მიწისქვეშეთის მუსიკოსები

ხელოვნების სიდიადე ყველაზე ნათლად მუსიკაში მჟღავნდება

ი. ვ. გოეთე

წინასიტყვაობის მაგიერ: ჩავუარე, შევჩერდი, სიმღერა მოვუწონე და ძალიან გაუხარდა. გიცნობო? – მკითხა. უკვე მიცნობ მეთქი. კიდევ უფრო დიდი მონდომებითა და სიამოვნებით გააგრძელა სიმღერა და მეც რომ ავყევი, თვალები გაუბრწყინდა. ცოტა არიან შენნარიები: ხალხი  ამივლის, ჩამივლის, ხურდასაც ჩამიყრის, მაგრამ გულწრფელი სიტყვიერი შეფასება ყველაფერს მირჩევნიაო. შემდეგ თავისთან, პატარა ოთახში დამპატიჟა, გავცვალოთ ჩვენ–ჩვენი ხელოვნებაო. მუსიკის გარდა ლექსებსა და ჩანახატებსაც წერდა, თურმე. შენ მიწისქვეშეთში რა გინდა მეთქი – ვუთხარი. გაეცნა – ხელოვან ადამიანებს ვეძებო.

მუსიკალურ ხელოვნებას საქართველოში ოდითგანვე ძალიან დიდი ადგილი ეკავა. ომი იყო თუ მშვიდობა, გვემღერებოდა თუ არ გვემღერებოდა, მუსიკას მაინც არასდროს ვივიწყებდით. ჰოდა, შედეგად დღეს დიდებული ფოლკლორული განძის პატრონები ვართ. ხალხური შემოქმედება, რომელიც საუკუნეების წინ დაიბადა და დროს გაუძლო, დღესაც გვაძლევს სიამაყის საფუძველს. მაგრამ მუსიკა მხოლოდ ფოლკლორით ხომ არ შემოიფარგლება?

ჩვენ ყველას გვაქვს პრეტენზია გემოვნებაზე. ჩვენს გემოვნებას კი სხვები აყალიბებენ (პრინციპში, ეს ჯერ კიდევ საკითხავია). მუსიკალური რადიო– და ტელეარხების ბუმი საქართველოში, ნამდვილად არ არის, მაგრამ, ასე თუ ისე, არც სიმცირეს ვუჩივით. ეს, რა თქა უნდა, ძალიან კარგია, იმდენად კარგი, რომ მეტი არ შეიძლება. შესაბამისად, ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაში მუდამ ჟღერს „ჭეშმარიტი ქართული ჰანგები” (ციტატა ერთერთი რადიოს სარეკლამო განცხადებიდან) გია სურამელაშვილის შესრულებით. იქით ნინო ჩხეიძე კვირაში ბარე ორ ალბომს წერს და „მარშრუტკების“ მძღოლებსაც ყოველთვის აქვთ სულიერი საზრდო თავიანთი მგზავრებისთვის. არ დაგვავიწყდეს „შინამანაკენა“, გაურკვეველ ენაზე დაწერილი „გენიალური ქმნილება“, რომელსაც დღესაც აფასებენ მადლიერი ფანები. რაც მთავარია, ეს ზემოთჩამითვლილი შემსრულებლებიასევე ძალიან ხშირად გვახსენებენ თავს სხვადასხვა სატელევიზიო შოუებისა თუ ყვითელი პრესის საშუალებით: რას იზამ, მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, ხალხს კი, როგორც ყოველთვის, აინტერესებს „ვარსკვლავური ცხოვრების“ დეტალები. მოკლედ, ყვავის შოუბიზნესი საქართველოში. პრინციპში, რატომაც არა, დღეს ხომ რეკლამა წარმართავს ჩვენს ცხოვრებას. ბანალური ვიქნები, მაგრამ მაინც დავძენ: დავიჯერო, მარტო რეკლამის დამსახურებაა ის, რომ , „დ–შ–ნ დ–ნ–ნ“ და „ღიმილი მაჩუქე“ ტელე და რადიო ჰიტპარადებში პირველ ადგილებს ლამის უკონკურენტოდ იკავებდა? ამ კითხვაზე პასუხი შენთვის მომინდია, მკითხველო.

