პირველი საუბარი ღმერთთან

ნოდარ დუმბაძე – მოთხრობა კრებულიდან “გლადიატორი”

საიქიოდან მობრუნებულს არ ჰგავს ეს უბედური?!

ხალხური

ჯერ საშინელი ჭახანი გავიგონე, მერე მილიცელის სტვენა და ბოლოს ვიაცის აღტაცებული შეძახილი: „აუჰ, რა ავარიაა!!!“ მეტი არაფერი. საოპერაციო მაგიდაზე რომ დამდეს, საქმე პირდაპირ ღმერთთან დავიჭირე.

საიქიო თითქმის არაფრით განსხვავდება სააქაოსგან. ის კია, საიქიოშ ტრანსპორტი არ არის, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ერთადერთ ეტლს, რომლითაც დღე და ღამე ილია წინასწარმეტყველი დახრიგინობს და კაციშვილს არ სვამს შიგ.

– დაჯექი! – მითხრა ღმერთმა. დავჯექი და ამოვიოხრე.

– რა მიიღებს ამის სულს! ნახე, როგორ ყარს „ზუბროვკის“ სუნით? – მიუბრუნდა ღმერთი სანდომიანი სახის, გაურკვეველი ასაკის ანგელოზს და პირი ამარიდა. მერე ანკეტა ამოიღო

– გვარი?

– დუმბავა.

– სახელი?

– ჯვებე.

– სქესი?

მე გამეღიმა.

– გახადე შარვალი! – მიუბრუნდა ანგელოზს.

– კაცი ვარ, ბატონო! – შემეშინდა მე.

– ეშმაკი ვერ გაგარჩევთ, რომელი ხართ. ერთმა მომატყუილა უკვე. გახადე შარვალი, რომ გეუბნები!– გაუჯავრდა იგი იმავე ანგელოზს.

– ღმერთი არ გწამს? ჩემით გავიხდი! – ვიკივლე მე.

სქესი: მამაკაცი, – შეავსო ცოტა ხნის შემდეგ ღმერთმა სათანადო გრაფა.

– ეროვნება?

– ქართველი! – ღმერთმა თავი ასწია და დიდხანს მიყურა.

– რომ არ გავხარ? – მითხრა ბოლოს.

– რა ვქნა, ბატონო! – მოვისაწყლე თავი.

– საზღვარგარეთ თუ ხარ ნამყოფი?

– როგორ არა!

– სად?

– თითქმის ყველგან.

– რომელიმე უცხო ენა იცი?

– არცერთი, ბატონო!

– ვაი, შენს პატრონს უბედურს!.. საიდანღაც მეცნობა ეს კაცი. – მიუბრუნდა ღმერთი ვიღაცის პირად საქმეში ჩაფლულ ანგელოზს.

– ეს ის კაცი არ არის, მამაზეციერო, ბრმანაწლავის ოპერაცია რომ გაუკეთს ამას წინათ და მაკრატელი რომ ჩაუტოვეს მუცელში, – უპასუხა ანგელოზმა ისე, რომ ჩემკენ არც გამოუხედავს.

– შენ ხარ, აბა, ის, ბეწვზე რომ ეკიდე? – მიცნო ღმერთმა და გამიღიმა.

– კი, ბატონო, მე ვარ, – გავუღიმე მეც. ღმერთმა უცებ წარბი შეიკრა.

– ბევრს სვამ და ჩქარა დადიხარ, მოქალაქევ!

– ფეხბურთზე მაგვიანდებოდა, პატივცემულო!

– ვერ თქვი დროზე, შე უღმერთო, ამდენი რომ ტყუილუბრალოდ მალაპარაკე? შემოირტყა შუბლზე ხელი ღმერთმა. მერე თვალები გაუბრწყინდა და სკამი ჩემკენ მოაჩოჩა.

– მოყევი, თუ ძმა ხარ, რას შვრება ჩვენი „დინამო“. ამ ბოლო დროს ვეღარ ვადევნებ თვალყურს, ტელევიზორი გადამიწვა იმ დეგენერატმა, ორას ოცზე ჩართო. – გახედა დარცხვენილ ანგელოზს ღმერთმა.

– ჩვენი „დინამო“, მამაზეციერო!…

– მოეშვი, თუ ძმა ხარ, მაგ ოფიციალურობას, უბრალოდ გიორგი დამიძახე, გეხვეწები! – ლოყაზე ხელი მომითათუნა ღმერთმა.

– ჩვენი „დინამო“, გიორგი ჩემო, წელს კარგ ფორმაშია. შეიძლება, პირველი ადგილიც გავირტყათ.

– ვერ ივარგეთ, თორემ თქვენ შარშანაც კი უნდა აგეღოთ პირველი დგილი, – ამოიხვნეშა ღმერთმა.

– შე კაი კაცო, შენ არ იყავი, ბოლო წუთებში რომ გვიღალატე?

– იმ თამაშს სულაც არ დავსწრებივარ, – თვალი ამარიდა ღმერთმა.

