ჰიპი

დასწყისი წინა პოსტებში

***

– როცა სახლიდან წამოვედი ჩვიდმეტი წლის ვიყავი…

– როცა სახლიდან წამოხვედით?

– ჰმ… გაგიკვირდა? ჯერ სად ხარ! მოკლედ, საკმაოდ მდიდარ ოჯახში დავიბადე. მამაჩემს რამდენიმე ფერმა ჰქონდა და ბლომად ფულსაც ტრიალებდა. გარედან რომ შეგეხედათ, ყველაფერი მქონდა, რაც შეიძლებოდა ბავშვს ენატრა: დიდი სახლი, ბავშვობიდანვე საკუთარი ოთახი, ყველანაირი გასართობით სავსე, რაც მაშინ ძალიან ბევრი თანატოლის ოცნება იყო, მოკლედ, ნებისმიერი ადამიანისთვის რომ გეკითხათ, არაფერი მაკლდა ცხოვრებაში. ჩემი მშობლებიც ასე ფიქრობდნენ. მაგრამ მე არავინ მეკითხებოდა, რა მინდოდა სინამდვილეში: მათ უნდოდათ, ჯერ სკოლა დამემთავრებინა და შემდეგ რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა, თან აუცილებლად იურიდიულ ფაკულტეტზე: მდიდარი მამიკოების შვილები ხომ უმეტესად მანდ აბერებდნენ! ერთხელ მამაჩემმა მითხრა, შეიძლება ახლა არ გინდა მანდ სწავლა, მაგრამ როცა ბევრ კარგი ოჯახის შვილს გაიცნობ, გავლენიანი მეგობრები გეყოლება, მაშინ მიხვდები, რომ მართალი ვიყავიო. მეც გავიზარდე და ჩვიდმეტი წლისამ გადავწყვიტე, რომ იქ გაჩერება აღარ შემეძლო. ერთ დღესაც მოვფხიკე მთელი ჩემი ცხოვრების დანაზოგი, და გუდა–ნაბადი ავიკარი.

მაშინ ყველა ამერიკაზე ოცნებობდა. მე ყველაზე მეტად. გემზე დავიწყე მუშაობა, მზარეულის თანაშემწედ. ხანდახან იატაკის წმენდაც მიწევდა ხოლმე, მაგრამ ეგ ნაკლებად მანაღლებდა, მთავარია, გემი რამდენიმე კვირაში პირდაპირ ბოსტონში ჩამიყვანდა და მერე რამეს მოვახერხებდი. თან ჩემს დანაზოგს გემზე მუშაობის გასამრჯელო ერთი–ორი დოლარიც დაემატებოდა.

ბოსტონში არავის ვიცნობდი, არც მჭირდებოდა, მაინც არ ვაპირებდი იქ გაჩერებას: მინდოდა,  რამენაირად ნიუ იორკში გადავსულიყავი და ჩემი თავისუფალი ცხოვრებაც დაიწყებოდა.

რამდენიმე დღეში უკვე ნიუ იორკში ვიყავი: თავშესაფარის შოვნა არ გამშირვებია, იქაური ჰიპების ჯგუფს შევუერთდი, რომელიც კალიფორნიაში აპირებდა წასვლას. ასე მოვიარე მთელი ამერიკა ჰიპებთან ერთად. ეს ის იყო, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვოცნებობდი. ვიყავი ქარივით თავისუფალი. ყველაფერს ვაკეთებდი, რაც მინდოდა, იქ მითენდებოდა, სადაც მიღამდებოდა, ყოველ დღე რაღაც უბედურ პსიქოტროპულ ტაბლეტებს ვყლაპავდი, ან მარიხუანას ვეწეოდი, მოკლედ სრულიად თავზეხელაღებულ ცხოვრებას მივდევდი, სანამ, ასე, წელიწად–ნახევარში ცოტა აზრზე მოსვლა არ დავიწყე. ნელ–ნელა ვხვდებოდი, რომ ასეთი ცხოვრება ვერ იყო მთლად ნორმალური. მარიხუანის ბოლი, და ყოველ შემხვედრ დაუბანელ ჰიპთან რამდენიმეწუთიანი სექსი უკვე გულს მირევდა, ყველაფერი მაღიზიანებდა, საკუთარ თავს ვერ ვიტანდი.

ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ არც ვიცოდი ამ ყველაფრისთვის რით მეშველა. ჰიპებს მოვშორდი და შტატიდან შტატში ხეტიალი დავიწყე, თან გზადაგზა იაფფასიან სამუშაოებს ვასრულებდი, რომ როგორმე შიმშილით არ მოვმკვდარიყავი. ერთხელ, სადღაც ალაბამაში, რომელიღაც მიყრუებულ ადგილას შემომაღამდა. ირგვლივ ერთი ხეც არ იდგა, სახლზე ლაპარაკიც ზედმეტია. მივყვებოდი გზატკეცილს და ვფიქრობდი საკუთარ უსუსურობასა და უმადურობაზე. მე ყველაფერი მქონდა, მაგრამ ვერ შევირგე, ჩემი გზა თვითონ ავირჩიე და ახლა ის იმ გზატკეცილივით უკიდეგანო და უიმედო ჩანდა, რომელზეც ალბათ ჩემი უკანასკნელი დღე იწურებოდა. მეგონა უკვე წავიქცეოდი და იქვე მოვკვდებოდი, როცა ჩემ გვერდით დანჯღრეული სატვირთო გაჩერდა. ავედი. მძღოლი მოხუცი მღვდელი იყო, მამა აარონი. ღმერთმა გამომიგზავნა ეს ადამიანი. იმ ღამეს თავისთან მომასვენა: დილით კი, ჩემი თავგადასავალი რომ მოისმინა, უხმოდ ადგა, თავისი დანჯღრეული სატვირთო დაქოქა, მეგონა წირვაზე მივყავდი (იმ დღეს კვირა იყო), მაგრამ ეკლესის ნაცვლად აეროპორტში წამიყვანა, ბილეთი მიყიდა, ყოველი შემთხვევისთვის ორმოცდაათი დოლარიც მაჩუქა და წასვლამდე მხოლოდ ერთი მითხრა: „იცოდე, ღმერთი ყოველთვის შენთან არის, შვილოო“.

მამა აარონმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე: მე სახლში დავბრუნდი, მშობლებთან, სასულიერო განათლება მივიღე, შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ლინდა, დავქორწინდით, ერთ წელიწადში ალექსი გაჩნდა, კიდევ ერთ წელიწადში კი მღვდლად მაკურთხეს.

მე უკვე მქონდა მშვენიერი ოჯახი, საკუთარი სახლი, ვაკეთებდდი ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლო საქმეს, მაგრამ თავს ბოლომდე ბედნიერად მაინც ვერ ვგრძნობდი. რატომ? იმიტომ, რომ ვამჩნევდი, ჩემი საკუთარი შვილი არ იყო ჩემით კმაყოფილი. ეტყობოდა, მე ვერ ვაძლევდი ყველაფერს, რაც მას სჭირდებოდა. ჩემი ბავშვობა მახსენდებოდა და უკვე ვიცოდი, საბოლოოდ ეს სანამდე მიმიყვანდა, მაგრამ ვერაფერს ვცვლიდი. მე და ალექსს ურთიერთობა წლითი–წლობით გვეძაბებოდა.

რვა წლისამ ჰიპი ბასთარდი დაირქვა. ამას, რა თქმა უნდა, ბავშვურ ახირებად ვთვლიდი და თავიდან ჰიპისაც კი ვეძახდი ხოლმე, მაგრამ როცა შევამჩნიე, რომ დროთა განმავლობაში მისი ნამდვილი სახელი ყველამ დაივიწყა, ვცდილობდი, მისთვის რაც შეიძლება ხშირად შემეხსენებინა, რომ სინამდვილეში ალექს ჰოლსმიტი იყო და არა ჰიპი ბასთარდი, მაგრამ მას ეს ძალიან აღიზიანებდა.

ის იზრდებოდა და უფრო და უფრო მაგონებდა ჩემს ბავშვობას. სკოლას ხშირად აცდენდა, მაგრამ მაინც ძალიან კარგი ნიშნები ჰყავდა, რადგან ძალიან ბევრს კითხულობდა. ერთი–ორჯერ უნვერსიტეტზეც ჩამოვუგდე სიტყვა, მაგრამ თავი ამარიდა. წლების მატებასთან ერთად სულ უფრო იკეტებოდა საკუთარ თავში: ხშირად დღეების განმავლობაში არ გამოდიოდა ოთახიდან. თითქმის არ ეძინა, მის საძინებელში დღედაღამ შუქი ენთო. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რას აკეთებდა, მაგრამ ახლა ვიცი, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი დეტალებში გაწერილ გეგმებს აწყობდა, თუ როგორ იცხოვრებდა, როცა სახლიდან წავიდოდა. აი, რით იყო იგი ჩემზე უკეთესი. ამიტომაც მიაღწია ასეთ მოკლე დროში ამდენს. უცხო თვალისთვის შეიძლება სპონტანური და, შეიძლება, სტიქიური ადამიანიც ჩანდა, მაგრამ ფაქტია, ალექსი ნაბიჯს ისე არ გადადგამდა, თუ შემდეგი ნაბიჯის რამდენიმე ვარიანტი არ ექნებოდა მოფიქრებული.

