ჩემო ორმოცდახუთი წლის ბავშვო…

მშობლის როლი ყველა ბავშვის ცხოვრებაში ძალიან დიდია განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა და ა.შ.  ეს ფრაზა, ალბათ, აბსოლუტურად ჭეშმარტი იქნებოდა, რომ არა ერთი პატარა ქვეყანა, რომელსაც ჩვენ, ყველანი, საქართველოს სახელით ვიცნობთ. საქართველოში (რომელიც, ასევე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სამშობლოა), დამეთანხმებით, მშობლის როლი შვილის ცხოვრებაში უდავოდ განსაკუთრებულია. მაგალითად: ადამიანის განვითარების ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ მცირე, ასე, ექვს წლამდე, ან ცოტა მეტი ასაკის ბავშვებისათვის უფროსები (განსაკუთრებით, მშობლები), ყოვლისშემძლენი არიან. ასაკის მატებასთან ერთად ეს წარმოდგენა ნელ–ნელა ქრება. აი, ჩვენთან კი სულ სხვაგვარადაა საქმე. რაც უფრო იზრდება ბავშვი იგი უფრო და უფრო აცნობიერებს მშობლის ყოვლისშემძლეობას და ისინიც გულმოდგინედ ცდილობენ, იმედები არ გაუცრუონ შვილს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვით, რომ ცამეტწლიანი (ცამეტი იმიტომ, რომ მანამდე, ანუ ექვს წლამდე, სამწუხაროდ, არაფერი მახსოვს) დაკვირვებების შედეგად მივხვდი, რომ ქართველ მშობელს, საკუთრივ, მშობლობის გარდა შეუძლია, საჭიროებისამებრ, სხვა ნებისმიერი პროფესია შეითავსოს, თან ძალიან დიდი წარმატებით.

მოდით, ჩემთვის ყველაზე ახლოს მდგომით დავიწყებ:

მშობელი, როგორც ჟურნალისტი – მას (მათ) შეუძლია(თ) რეკორდულად მცირე დროში რეკორდულად ბევრი ისეთი კითხვის დასმა, როგორიცაა: სად იყავი? ვისთან იყავი? რას აკეთებდი? რა ჭამე? და ა.შ. კითხვბის სიმწვავე, სიხშირე და რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დიდი ხანი გაატარა შვილმა სახლს გარეთ. აქ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი რამაა გასათვალისწინებელი: მშობელი ჟურნალისტის პროფესიას ითავსებს, როდესაც შვილი რაღაც მანქანებით კითხვებს პასუხობს. მაგრამ, აი, თუ პასუხები არ არის, საქმეში ერთვება

მშობელი, როგორც ფსიქოლოგი – მას დუმილის შემთხვევაშიც კი, სხეულის ენაზე დაყრდნობით, შეუძლია ამოიცნოს შვილის სათქმელი. ამ დროს მასსა და შვილს შორის დაახლოებით ასეთი მონოლოგი იმართება:

– სად იყავი? – სეირნობდი

– ვისთან ერთად? – მეგობართან

– გოგოსთან თუ ბიჭთან? – ანუ გოგოსთან

– მე ვიცნობ?… – რატომ არ ვიცნობ?

– ჭამეთ რამე?

ამ მონოდიალოგის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება, მაგრამ, მოდი, ბოლო კითხვაზე შევჩერდები. აქ კიდევ ერთ ფრიად მნიშვნელოვან პროფესიასთან გვაქვს საქმე.

მშობელი, როგორც დიეტოლოგი – მითხარით, ვის შეუძლია, მშობელზე უკეთ განსაზღვროს, რა სჭირდება მის ორმოცდახუთი წლის ბავშვს საუზმედ: ფაფა, ჩაი, თუ კარაქიანი პური? ამ პუნქტს თან ერთი მცირე, მაგრამ საინტერესო ქვეპუნქტიც ახლავს. აქ წინ იწევს მშობლის, როგორც სასწორის ფუნქცია. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მამიდაჩემს შეუძლია დღის ნებისმიერ მონაკვეთში ერთი შეხედვით დაადგინოს ჩემი სხეულის მასის ცვლილება გრამებში. მაგრამ მშობელს არამარტო შვილის წონის, არამედ მისი შემოსავლისა და გასავალის ზედმიწევნით ზუსტად დათვლაც შეუძლია. დიახ, დიახ, აქ სხვა არავინაა, თუ არა

