წითლად მოხატული ზეწარი

თხუთმეტი მარტი, 2011

მოგეხსენებათ, ალბათ, რამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია გუშინდელ საინფორმაციო გამოშვებაში გასულმა რეპორტაჟმა. ვისაც არ გინახავთ, ეს იყო უნიჭიერესი, უკრეატიულესი და უიმედისმომცემესი ქართველი რეჟისორის, ბიკენტი გაბისკირიას (ჩემი ინფორმაციით, იგი ვიწრო წრეში ცნობილია, როგორც ბიკო) ახალი ფილმის, „წითლად მოხატული ზეწარის“, პრემიერის შესანიშნავი გაშუქება. ბიკენტი გაბისკირია ერთერთი იმ ხელოვანთაგანია, რომელმაც დაარღვია ეს საშნელი, ავადსახსენებელი, მეტიც, გოიმური(!) კედლები ქართულ კინოში, უარჰყო კლიშეები და ფართოდ გაუღო კარები სექსს. მისი ბოლო ფილმი, მე ვიტყოდი, შედევრი, გაჯერებულია სექსითა და ხელოვნებით იმდენად, რამდენადაც ეს ავსებს და ავითარებს იგი ჩვენს კინოხელოვნებას. თუმცა, ჩემი საუბარი რაღა საჭიროა, როდესაც მე თან მაქვს გუშინდელი რეპორტაჟის ვიდეოჩანაწერი და თქვენ, მეგობრებო, წილად გხვდათ ბედნიერება, ექსკლუზიურად იხილოთ იგი (რასაც, რა თქმა უნდა, მე უნდა მიმადლოდეთ).

ბევრს არ გავაგრძელებ, აი პულტიც (ოჰ, რა სიამოვნებით ვუყურებ უკვე მეთექვსმეტეჯერ) და დავიწყოთ.

***

– …გთავაზობთ პირდაპირ რეპორტაჟს კინო რუსთაველიდან, სადაც ჩვენი კორესპოდენტი, ნინჩკა იმყოფება. ნინჩკა.

– მმმ… გაამარჯობა ყველას (აქ ცოტას დავუწევ ხმას, თორემ ძალიან ყვირის ეს გოგო), გამარჯობა ზეზვა! დიახ, მეეე ახლაა ვიმყოფებიი კინო რუსთაველში, ბიკოს, იგივე, ბიკენტი გაბისკირიაას ახალი შედევრის, „წითლად მოხატული ზეწრის“ პრემიერაზეეე. დააა მინდა გითხრაათ, აქ ძალიან ბევრი ხალხია მოსულიიი, იმდენად ბევრიიი, რომ ფეხზე დასადგომი ბილეთებიც კი გაიყიდააა…

– ნინჩკა, ჯერ კიდევ გუშინ ხალხი აპროტესტებდა ამ ფილმის გამოსვლას და გამოკითხულთა 98–მა პროცენტმა თქვა, რომ ასეთი საზიზღრობის სანახავად კინოთეატრში არასოდეს წავიდოდა…

– დიააახ, ეს ნამდვილად ასეააა, მაგრამ, ჩემ უკან თქვენ ხედავთ გადავსებულ დარბაზს. თან, რაც მთავარიაა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ადამიანიააა აააქ შეკრებილიიი, მაინც გასუსულია დარბაზიიი და უყურეებს ფილმს. მინდა გითხრაათ, რომ აქ არიის ქართული ელიტა მოსულიიი, აქ არიან მომღერლებიი, დიზაინერებიიი, პოლიტიკოსებიიი დაა სხვა სელებრითებიი დააა ყველაამ აღნიშნააა, რომ ეს ფილმიი იქნებოდა რევოლუციურიიი ნაბიჯიი ქართულ კინოში. დააა, ზეზვა, მე მინდა გაგახაროთ, აქ არიის თვით დღევანდელი დღის გმირიი, თვითონ ბიკო, და თავადვე გვეტყვის თავისი ფილმის შესახეებ… თაან, პარალელურაად, ექსკლუზიურად ჩვენი ტელემაყურებლისთვიის, ჩვენ ზურტს უკააან, ხედავთ ეკრაანს სადაც გადის ფილმიი. ბიკო როგორ ხარ?

