ცოტა რამ ქართულ ესტრადაზე

დილით, 7 საათზე, სულ ტყუილად წამოვყავი თავი… 9–დან 12–მდე სამივე ლექცია გამიცდა. არა, კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ აღვნიშნე, რომ დღე ცუდად დაიწყო. ისე, პრინციპში, არცისე ცუდად, იმიტომ, რომ ამ, ერთი შეხედვით, უნაყოფო დასაწყისმა ახალი პოსტი დამაწერინა. ჰმ… თქვენ გგონიათ, რომ მე ახლა ავდგები და მოვყვები რა მოხდა დილიდან საღამომდე? არა, მეგობრებო, ეგ ვის რაში გაინტერესებთ. მე მინდა, უბრალოდ ყველასათვის საყვარელ, ლამაზ და ტკბილად მოსაგონარ ქართულ ესტრადაზე გითხრათ ორიოდე სიტყვა.

ვისაც ორშაბათს ეკა ხოფერიას „აუდიტორია“ არ გინახავთ (არც მე მინახავს, არა უშავს), გეტყვით, რომ სწორედ ამ თემაზე ისაუბრეს გადაცემაში პროფესიონალებმა(!) (თუ არ მინახავს საიდან ვიცი? ჰმ… კავშირები რა… J ).

ჰოდა, იმას მოგახსენებდით, რომ ქართული ესტრადა კარგახანია, მოკვდა და დღეს მხოლოდ შესანდობარში თუ მოვიხსენიებთ ხოლმე, ან, დროგამოშვებით, პარაკლისსაც გადავუხდით. აბა, იქნება ისეთი ბუმბერაზი შემსრულებლებისა და მათი რევოლუციური სიმღერების დავიწყება, როგორებიცაა: „სახე“ (ნამდვილი “ბითლზი” ქართულ შოუბიზნესში), „ფლეში“, „ქუჩის ბიჭები“, სტეფანე, ეკა კვალიაშვილი, აჩიკო მეფარიძე და სხვა ისეთი SUPERSTAR-ები (განგებ დავწერე ინგლისურად, გამიგებთ, ალბათ, ქართული არ ვაკადრე ასეთ სელებრითებს), რომლებიც ჩემს ვიწრო მეხსიერებას კი ახსოვს, მაგრამ დაწერა მეზარება.

არა, ისე, რა დრო იყო! ოთხმოცდაათიანების ბოლო და ორიათასიანების დასაწყისი. აი, ის პერიოდი, საქართველოში რომ აქტიურად დავობდნენ, 21–ე საუკუნე 2000 წლიდან იწყება თუ 2001–დანო. სწოედ რომოქროს ხანა გახლდათ: გამოდიოდნენ და გამოდიოდნენ დიდი ქართველი მუსიკოსები. მაშინ გია სურამელაშვილის ვარსკვლვი ნელ–ნელა ქრებოდა (თუმცა, აღმოჩნდა, რომ დროებით) და ხალხს ახალი სულიერი საზრდო სჭირდებოდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ასპარეზზე „სახე“. ეჰ, მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ის უწყინარღიმილიანი პატიოსანი ბიჭი სულ რამდენიმე წელიწადში ბლანჟეს მოუშვებდა და მინისტრი გახდებოდა (ან მინისტრი გახდებოდა და ბლანჟეს მოუშვებდა, როგორც გინდათ)? „აჰა, აჰა, შენ რა სექსი ხარ?“ – გამომწვევად გვეკითხებოდნენ VHS კამერით (© ეკა ხოფერია) გადაღებული კლიპებიდან და ქართველ გოგო–ბიჭებს ნამდვილი რევოლუციისკენ მოუწოდებდნენ! რა ტექსტი, რა მუსიკა, რა ხმები. ღმერთო ჩემო, ჭეშმარიტი მუსიკის ნიაღვარი იყო!

არ შეიძლება, არ აღინიშნოს ახალი ქართული ცნობიერების ქალღმერთი, ეკა კვალიაშვილი. მან პირველმა იტვირთა მძიმე მოვალეობა, გამოეყვანა ჩვენი შოუბიზნესი ვაკურ–სვეტსკური (© მერიკო ტორაძე) დიალექტის ხანიდან: გაბედა და „სოფელო ჩემო სოფელო“ იმღერა. ნუ, შემდეგ, რომელიღაც ჟურნალთან ინტერვიუში (სახელი ზუსტად არ მახსოვს, მხოლოდ ფერი შემომრჩა მეხსიერებაში – ყვითელი) განაცხადა, „სოფელო“ ჩემი დონის სიმღერა არ იყოო, მაგრამ მთავარია, საქმე ხომ გააკეთა!

