All You Need Is Love

წითელი ჩექმა ჯერ კიდევ მაგრად გვაწვებოდა ზურგზე, როცა საქართველოში ბითლომანიამ, მაართალია, ჩუამად, მაგრამ მაინც შემოაღწია. საბჭოთა საკნიდან გათავისუფლების იდეა არც მანამდე გვტოვებდა, მაგრამ 60–იანმა წლებმა მაინც თავისი მოიტანა. საქართველოში გაჩნდა ე.წ. მიწისქვეშეთი, სადაც ახალგაზრდობა უსმენდა აკრძალულ მუსიკას, იზიარებდა აკრძალულ იდეებს, ირგებდა აკრძალულ სტილს… მოკლედ, იქცეოდა „წესიერი საბჭოთა საზოგადოებისთვის“ ყოვლად მიუღებლად. ქუჩაში გამოჩნდნენ პირველი მოჰიპო ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, თავიანთი განსხვავებული გარეგნობით მაინც გამოეთქვათ პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც მათ ირგვლივ ხდებოდა. თუმცა ასეთები ერთეულები იყვნენ და ხალხში, რაღა თქმა უნდა, ანტიპათიას იმსახურებდნენ. მეტიც, მათ დასდევდნენ, სცემდნენ, აგინებდნენ, ლანძღავდნენ, აპატიმრებდნენ. რატომ? იმიტომ რომ ისინი არ ჰგავდნენ სხვებს. არავის აძლევდა ხელს თავისი კალთის ქვეშ შეეფარებინა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი, რომელიც რკინის ფარდის გარღვევასა და წითელი კედლი ს დანგრევაზე ოცნებობდა. ჰოდა, უკეთესს რაღას მოიფიქრებდნენ, თუ ხალხს არ აამხედრებდნენ მათ წინააღმდეგ. ყოველ ადამიანს, რომელიც ოდნავ მაინც განსხვავდებოდა მასისგან, ერთი სახელი შეარქვეს, „როკერი“, რაც მათთვის ყოველგვარ სიბინძურესთან, გარყვნილებასთან და თვით ეშმაკთან ასოცირდებოდა. შესაბამისად, იკრძალებოდა ის მუსიკაც, რომელიც ამ ადამიანებს განსხვავებულად აზროვნებისკენ უბიძგებდა. რიტმ–ბლუზიდან დაწყებული პანკით დამთავრებული ყველა მიმდინარეობას ერთი სახელი შეარქვეს, „როკი“, რომელიც, მათი ღრმა რწმენით, საიდუმლო გზავნილებს შეიცავდა და მოზარდების აზროვნებას თავდაყირა აყენებდა. საბჭოთა „მამების“ მთავარი საომარი იარაღი, შავი სამყაროც კი სრული შემადგენლობით ფეხზე დადგა „როკისა“ და „როკერების“ მიწასთან გასასწორებლად და გარყვნილების აღსაკვეთად. მოკლედ, ოთხი მშვიდობიანი ლივერპულელი ბიჭი წითელ ქვეყანაში შავი ომის მიზეზი გახდა.

ეს თითქმის ნახევარი საუკუნის წინ იყო. მას შემდეგ, თითქოს, ბევრი რამ შეიცვალა: წითლები წავიდნენ, ჩვენ დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო გავხდით, გადავიტანეთ შავბნელი ოთხმოცდაათიანი წლები და ოცდამეერთე საუკუნის კარებიც ღირსეულად შევაღეთ. თავისუფლების ხარისხიც, ასე თუისე, ვითომდა, გაიზრდა: მუსიკის მოსმენას აღარავინ კრძალავს. ქუჩაშიც უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით სხვადასხვა სუბკულტურების წარმომადგენლებს. ლურჯი თმები, ჭრელა–ჭრულა ტანსაცმელი, მძიმე ჩექმები, შავად დახატული თვალები, რკინის ელემენტებით მორთული ქამრები, ტყავის ქურთუკები უკვე, თითქოს, აღარავის უკვირს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი „როკერებთან ბრძოლა“ ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. ის კი არა და, ცივილიზაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების წინსვლასთან ერთად, ახალი სამოქმედო არეალიც შეიძინა: ჩვენს საყვარელ „ოდნოკლასსნიკებზე“ თუ მის მსგავს ქართულ საიტებზე მრავლად შეხვდებით ტკბილ–ტკბილ ფრაზებს, მუქარას, დამცინავ გამონათქვამებს, მოურიდებელ გინებას, რომლებიც რაღა თქმა უნდა, „როკერების“ წინააღმდეგაა მიმართული. დღეს არც „დაპადიეზდებაა“ უცხო ხილი და საუკუნის ფრაზა: „სიკვდილი როკერებს!“ – კითხვაზე, რატომ? პასუხი ცალსახაა: „როკერია რა“. ადამიანობის საზომი ერთეული მათთვის ჩაცმის სტილი და თმის ვარცხნილობაა. ამიტომაც კონცერტებზე ხშირია მასობრივი შეტაკებები, ან გამიზნულად, კონცერტის ჩასაშლელად ელექტროენერგიის გათიშვა. მოკლედ, მიზანი ამართლებს საშუალებებს სუბკულტურების წინააღმდეგ.

არამარტო საქართველოშია ასე. მთელი პოსტსაბჭოთა სივრცეში ჯერ კიდევაა შემორჩენილი ის აზრი, რომ „როკერები“, ანუ ის ადამიანები, რომლებიც „როკს“ უსმენენ (როკში, უკვე ვთქვი, ძალიან ბევრ მუხიკალურ ჟანრს აერთიანებენ), არიან ყოველგვარი სიბინძურის მატარებლები და, არც მეტი, არც ნაკლები, სატანის პირდაპირი თუ არაპირდაპირი მიმდევრები. ყველა როკ–მუსიკოსი ხომ, გავრცელებული აზრის თანახმად, ეშმაკთანაა წილნაყარი! ამიტომაც, ბითლზი, დიფ ფარფლი, ლედ ზეპელინი, დორზი, პინკ ფლოიდი და სხვა მსგავსი „ადამიანის ფსიქიკის გამანადგურებელი“ მუსიკალური ჯგუფები ხელაღებით უნდა იქნას უარყოფილი, ხოლო რით უნდა ჩანაცვლდეს ეს უკანასკნელნი, გაურკვეველია. არ ვიცი, იქნებ რეპი ავირჩიოთ და ფულს, სექსს „ნაშებსა“ და მანქანებს ვუმღეროთ… ან პოპსა შევიმეცნოთ და ტკბილხმოვანი ერთნოტიანი მელოდიებით ვისიამოვნოთ… ვერ გეტყვით… „რა გითხრათ, რით გაგახაროთ“.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s