– ძალიან კარგად, ძალიან კარგად. მინდა გითხრა, რომ ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, რადგან დღეს გაიმართა ჩემი ფილმის პრემიერა, რომელსაც ქვია „წითლად მოხატული ზეწარი“. და, რაც მთავარია, აქ ძალიან მაგარი აურაა, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი, ძალიან ბევრი სითბოა (აქ ბიკომ რვაკუთხედი პეპელა შეიხსნა, უცალსახელოო პიჯაკი გაიხადა და გამჭვირვალე პერანგი სამ ღილზე დაიტოვა), და ძალიან ბევრი ხელოვნებაა!

– ბიკო, რას გვეტყვი თვით ფილმ… (ნინჩკას სიტყვა ფილმში დაძაბულმა სიტუაციამ შეაწყვეტინა: სიყვარული უდიდესი აღმაფრენის მომტანია თითოეული ჩვენგანის შინაგან სამყაროში და მე მინდა შენს სხეულს ისევე დავეუფლო, როგორც აპოლონი ეუფლებოდა არტემიდეს ოლიმპოს მთის ძირში. დამიბრუნდი, ფელიცია! – აბაზანის კარზე ბრახუნით ეხვეწება ცრემლმორეული მთავარი გმირი მეორე მთავარ გმირს.)

– იცი, ნინჩკა – ნინჩკა ხო? – მინდა გითხრა, რომხელოვნება თვით რჩეულთა ხვედრია და მე დღეს ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს ახალ, მოკრძალებულ შედევრს ამდენი ადამიანი ასეთი დიდი ინტერესით უცქერს. შენ იცი, მე მაკრიტიკებდნენ. სექსისტი და უნიჭოც კი მიწოდეს. მაგრამ მე მხოლოდ გამეცინა ამაზე, იმიტომ, რომ არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა საბჭოთა გოიმიზმისგან. მათ უბრალოდ დონე არ აქვთ შესაბამისი – სიტყვა სექსიც კი აღიზინებთ. მათ არ იციან, რომ სექსი ხელოვნებაა. ჩემო ნინჩკა, ჩვენს საზოგადოებას განათლება აკლია, კითხვა აკლია! ვინღა ეკარება დღეს კამასუტრას, ვინღა ეცნობა სექსის კულტურას? განა მხოლოდ კლასიკური ლიტერატურა ავითარებს გონებას? რა თქმა უნდა, არა, ნინჩკა, შენ ეს ძალიან კარგად იცი. ჩემს ფილმში მართლაც არის მცირე ეროტიკული სცენები, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სწორედ იმ სათქმელის გამოსახატავად, რაც მე ამდენი ხნის განმავლობაში დამიგროვდა გულში. ეს, ისევ და ისევ, ხელოვნებაა, ნინჩკა, და ჩვენს საზოგადოებას, ბნელ საზოგადოებას, უბრალოდ არ ესმის სექსის როლი კინოში (აქ ნინჩკა აღარ უსმენს რესპონდენტს, რადგან მის უკან ეკრანზე აპოლონმა და არტემიდემ ოლიმპოს ძირში ცეცხლი დაანთეს. ბედნიერებისა და აღფრთოვანებისგან სახემილულული აპოლონი სიამოვნებით უცქერს გულისსწორს, რომელიც მის ულაყზე შემომჯდარა და თავდავიწყებით აგელვებს: ხან მაღლა აუყვება მთას, ხან დაბლა. ხელოვნებისა და ცხენოსნობის ნებისმიერ ჭეშმარიტ მოყვარულს განაცვიფრებს მისი საოცარი მხედრული ოსტატობა. არტემიდეს სევდანარევი კისკისი, ასე რომ ჰგავს კვნესას, იმდენად ატკბობს და ნუსხავს დარბაზს, რომ შეუძლებელია, ეკრანს თვალი მოაშორო. ამ დროს კადრში ჩნდება ოლიმპოდან შემთხვევით ჩამოფრენილი ჰერმესი, რომელიც ამ მხიარული სანახაობის ხილვისას ბედნიერებისგან ფრთებს იძრობს თავისი წაღებიდან და მოკისკისე არტემიდეს ღიტინით აგდებს ცხენიდან. ეს სცენა თხუთმეტი წუთის განმავლობაში გრძელდება, და იმდენად ტვირთავს მაყურებელს დადებითი ემოციით, რომ მათაც გადაუვლის კვნესანარევი კისკისის ტალღა).