– არ დასწრებიხრ, ჩემო ძმო, და კინაღამ დავიღუპეთ. ღმერთი ააშენებს კოტრიკაძის ოჯახს, იმან გადაგვარჩინა.

– არ გადამრიო!

– კი, შენ ნუ მომიკვდები!

– ჩემი ბრალია, არ უნდა გამეჩინა ბურთი მრგვალი, – ჩაილაპარაკა მამაზეციერმა.

– ისე ლაპარაკობ, დალოცვილო, თითქოს მარტო ბურთია შენი გაჩენილი.

ღმერთმა მუდარის თვალით გადმომხედა: ტუ ძმა ხარ, ამ ანგელოზთან ნუ მიჯავრდები და შენობით ნუ მელაპარაკები, თორემ მერე სულ თავზე დამაჯდებაო.

მე ხელად თქვენობით დავუწყე ლაპარაკი.

– ჩემი ღმერთივით ბიჭები რას შვრებიან? – მკითხა ღმერთმა.

– რომელს კითხულობთ ბატონო?

– მესხი, ბარქაია, იამანიძე, ჩოხელი, კოტრიკაძე, კალოევი, რომელი ერთი ჩამოგითვალო, – აღარ ეყო თითები ღმერთს.

– გმადლობთ, კარგად არიან. მოგიკითხათ ყველამ. ძალიან ენატრებით, მაგრამ…

– გადაეცი ჩემგან, ცოტა ღვინის სმას მოუკლონ და საათში ოც კილომეტრზე მეტი სიჩქარით ნუ დადიან, თორემ… კიროვის ბაღის ბიჭების ბღავილი და კისრის ძარღვების ბერვა აღარ უშველით მერე, – წარბები შეიკრა ღმერთმა. – მანქანა რომ კარგი იყოს, მაგენი მომასწრებდნენ მანქანის ყიდვას, ამ ხნის კაცი ფეხით რომ დავეთრევი? არც ღვინო მიყვარს სხვაზე ნაკლებად, მაგრამ ხომ ხედავ? – ღმერთმა ფხვნილის რძე გამოიღო მაცივრიდან და მოსვა.

– ასეა, ბაბაია. ახლა წადი და გადაეცი იმ ბიჭებს, რაც დაგაბარე!

– გადავცემ, ბატონო, მაგრამ მათ მდგომარეობაშიც უნდა შეხვიდეთ, ხანდახან. ახლა, რამდენიმე სათხოვარი მაქვს თქვენთნ. მაღალო ღმერთო, ნუ გამაწბილებთ! – დავეღრიჯე და მუხლებზე დავეცი.

– მთხოვე, შე კაცო! – გამამხნევა ღმერთმა.

– ხომ ხარ, ღმერთო, ღმერთი? – ვკითხე.

– ახლა ვარ ღმერთი, რომ გაგიჭირდა?

– ოღონდ წელს პირველი ადგილი აგვაღებინე, ღმერთო, და…

– რა ვქნა, გენაცვალე, – ჩამომართვა სიტყვა ღმერთმა, – იაკუშინი მთხოვეთ? ჩამოგიყვანეთ. მეტრეველს მეხვეწებოდით? მაგასაც შეგისრულებთ. კარგი ბიჭები გინდოდათ? ეს სიჭინავებ და ხურცილავები ვისი გაჩენილი გგონიათ თქვენ? ჰოდა, ცოტა თქვენც გაანძრიეთ ფეხი. ისღა მაკლია, ამ ხნის კაცი გამოვვარდე მინდორში საცვლის ამარა და თქვენ მაგივრად ვითამაშო, – ანერვიულდა ღმერთი.

– მაგას ვინ გკადრებთ, ბატონო ღმერთო! ოღონდ წელს პირველი ადგილი გვაჩუქე და ქაშუეთში ჩემს სიგრძე სანთელს დაგინთებთ, – გამოვიგლიჯე ყელი მე.

– თუ ძმა ხარ, თავი დამანებე! მასე იცით თქვენ: ჯერ მთხოვთ, მერე გადიხართ ტრიბუნებზე, გადმოაგდებთ ცხრა მეტრო ენას და დედ–მამის სულს მიტრიალებთ.

– შეგვიბრალე, ღმერთო! არ გეცოდებით, დასაკლავი ხარებივით რომ ვბღავით სტადიონზე? – მთლად მოვიმკდარუნე თავი.

– უნდა ითმინოთ. მოთმინებითა შენითაო, წერია სახარებაში. სახარებას ხომ კითხულობ? – მკითხა ღმერთმა.

– არა, ბატონო!

– აბა რას კითხულობ, შე უბედურო?! – გაუკვირდა მამაზეციერს.

– მე რა უნდა წავიკითხო, თვითონ ვწერ, – ამაყად გადავხედე ღმერთს.

– აბა, წერე და იკითხე! – ცალყბად მომიგდო მან.

– ერთი თხოვნა კიდევ… – შევევედრე უფალს.

– მალე თქვი და მორჩი, მეძინება! – თქვა ღმერთმა და დაამთქნარა.

– თუ შეიძლება, აქედან რომ დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში, მოვყვები რა, ღმერთს ველაპარაკე მეთქი.