არცერთ ნამდვილ ქართველს არ დაავიწყდება ის დრო, როცა ქართულ შოუბიზნესში პლუს ფონოგრამა და ბრჭყვიალა ტანსაცმელი კონცერტის ჩასატარებლად განმსაზღვრელი ფაქტორი იყო. კარგი დრო იყო, დამეთანხმებით, მაგრამ ერთეულთა დიდი მეცადინეობის შედეგად პლუსიდან ჯერ მინუსზე, შემდეგ კი, ნელ–ნელა, ინსტრუმენტალურ შესრულებაზეც გადავედით. თუმცა, მაინც „რა გითხრათ, რით გაგახაროთ“: როცა ჩვენს ქვეყანაში ცოცხალი მუსიკის ახლადგამომცხვარი ფესტივალები იმართება უცნობი უცხოელი  და უკვე კარგად ცნობილი ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით (რომელთა მთავარი მიზანიც, ეტყობა სცენაზე ცნობილ ვარსკვლავთა მიბაძვაა), ყველას ავიწყდება ის ადამიანები, რომლებიც ლამის ჩვენი ცხოვრების ნაწლინი გახდნენ და რომლებსაც, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ძალიან ბევრი მსმენელი ჰყავთ, მაგრამ ამის მიუდედავად მათ მაინც არავინ იცნობს.

ამ ხალხმა ცხოვრება ხელოვნებას შესწირა. მათ თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ძალიან ხშირად ხვდება. ვინ იცის, რამდენჯერ აგვივლია და ჩაგვივლია, მათ წინ: ზოგჯერ ვამჩნევთ, ხურდასაც გავიმეტებთ ხოლმე და გზას ვაგრძელებთ, ზოგჯერ კი საერთოდაც არ ვაქცევთ ყურადღებას. ზოგიერთისთვის ისინი უბრალოდ ადამიანები არიან, რომლებსაც გაუჭირდათ და მიწისქვეშა გადასასვლელებში დაკვრა დაიწყეს, მაგრამ მხოლოდ ცოტა თუ ხვდება, რომ ისინი იქ მხოლოდ მატერიალური გაჭირვების გამო არ დგანან. მათ ცხოვრების გზად მუსიკა აირჩიეს, რადგან ჰქონდათ ყველანაირი წინაპირობა ამისთვის: ტალანტი, მოდნომება, საქმის სიყვარული… რაღაც დავაკელი? ააა, დიახ, რა თქმა უნდა: მათ არ ჰყავდათ მსმენელი, აუდიტორია, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ყველა ხელოვანისთვის და, მით უმეტეს, მუსიკოსისთვის. ჰოდა, რადგან არ ჰქონდათ ფული ალბომის ჩასაწერად, ან კლიპის გადასაღებად (რაც, რატომღაც დღეს ერთერთი უმთავრესი ფაქტორია პოპულარობის მოსახვეჭად), გამოცდილ საშუალებას მიმართეს და მიწისქვეშეთის მუსიკოსებად იქცნენ. აქ მათ გაიჩინეს თავიანთი მსმენელი და, ამასთანავე, სტიმული თავიანთი საქმის გასაგრძელებლად. ამ ადამიანებისთვის ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი გასამრჯელოა და იღებენ კიდეც ამას, მაგრამ განა ეგ საკმარისია? რა თქმა უნდა, არა. ამიტომაც ისინი არ წყვეტენ ოცნებას დიდ სცენაზე, სადაც მაქსიმალურად გამოავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს: არ კარგავენ იმედს, რომ ერთხელაც გამოჩნდება ვიღაც, გავლენიანი ადამიანი, რომელიც შეამჩნევს მათს ნიჭს და შემდეგ სწორედ ისე, როგორც ოდესღაც ელვის პრესლი ან ჯონი ქეში, ისინიც ნამდვილ სტუდიაში  ჩაწერენ სიმღერას, რომელიც ცოტა ხანში ხალხის სიყვარულს მოიპოვებს.

დღე დღეს მისდევს, მიწისქვეშეთის მუსიკოსები ისევ ყოველდღე გვხვდებიან ჩვეულ ადგილას და მადლიერ თვალებს აყოლებენ მათი მუსიკით ნასიამოვნებ გამვლელებს. ისინი ცხოვრობენ ხელოვნებით და არ კარგავენ იმედს, რომ მალე მათი შემოქმედება სხვებისთვისაც გახდება ცხოვრების ნაწილი. ჩვენ კი, უბრალო მსმენელებს, ისღა დაგვრჩენია გავიგოთ ამ ადამიანების ნოტების ენა, დავაფასოთ და ვიყოთ კაცთმოყვარენი, რადგან, როგორც კონფუცი ამბობდა, „თუ ადამიანი კაცთმოყვარე არ არის, რას გაუგებს იგი მუსიკას?“

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი and tagged , , , . Bookmark the permalink.

One Response to მიწისქვეშეთის მუსიკოსები

  1. TinaTin ამბობს:

    ra tbili postia… didubeshi mgeroda da ukravda vigac bichi dzaaalian lamazad sxvatashoris.. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s