ნახევრად აშენებული

ზაფხულის დუხჭირი დასვენების პერიოდში დაწერილი და გაურკვეველი მიზეზების გამო დღემდე გამოუქვეყნებელი პოსტი 🙂

დილა აქ ყველაზე წყნარია: მხოლოდ ზღვა ბუტბუტებს ღელავს თვისთვის, ქალაქი კი დროებით ისვენებს ღამენათევი დამსვენებლების ხმაურიანი „ტუსოვკებისგან“. ბულვარი უჩვეულოდ ცარიელია. უფრო სწორად, ხალხისგანაა ცარიელი, თორემ ათიათასზე ცოტა ნაკლები პალმა ურყევად დგას ბილიკის გასწვრივ. ოპტიმიზმის ქალაქში საითაც გაიხედავ, ყველგან თვალში მოგხვდება ნახევრად აშენებული (და არა ნახევრად აუშენებელი!) შენობები, რომლებიც, უცხო თვალისთვის უკვე გაუნათბიათ ფერადი ნათურებით. მათ მშვიდი ღამის შემდეგ ისევ ელოდებათ ჩქუჩების რახარუხი და გაფერადებული ამწეკრანების ჭრიალი.  ფერებს ეთხოვება ბათუმის მომავალი სიამყე, გაურკვეველი ფორმის შენობაც, რომელშიც ჭეშმარიტი ხელოვანი, ალბათ, ნამდვილ ხელოვნების ნიმუშს ხედავს, ჩემნაირი გაუნათლებელი ხეპრე კი მხოლოდ და მხოლოდ მიწაში თავდაღმა ჩათხრილ ბოთლს. თბილისის ხვატსისგან გამოქცეულებს გვგონია, რომ საცხოვრებელი ადგილი დროებით შევიცვალეთ, მაგრამ თუ ბათუმში ვართ, ამ გმირთა მოედნის ასევე გაურკვეველი ფორმის მონუმენტს აქ რაღა უნდა?

მზე ნელ–ნელა თავის ადგილს იკავებს და სანაპიროზეც გაისმის პირველი „აბა სიმინდი, ცხელი სიმინდი, ახალი სიმინდი!“. ეს იმის ნიშანია, რომ დამსვენებლებმა უკვე გაიღვიძეს და, რა თქმა უნდა, ჯგუფ–ჯგუფად შეესივნენ ზღვას. ამ დროს მაშველებიც იკავებეენ თავთავიანთ პოსტებს და კოშკურების ძირში წამომჯდარები ზანტად იზმორებიან. შესაბამისად, ერთმანეთის მიყოლებით იღება მაღაზიები და კაფე–ბარებიც ზღვასთან სიახლოვის მიხედვით რომ დაუწესებიათ თავიანთ საქონელზე ფასები.

„აბა სემიჩკააა, კარგი მოხალული სემიჩკაა, მიწის თხილი“, ისევ გაისმის ძახილი ხალხით უკვე გავსებულ პლაჟზე. თუმცა სანაპირო უკვე ცარიელდება: ცხელა. სადილის დროა. ჰოდა ამ დროს ყველაზე მეტად უხარიათ კაფე-ბარებსა თუ რესტორნებს. ვისაც ფული არ ენანება, ბათუმის ახლადაშენებულ სიამაყეს, შერატონს სტუმრობს, ცოტა უფრო ნაკლები შესაძლებლობის მქონენი – მის გარშემო შემოჯგუფებულ ბუნგალოებს, ხოლო ვისაც იმდენი შესაძლებლობა არ აქვს, რომ მთელი სადილის ფასი ერთ ჭიქა კოქტეილში გადაიხადოს, არჩევს, ცოტა მოშორებით, მოკრძალებულ კაფეს ეწვიოს. ყოველი დაწესებულების შეესასვლელთან კი სტუმრებს აუცილებლად ელოდებან პატარა ბავშვები, ხატების ყიდვას რომ ეხვეწებიან ყოველ შემსვლელ-გამომსვლელს. ეს უკანასკნელნი კი სინანულით აქნევენ თავს, რა ვქნა, შენი დიდი ხათრი კი მაქვს, მაგრამ ხურდა კი არაო.

სადილს ძილი უხდება, ძილის შემდეგ კი ზღვა ყველაზე გემრიელია. ალბათ ამიტომაცაა საღამოობით ზღვაზე ხალხის ბუმი. ისევ და ისევ ყოველი მხრიდან ისმის „აბა მოვიდა სიმინდი, ცხელი სიმინდიიი“, „აბა მოხალული მზესუმზირააა“. ყველაფერს კი ის აგვირგვინებს, იქვე თითქოს უპატრონოდ მიგდებულ შეზლონგზე მშვიდად მწოლიარეს თავზე ვიღაც გაურკვეველი ადამიანი გადგება და ერთი შეზლონგისთვის ნახევარ ქონებას გთხოვს. რას იზამ, უნდა გადაუხადო, აქ ხომ ყველას თავისი ბიზნესი აქვს.

სახლში დაბრუნებულს უკვე აღარც გიკვირს ის, რომ წყლის გადავლებას ვერ ახერხებ; წყალი არ მოდის. ამბობენ, ქუჩები რომ გადათხრილია, ზუსტად ამ პრობლემას აგვარებენო. ნეტავ მომავალ წელს მანიც თუ გვეღირსება მარილიანი წყლის ჩამობანა და მტანჯველი ქავილისგან გათავისუფლება. მით უმეტეს პლაჟზე, რომ კვდებოდე, ერთ საშხაპეს  ვერ იპოვი. აბა საშხაპე რა საჭიროა, წინ ამხელა ზღვაა გადჭიმული!