შემდეგ იყო „არტ იმედი“ – რომელმაც სრულიად ახალი, მწვანე ფრანკლინისფერი, სული შთაბერა ჩვენს მომღერლებს მათაც, რაც ძალა და ღონე ჰქონდათ, გააცხოველეს ახალ სიმღერებზე მუშაობა. ო, რამდენი გრანდიოზული კონცერტი გაიმართა იმ ოქროს ხანაში. არადა, რა კარგი კონცერტები იყო, ღმერთმანი. არანაირი მუსიკალური ინსტრუმენტები, არანაირი ბექვოკალი და სხვა სრულიად გამოუსადეგარი ნივთები, რომლებიც მხოლოდ მაყურებლის ყურადღების გაფანტვას ემსახურება. ერთადერთი მიკროფონი, მის უკან მომღერალი, ფონად უნიჭიერეს(!) მოცეკვავეთა (თეთრ, ბრჭყვიალა, ან ორივეერთადფერ ტანსაცმელში გამოწყობილი) გუნდი და ნამდვილი, პროფესიონალურ–პლუსფონოგრამიანი კონცერტიც ანშლაგით იმართებოდა.

ახლა კი სადაა ეგ დრო? ფაფუ – გაქრა. ამ მარიაჟმა და ფსევდომუსიკოსმა ახალმა თაობამ, უცხოელებისთვის მიბაძვის გარდა არაფერი ადარდებს, დაიკავა ხელში ეს დენის გიტარები (არა, არ ეშინიათ მაინც, რომ დაარტყათ? რას აკეთებენ მშობლები, ვერ გამიგია!) და წარამარა აჟღარუნებენ. ან ხმა ჰქონდეთ, ან სმენა, ან გამოცდილება. ერთხელ ერთი სიმღერა გამოუვათ და თავი უკვე ვარსკვლავი ჰგონიათ, გამომიცდია ეგ, როგორც პროფესიონალსო – განაცხადა ეკა კვალიაშვილმა „აუდიტორიაში“ და ნუ დაუჯერებ, თუ კაცი ხარ.

თუმცაღა, მიდა გახაროთ მეგობრებო, დღეს მაინც შემოგვრჩნენ ისეთი ხელოვანები, რომლებიც თავს არ ზოგავენ, რომ ძირძველი ქართული ესტრადა ისეთივე სახით შეინარჩუნონ, როგორიც იგი ადრე იყო. ისინი თავიანთ ნიჭსა და მონდომებას არასოდეს ზოგავენ და თვეში ერთხელ მაინც გამონახავენ დროს რომ თავიანთი პროდიუსერების იამახას (იამახა, ერთგვარი კლავიშებიანი საკრავი, მომდინარეობს იმპორტული სიტყვიდან, YAMAHA. დასაშვებია, ასევე, უამანაც, რაც, ჩემი აზრით, უფრო გამართლებულიცაა, რადგან თავს ვარიდებთ სიტყვათა არქაულ, ხანმეტ ფორმებს) მიუსხდნენ და მსმენელს ახალ–ახალი ჰიტები შესთავაზონ. ეს სრულიად ახალი მიმდინარეობაა ქართულ და, ზოგადად, მსოფლიო მუსიკაში, რომელსაც, შეიძლება, პირობითად „დშნ–დნნ არტი“ დავარქვათ. ამ მიმდინარეობის უპირობო დედოფლად კი, ვის დავასახელებთ, თუ არა ერთადერთსა და განუმეორებელს… აქ მინდოდა სახელი დამეწერა, მაგრამ, ვიფიქრე, პოსტის დასრულებისთვისაც მშვენიერი იქნებოდა და პატარა გამოცანაც გამომივიდოდა: ასე რომ მოდით, „მე იმის სახელს არ ვიტყვი, ღმერთმა უშველოს, ვინც არი“.

პ.ს. თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ქართული მუსიკის ისტორიაში ყველაზე ძლიერ ვოკალურ–ინსტრუმენტალურ შესრულებას. დატკბით

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to ცოტა რამ ქართულ ესტრადაზე

  1. jojo ამბობს:

    წარამარა აჟღარუნებენ. ან ხმა ჰქონდეთ, ან სმენა, ან გამოცდილება. ერთხელ ერთი სიმღერა გამოუვათ და თავი უკვე ვარსკვლავი ჰგონიათ,
    ai es momewona gansakutrebit :D:D:D:D:D:D:D xo ici ratomac 😀

  2. salolas ამბობს:

    კარგი იყო : ))) კარგი ხარ :)))

    პ.ს. მოკლედ, ვინც ჩვენ ამ “აუდიტორიის” ყურება დაგვავალა რაა 😛

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s