ალექსმა ჩემი ჰიპური ცხოვრების შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ ერთხელ, როცა ათი წლის იყო, შემთხვევით ჩემს ზურგზე ტატუირება ნახა, მშვიდობის სიმბოლო, რომელიც ამერიკული ვოიაჟიდან შემომრჩა. მაშინ, რა თქმა უნდა, არ იცოდა, ეს სიმბოლო რას ნიშნავდა, მაგრამ როცა გაიზარდა, ვფიქრობ, ყველაფერს მიხვდა. ამან კი კიდევ უფრო წააქეზა იგი თავისი ჩანაფიქრის განხორციელებისაკენ. იცოდა, ჩემი წარსული უფლებას არ მომცემდა, მისთვის ხელი შემეშალა.

მელანი ოლდმეის დაბადების დღეზე კიდევ ერთხელ ვიკამათეთ და ის სამ დღეში წავიდა. მისი წასვლის მიზეზი იმდღევანდელი კამათი არ ყოფლა, როგორც შენ, ალბათ, გეგონა. მიზეზი გაუთავებელი უთანხმოება იყო, რომელიც ყოველდღე მოსდიოდა გარშემომყოფებთან, ჩემთან, დედამისთან და საკუთარ თავთან. მას ეს წასვლაც წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

დანარჩენი, ვფიქრობ, შენც ძალიან კარგად იცი. ახლა გვიანია, ჯობია, დაისვენო. თუ გინდა, ალექსის ოთახში დაიძინე, იქ, ალბათ იპოვი რამე საინტერესოს შენი გამოძიებისთვის.

– მისტერ ტედ, მხოლოდ ერთი კითხვა შეიძლება?

– …

– თქვენ ხომ მღვდელი ხართ არა? ანაფორა რატომ არ გაცვიათ?

– მღვდელი ვიყავი, სანამ ჩემი შვილის ადგილ–სამყოფელი ვიცოდი. ანაფორა მაშინ გავიხადე, როცა ალექსი უკვალოდ დაიკარგა. როგორ გგონია, მღვდელი, რომელმაც თავის შვილს ვერ მისცა საკმარისი სითბო და მადლი, მრევლს რას მისცემს?

ამ სიტყვებზე მისტერ ტედი წმოდგა და თავისებურად, თვალით მანიშნა, გამომყევიო. ორი ოთახი გავიარეთ და კიდევ ერთ ხის კიბეს მივადექით, რომელიც, ეტყობოდა, სხვენში ადიოდა.

– ესეც ჰიპის ოთახი. რაც წავიდა, არცერთი მისი ნივთი არ გადაგვიადგილებია. ყველაფერი ისეა, როგორც შვიდი წლის წინ იყო. ახლა ადი და დაისვენე.

– მისტერ ტედ, ერთი წუთით, კიდევ ერთი რამ მინდა გკითხოთ.

– ოჰ, ეს ჟურნალისტები – მოხუცს გაეღიმა.

– რატომ გადაწყვიტეთ ასე უცებ, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი გეამბნათ? მე ხომ არავინ ვარ თქვენთვის?

– ჰმ… გგონია მამა აარონისთვის მე ვინმე ვიყავი, როცა თავგზააბნეული და  სრულიად ძალაგამოცხლილი ამიყვანა და ცხოვრების გზა მაჩვენა? მაშინ, როგორც დღეს შენ, არც მე მქონდა თავშესაფარი. და, საერთოდ, არის შენში რაღაც… ჰიპური. ძილი ნებისა, შვილო.

***

გაგრძელება შემდეგ პოსტში

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ჰიპი ბასთარდი. Bookmark the permalink.

3 Responses to ჰიპი

  1. LiLaC ამბობს:

    ai, pasuxi chems kitxvaze :D:D:D
    kargia, kargi… ubralod es winadadeba chaaswore: დაუბანელ ჰიპისთან რამდენიმეწუთიანი სექსი

  2. Ta =) ამბობს:

    გაგრძელებას მოუთმენლად რომ ვერლოდები არაუშავს? 🙂 მმმ… კიდე მინდა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s