სექსის უკმარისობის პრობლემა ქართულ შოუბიზნესში

არ არსებობს ხუმრობა, რომელშიც არ არის სიმართლის მარცვალი /ვიღაცის ნათვამი/

ეს წერილი ხუმრობაა /ჩემი ნათქვამი/


ძალიან ბევრი მიფიქრია ქართულ შოუბიზნესზე: ხან აქედან მივუდექი, ხან იქიდან, ხან როგორ შევხედე, ხანაც როგორ, და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი აღმოვაჩინე. მოგეხსენებათ, ალბათ, ჩვენი ესტრადა რაოდენ ყვავის, განსაკუთრებით, ბოლო ათი წლის (პრინციპში ცოტა უფრო დიდი ხნისაც) განმავლობაში. ისიც ჩემზე უკეთ იცით, თუ რამდენი (მეგა)ვარსკვლავი გაზარდა ქართულმა სცენამ. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვისაც „პროფილი“ ან „ნანუკას შოუ“ ერთხელ მაინც გინახავთ, ამდენი ვარსკვლავისა თუ თანავარსკვლვლავედის ცქერით, ასტრონომიაში, ხატოვნად რომ ვთქვა, ფრიად განისწავლებოდით. ჰოდა, იმას გეუბნებოდით, ამ ჩვენს შოუბიზნესზე ძალიან ბევრი ვიფიქრე მეთქი და საბოლოოდ დავასკვენი, რომ მის მიმართ მიმართული ყველა კრიტიკა (და, დამეთანხმებით, კრიტიკა ძალიან ბევრია) საფუძველსაა მოკლებული: აქ მხოლოდ ერთი პრობლემაა – სექსის უკმარისობა, რომელიც ნათლად აისახება ჩვენი ვარსკვლავების შემოქმედებაში.

მოდი, ჩემს თეორიას რამდენიმე საკმაოდ ცნობილი სიმღერის მაგალითზე განვიხილავ.

თუ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში (თბილისელებო, ნუ გიხარიათ, კუთხეებში დედაქალაქსაც ვგულისხმობ) ქორწილში მოხვედრილხართ, აუცილებლად გექნებათ მოსმენილი „წუხელის ქალი მესიზმრა, ქალი კი არა ქალღმერთიო“, რომ გვამცნობს მომღერალი. ასეთ სიზმარში, თავის მხრივ, გასაკვირი არაფერია (აბა ამხელა მომღერალ, თან ვარსკვლავ, მამაკაცს სხვა კაცები ხომ არ დაესიზმრებოდა?!), მაგრამ საყურადღებოა ამ სიმღერის ტექსტის ერთი ნაწილი: „რაღაცნაირად, ალერსიანად მეფერა და მეფერაო“ რომ ამბობს და თან დასძენს, გამოღვიძება არ მსურდაო. ჩნდება კითხვა: რატომ არ სურდა გამოღვიძება მომღერალს? სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ცხადში მოკლებული იყო „რაღაცნაირ, ალერსიან მოფერებას“ და ერჩივნა, სიზმარში მაინც ღირსებოდა ეს სიამოვნება. მართალია, სიმღერა არ აღწერს, თუ როგორ გაგრძელდა ეს ალერსი შემდგომში (არადა, ძალიან საინტერესო იქნებოდა ამის გაგება), მაგრამ საქმეში ჩახედული ადამიანი, ალბათ, თვალნათლივ წარმოიდგენს ზემოთ მოცემული სიზმრის განვითარებას.

წინა მაგალითისგან განსხვავებით, სიმღერა, რომელსაც ახლა მოგიყვანთ, აბსოლუტურად თავისუფალია კომპლექსებისგან, არც სიზმრებში ხედავს ლამაზებს და მეტიც (წინსვლა სახეზეა)მომღერალი (მომღერლები) პირდაპირ მიმართავს სატრფოს: „როგორ მინდა მოგეფერო, შენ რა სექსი ხარო“. აქაც ჩნდება ლოგიკური კითხვა: შე დალოცვილო, თუ წინ გიდგას შენი გულისსწორი, თან ისე ახლოს, რომ შეგიძლია თხოვნითაც კი მიიმართო, რატომ პირდაპირ არ მიხვალ და მოეფერები? მაგრამ, როგორც ჩანს, აქაც მცირე სირთულესთან გვაქვს საქმე: გამოუცდელი მსმენელი, ალბათ, მართლაც იფიქრებს, რომ სიყვარული მომღერალთან (მომღერლებთან) სულ რამდენიმე ნაბიჯშია, მაგრამ, ნურას უკაცრავად! აქაც, მიუხედავად აშკარა პროგრესისა, მაინც, დაახლოებით, ისეთივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როგორც წინა მაგალითში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ ადრე მომღერალი სიზმრად ხედავდა საოცნებო ქალს, აქ პირიქით, ცხადში წარმოიდგენს და თან ისე ნათლად, რომ ესაუბრება კიდეც.