– დიახ, ბიკოოოო, ეს ნამდვილააად ხელოვნების ნიმუშიააა, უბრალოოოოდ შესანიშნავია, და ამ ფილმმა, ვფიქრობ, დაიმსახურააა ამდენი მაყურებელი. ვფიქრობ, შენს შედეეევრს დღეიდან უფრო და უფრო მოემატება თაყვანისმცემლებიიიი დააა, ვისაც ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ, აუცილებლად იხილოთ ეს შესანიშნავიი ქმნილებაა. მე დარწმუნებულიი ვაარ, ბიკოო, შენი ფილმიიი, იქნებაა ნაბიჯიი, რომელიც მოაბრუნეებს ახალგაზრდეებს, ჭეშმარიტიი, ღირებულიიი ხელოვნებისაკეენ. დაა, კიდევ ერთხეელ, დიდი მადლობა შეეენ, ბიკოო, და იქნეებ, მოდიი, ერთად ჩავიდეეთ დარბაზშიიი და ბოლომდე ვნახოოთ ფილმიიი, ან, იქნეებ… ზეზვა.

– …

– ზეზვა.

– …

– ზეზვა?

***

ამ მომენტიდან გავთიშავ, იმიტომ, რომ საინტერესო აღარაფერი ხდება, მხოლოდ მცირე ჟურნალისტური ხარვეზები შეინიშნება. არა უშავს, ჩვენი მედიის დონე მართალია, დღეს დიდად დამაკმაყოფილებელი ვერაა, მაგრამ ასეთი მცირე ხარვეზები, ვფიქრობ, მალე გამოსწორდება. მთავარია, გვეღირსა და მივაღწიეთ იმას, რომ ტელევიზიები უკვე აქტიურად აშუქებენ ჩვენი კულტურის განვითარებას და გუშინდელი რეპორტაჟი ამის ნათელი მაგალითია.

პ.ს. სანამ დაგემშვიდობებოდეთ. მართალია, არ მიყვარს პათეტიკურ და მაღალფარდოვან სიტყვებზე კოორდინირებული პერფომანსები, მაგრამ არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გამოვხატო ჩემი უდიდესი სიმპათია ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ისევ და ისევ, ბიკენტი გაბისკირიას მიმართ. სექსმა გვიმრავლოს ასეთი ჭეშმარიტი ხელოვანები.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მშვიდობიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to წითლად მოხატული ზეწარი

  1. გაკრეჭილი ამბობს:

    სექსმა გვიმრავლოს შენნაირი ხელოვანები ! :პ

  2. sophia ამბობს:

    სექსი არის ერთი და იმავე სახეობის ინდივიდებისათვის ნიშანდობლივი ურთიერთკონტრასტულ მორფოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ნიშან–თვისებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველჰყოფს გამეტების მეშვეობით მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემას და ახალ თაობათა წარმოქმნას. <<< თავისთავად "ხელოვნებაა"

  3. sophia ამბობს:

    ნამდვილად მასეაა.. 😀 (P.S და მაგ ”უგანთლლებულეს” კაცს ვერ ვიტან :D)

  4. xatia ამბობს:

    ამიტომ მიყვარს შენი “ბლოგთავსის”კითხვა…ვგიჯდები შენს სატირაზე………

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s