ქუჩაში კი ნელ ნელა ინთება ლამპიონები. ნახევრად აშენებული  (და არა ნახევრად აუშენებელი!) შენობების კარკასებიც ფერადდება და მათ გვერდით წამოჭიმული ამწეებიც. ბათუმი ხომ ფერების ქალაქია, აქ ყველაფერი ანათებს, ოღონდ მხოლოდ ზღვასთან სიახლოვეს. გართობის დროა. ახლა უკვე დისკოთეკები, ღამის კლუბები და სხვა მსგავსი დაწესებულები იღებენ მონოპოლიას. დისკოთეკებსა და კლუბებს ვახსენებ, თორემ მანდ შესვლას იმდენი ფული სჭირდება, ხალხის ნახევარი შენობის გარშემო ამჯობინებს ცეკვას იქიდან გამომავალი რიტმების ფონზე.  ქუჩებში უკვე გამოჩდნენ ნახევარმეტრიან პლათფორმებზე შემდგარი „გოგუშკები“, სეირნობისას რომ ხარბად აცეცებენ თვალებს იმის იმედით, აგერ აგერ, ოცნების პრინცი გამოჩნდება და რომელიმე „ზავიძენიეში“ დამპატიჟებსო. თავის მხრივ, არც კუნთმაგარი პრინცები ჩამორჩებიან ლამაზებს და გაფაციცებულები ეძებენ კონკიას.

ბათუმი ფერად სიბნელეში იძირება, მუსიკა მთელ ქალაქს ედება, ქალაქს არ ძინავს. თვალი ვერ ძღება, მოცეკვავე შადრევნების ცქერით, რომლებიც საოცარი მოქნილობით არხევენ წყლის სხეულს და თავიანთი ულამაზესი ცეკვით პირდაპირ ნირვანაშიც გადაგვიყვანდნენ, რომ არა ის ორნოტიანი ნახევრად აზიური პოპსა მელოდიები, რომლის ფონზეც ხდება ეს თვალისმომჭრელი სანახაობა. მთელი დღის განმავლობაში მოქანცულ სიმინდის, მზესუმზირისა თუ ხატების გამყიდველებს კი ეს სულაც არ აწუხებთ და ხვალინდელი სამუშაოსთვის ძალების მოსაკრებად მშიდად ისვენებენ სახლებში.

ქალაქში ხმაურია, სულ აურზაურია 🙂 ფერები და ბგერები ერთმანეთში ირევა. ცხოვრება ღამით იღვიძებს. პლაჟზე „აბა ახალი სიმინდის“ ნაცვლად უკვე დისკოთეკებზე გაისმის „აბა ყველა ვხურდებით, ვცეკვავთ“. ბათუმი მართლაც ხურდება. არავის აწუხებს ღამის სიგრილე. აქ დრო არ დროობს, მხოლოდ გართობაა ის, რამაც ამდენი ხალხი აქ მოიყვანა.

ფერების ქალაქი უკვე დიდი ხანია დაიმუხტა.

მოცეკვავე შადრევნები მუსიკის ფონზე გამომწვევად არხევენ ტანს.

სადღაც შორიდან ატყორცნილი პროჟექტორებისშუქი ცას წვდება.

მე კი, უკვე დაღლლი-დაანცული, სახლში ვბრუნდები და ვცდილობ, წამოვიდგინო, რა სიურპირზებს შემოგვთავაზებს ბათუმი მომავალ წელს.

ალბათ, წყალი გვექნება.

შესაბამისად, არც ათას თხრილზე ხტუნაობა მომიწევს, სანამ ზღვამდე მივაღწევ.

ალბათ ნახევრად აშენებული (და არა ნახევრად აუშენებელი!) შენობები უკე აშენებულ შენობებად გადაიქცევა.

სამაგიეროდ, ალბათ, გაჩნდება ახალი ნახევრად აშენებული (და არა ნახევრად აუშენებელი!) შენობა, რომელსაც, იმედი მაქვს, მჯერად უკვე სწორად დადებული ბოთლის ფორმა ექნება.

უკვე ბურანში ვიძირები და ძილში საკუთარი ხმა ჩამესმის:

ეს ქალაქი აშკარად ცოცხალია

და მაინც:

„ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!“

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in სიუჟეტი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ნახევრად აშენებული

  1. qeti ამბობს:

    ნამდვილი დასვენება თუ გინდათ, ციხისძირი უნდა ნახოთ.

  2. qeti ამბობს:

    მაგრამ მაინც რომ მინდა ? =)) მე ფოთში ვისვენებ ნათესავებთან =))ვპოულობ სანაპიროზე ისეთ ადგილს სადაც კაცის ჭაჭანება არ არის და მთელი დღე ვგდივარ მზეზე..აი სულიერი სიმშვიდე და დასვენება ეგ არის.ერთი თვე სრული რობინზონის თვე მქონდა..+სიმინდსაც არავინ შემოგთავაზებს,ოჰ რა ბედნიერებაა!!!გესმის მარტო ზღვის ხმა…მაგრამ აი რიონი რომ შემოუტევს ზღვას მერე ტეხავს წყალში ჩასვლა=))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s