მშობელი, როგორც ეკონომისტი – ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, როცა შვილი მუშაობს. ხოლო თუ შვილი უმუშევარია, საქმე გვაქვს

მშობელთან, როგორც სპონსორთან – ეს პუნქტი მოიცავს ნებისმიერი ასაკის ბავშვებს, დაწყებული ერთი წლიდან, დამთავრებული… პრინციპში, რაღა დამთავრებული. აქაც, როგორც დიეტოლოგის შემთხვევაში, გვაქვს მცირე ქვეპუნქტი: მშობელი, როგორც სპონსორი, ოღონდ სატელეფონო კომპანიების. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მამიდაჩემი დღის განმავლობაში ჩემთან დასარეკად, სულ მცირე, სამ ლარს ხარჯავს, ხოლო ჩემს ოცდაშვიდი წლის დეიდაშვილს დეიდაჩემი სამსახურში საათში ბარე სამჯერ ურეკავს, ეს ქვეპუნქტი ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.

დამეთანხმებით, არსებობენ დამჯერი ბავშვები, მაგრამ, ასევე გვხვდებიან ურჩებიც. ამ შემთხვევაში სხვა გზა არაა, საქმეში უნდა ჩაერთოს

მშობელი, როგორც პოლიციელი (ან, თუ გნებავთ, მოსამართლე, პროკურორი, კერძო დეტექტივი, აგენტი და ა.შ.) – მას შეუძლია ნებისმიერ დროს ნებისმიერი ვადით ნებისმიერ ფასად აღკვეთოს შვილის თავისუფლება; ცხელ კვალზე ამხილოს დანაშაულში; უტყუარ წყაროებზე დაყრდნობით გამოიძიოს შვილის ბრალეულობა ამა თუ იმ საკითხში (მშობლისთვის არასასურველ გოგოსთან (ბიჭთან) ურთიერთობა იქნება ეს, თუ, უბრალოდ, „ცუდ წრეში ტრიალი“).

აღარაფერს ვამბობ მშობლების ისეთ უმნიშვნელოვანეს პროფესიებზე, როგორებიცაა: მაჭანკალი, ფარული კამერა, უხილავი მიკროფონი, პირადი წერილების მკითხველი და ა.შ.  ისინი ისედაც ყველასათვის ძალიან ნაცნობი და, ცოტა არ იყოს, ბანალურიცაა. მხოლოდ ერთს დავძენ: გაგიკვირდებათ და თქვენს დედებს, მამებს, დეიდებს, მამიდებს, ბიძებს და სხვა ახლო ნათესავებს შეუძლიათ შეითავსონ ისეთი პროფესიაც, როგორიცაა

მშობელი, როგორც შვილი – გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მშობელს, თავის მხრივ ჰყავს მშობლები, რომლებიც ასევე ზედმიწევნით ზუსტად ჯდებიან ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ პუნქტში.

ახლა კი, მეგობრებო, სანამ ჩემ თავზე არ გამომიცდია ქართველი მშობლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროფესია, მშობელი, როგორც ღვთის რისხვა, ვარჩევ, დროზე დავსვა წერტილი და მოვშორდე აქაურობას. თან, მით უმეტეს, უკვე სამჯერ მომიკაკუნეს კარებზე, ძილის წინ ჩაი გიცივდებაო.

 

პ.ს. ჩემს ბლოგზე კომენტარების დატოვება სრულიად თავისუფალი და უფასოა, ასე რომ, გაბედულად 🙂

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in კვირის პალიტრა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to ჩემო ორმოცდახუთი წლის ბავშვო…

  1. ტასი ამბობს:

    რამდენი წლის ხარ, ვერ გავიგე, 19-ის თუ 45-ის? ვგონებ 45 წლისა მშობელი (ები)ა, და შენ 19-ის. სწორად გავიგე?
    პ.ს. მომწონხარ, კარგი იუმორი გაქვს

  2. xatia ამბობს:

    ra bednieri var, rom chemi mshobeli arc ert aq moyvanil kriteriums ar “aqmayofilebs”_madloba deda…:D:D:D

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s