მან ხელაღებით უარჰყო ღმერთი

მან ხელაღებით უარჰყო ქრისტე:
ადიდებს კრიშნას.
აზრის ცვლილება ღმერთს შეუცვლის  –
– ასე ჰგონია.
ყველას არწმუნებს, თუმც არ იცის,
რწმენა რას ნიშნავს:
სულის კივილი  მას არასდროს
გაუგონია.
მან ხელაღებუთ უარჰყო სული:
ემონა სხეულს.
გვამსაც კი უკვირს მისი გვამის
გადაგვარება.
და თვითგვემის დროს სისხლის გუბეს,
მისგან დანთხეულს
თვით დამშეული ძუკნა ძაღლიც
არ ეკარება.
მან ხელაღებით უარჰყო კრიშნაც:
იწამა ბუდა
და დაივიწყა სამუდამოდ
ძველი სახელი.
თვითონ არ იცის, რისთვის ცხოვრობს,
ან კი რა უნდა:
ქარში მიაგდო მან სიცოცხლის
ბოლო სანთელი.
მან ხელაღებით დაგმო სიცოცხლე:
სიკვდილს ადიდებს.
იგი ყველაფრის საწყისიაო –
ამობს ხმამაღლა.
ვინც სიცოცხლიდან სიცოცხლემდე
აგებდა ხიდებს,
ის აღარ ახსოვს, დაივიწყა,
როგორ ამაღლდა.
მან ხელაღებით უარჰყო ბუდაც:
ცნო მუჰამედი.
ალაჰის წვერებს იფიცება
ყოველ სიტყვაზე.
აღარ კითხულობს: „სად ვიყავი?
საით წავედი?“
ისედაც იცის სწორი პასუხი
მან ამ კითხვაზე.
მან ხელაღებით დაგმო კითხვები,
რადგან პასუხებს
ვეღარ პოულობს: უაზრობაში
სულ გაიბლანდა.
ჭეშმარიტება ვერ იპოვა
და ის აწუხებს,
რომ არ მობრუნდა, როცა ხსნის გზა
ჯერ კიდევ ჩანდა.
მან ხელაღებით უარჰყო ღმერთი,
რადგან ვერ ჩასწვდა,
რომელი იყო ჭეშმარიტი
მრავალთა შორის.
უღმერთოდ დარჩა, მისი რწმენა
ამდენს ვერ გასწვდა.
ბოლოს დაიბნა, ვეღარ მიხვდა,
რა იყო სწორი.
და მაშინ, როცა შემოესმა
კივილი სულის,
ასე უმწეოდ რომ ებრძოდა
კარსმომდგარ სიკვდილს,
ღმერთო, რად ხარო – მან იკითხა –
ჩემგან წასული?
რად მაყენებო შენთვის გვემილს
ამხელა ტკივილს?
იმ წამს იხილა მან განვლილი მთელი ცხოვრება:
გაუაზრებლად რომ ზომავდა უსაზღვრო მანძლის,
ბოლო წუთამდე რომ ვერ ჩასწვდა მისი გონება:
ღმერთი ერთია, გამრავლებას არა აქვს აზრი.
18/10/2010/04:12
Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , . Bookmark the permalink.

One Response to მან ხელაღებით უარჰყო ღმერთი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s