– სადაც გინდა მოყევი, სულ ერთია, არავინ დაგიჯერებს და…

– რას ბრძანებთ, მე ვინ არ დამიჯერებს?!

– გეყოფა ახლა ტლიკინი, წადი! – მითხრა ღმერთმა და თვალები დახუჭა.

***

თვალი გავახილე. თავზე ცხვირპირაკრული ქირურგი მადგა.

– გამარჯობათ! – ვთქვი მე მიკნავებული ხმით.

– საიქიოდან დაბრუნებულს გაუმარჯოს! – ხელი დამიქნია ექიმმა.

– თქვენ ხუმრობთ, ექიმო, და ამ წუთში ღმერთს ველაპარაკებოდი ფეხბურთზე, – დავიწყე მე.

– ყველაფერი გასაგებია: მძიმე კატეგორიის ტვინის შერყევაა, – სინანულით შემომხედა ექიმმა და თავის კანტურით გავიდა პალატიდან.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in გლადიატორი and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

20 Responses to პირველი საუბარი ღმერთთან

  1. toffty ამბობს:

    dzalian kargi krebulia, bolos 1 tvis win wavikitxe da yovel wakitxvaze cremlebi momdis sicilisgan.
    dzalian kargi azria gamoqveyneba , motxrobebis titqmis yvela tema axlac aqtualuria da mokled, magaria.

  2. salome khvadagiani ამბობს:

    aiiii uuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuumagres!!!!!!!!!!!!!!!! sul wakitxuli makvs danarchenebic da yvela dalian magaria 🙂 gamoaqveyne yvela shansi rom ar moewonos vinmes ar aris 🙂 auuuuuuu dalian miyvars es kaci :* yvelaze chemi mwerali :* miyvars :* da shen dalian didi madloba am excelis wyalobit daelamebuls amis wakitxva da cxeli chai yvelaze metad gamisworda :*********

  3. salolas ამბობს:

    უზომოდ მიყვარს!! და კარგია რომ გამოაქვეყნე : )))

    “მეორეს და მესამეს მხოლოდ თქვენი თხოვნის შემდეგ გამოვაქვეყნებ (მეცოდინება რა, რომ გაინტერესებთ) :)”
    ველოდებიი : ))

  4. sooof19 ამბობს:

    ბავშვობა გამახსენა 🙂 რა კარგი რამეა 🙂 ჩემი საყვარელი ჟანრი 🙂

  5. dekemberiusi ამბობს:

    ყველა წაკითხული მაქვს, მისი ყველა მოთხრობა თუ პატარა ნოველა.
    ყველაზე მეტად მიყვარს.
    იცი მისი მოთხრობებს ყველა რომ ვერ იგებს? მისი გაგება მხოლოდ გამორჩეულებს შეუძლიათ.
    შემიძლია 1000ჯერ წავიკითხო მისი მოთხრობები, 1000ჯერვე გამეცინოს გულიანად და არ მომბეზრდეს.
    ყველაზე მაგარია.
    <3<3<3

  6. jazzmena ამბობს:

    არ მქონდა წაკითხული… კარგი იყოოო!!!!

  7. TinaTin ამბობს:

    ეს ბლოგი შემიყვარდა……….

  8. კავკასია ამბობს:

    ღმერთო მინდა მალე ჩამოხვიდე ზეციდან რომ ეს თავხედი რუსები ქალები გაანადგურო სააბოლოოდ ღმერო მერე გეტყვი რატომ საჭიროა და იმიტომ

  9. xatia ამბობს:

    ” რა ვქნა, გენაცვალე, – ჩამომართვა სიტყვა ღმერთმა, – იაკუშინი მთხოვეთ? ჩამოგიყვანეთ. მეტრეველს მეხვეწებოდით? მაგასაც შეგისრულებთ. კარგი ბიჭები გინდოდათ? ეს სიჭინავებ და ხურცილავები ვისი გაჩენილი გგონიათ თქვენ? ჰოდა, ცოტა თქვენც გაანძრიეთ ფეხი.”__გენიალურადაა ნათქვამი.ბევრ რამეზე ჩაგაფიქრებს…კარგი წამოწყებაა შენი მხრიდან…

  10. scorpion ამბობს:

    ბავშვობაში რომ ვკითხულობდი, ვცდილობდი თავი შემეკავებინა ცრემლებისაგან. მაგრამ რა, მე შემეკითხებოდა ცრემლი თუ??-ჩემებს უკვირდათ, რა ატირებს ამ ბავშვს სახალისო მოთხრობებზეო. ესე იგი, მარტო მე არ ვყოფილვარ………….

  11. Tamuna Zurabishvili ამბობს:

    danarcenebi ar aris arsad?? dumbadis, gladiatori dzaan magaria :)))

  12. Qefcho ამბობს:

    ესაა ბიჭო უცნობი მოთხრობა?:დ ეგ კი არა, ის დროა იუვეს სკუდეტო ვთხოვოთ მე და შენ :დ

  13. ia ამბობს:

    am motxrobis mtavari azri mitxariit vinmem ra

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s