი, რა მეთქვა, გაუნძრევლად ვიდექი, გაშტერებული. ოთახის ღია კარებში ვიდეოფირზე ნანახი კაცი გამოჩნდა, მისტერ ტედი, ოღონდ რამდენიმე წლით დაბერებული და სულ გაჭაღარავებული. სწრაფად შემოქანდა, ხელებგაშლილი. შუა ოთახამდე რომ მოაღწია, მაშინღა შემომხედა, გაშეშდა და ღიმილი სახეზე შეაშრა.

***

გაგრძელება შემდეგ პოსტში

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ჰიპი ბასთარდი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s