პგოგრესი უკვე თვალშისაცემია სიმღერაში, რომელმაც, ოდესღაც, ლამის, მთელი საქართველო დააავადა სიყვარულისა და ლექსების სენით. „მოდი, ადე, თავი მანდეო“ მიმართავს მომღერალი სატრფოს, რითაც აშკარად აგრძნობინებს, რომ არაფერს ავნებს – სრულიად სანდოა. მაგრამ მეორე წამს დასძენს: „გაერთე გათენებამდეო“. მომკალით თუ გინდათ, ისევ გამიჩნდა შეკითხვა: თუ ასეთი პატიოსანი და სანდო ხარ, რატომ რყვნი ახალგაზრდა გოგოს (იმედი მაქვს, ახალგაზრდას), და ასეთ წინადადებას რატომ სთავაზობ? დავიჯერო გართობაში ჭადრაკის თამაში იგულისხმება? გამოუცდელი მსმენელი აქაც იფიქრებს, რომ ქალის მხრიდან ამ შემოთავაზებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვება, მაგრამ სიმღერა სულ სხვაგვარად ვითარდება: „მოდის ეგზომ მშვიდი რიდით ემოცია ჩვენთან დიდი“. ჩანს მომღერალმა, როგორც იქნა, დაითანხმა გულისსწორი და ისინი ერთად გადაეშვნენ უზარმაზარი ემოციის მორევში. თუმცა ისიც საკითხავია, ეს სიმღერა რეალურ მოვლენას აღწერს, თუ აქაც ავტორის უზადო ფანტაზიასთან გვაქვს საქმე.

სასიყვარულო სცენის ბევრად უფრო დეტალური აღწერაა კიდევ ერთ საკმაოდ ცნობილ სიმღერაში, რომლის, ავტორიც, როგორც ჩანს, მშვენიერი მხედველობითაც გამოირჩევა. აბა სხვანაირად როგორ ავხსნათ მისი სიტყვები: „მოდიხარ ჩემკენ შენ ნაზად, ვერაფერს გიმალავს კაბა“. ასევე, ეტყობა, მომღერალს დიდი ხანია არ უნახავს სატრფო. ეუბნება კიდეც, „როგორ მომენატრეო“, შემდეგ კი გვიყვება, თუ როგორ ეხება ტუჩები ტუჩებს და იმედოვნებს, რომ წინ საოცარი ღამე ელოდება. რაღა უკმარისობის პრობლემაო, მეტყვით, მშვენიერი დრო უტარებია ამ კაცსო, მაგრამ დაუკვირდით, როგორ გრძელდება სიმღერა: „მითხარი, ისევ მითხარი, რომ ეს არ ყოფილა სიზმარი…“ ვაი, რომ ისეთივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როგორც პირველ მაგალითში. ავტორმა აქაც სიზმარში აიხდინა ოცნება და ახლა ცდილობს, როგორმე დააჯეროს თავს, რომ ეს ყველაფერი ცხადში მოხდა, თუმცა ამაოდ.

ვფიქრობ, ასევე სექსის უკმარისობის პრობლემასთან გვაქვს საქმე ქართველთათვის კიდევ ერთ ძალიან ცნობილ და საყვარელ სიმღერაში, თუმცა ეს წარმოდგენა მხოლოდ ვიდეოს ნახვის შემდეგ შემექმნა და, სანამ სიტყვების მნიშვნელობას არ გავიგებ, დასკვნების გამოტანისაგან თავს შევიკავებ. ჯერჯერობით კი აქტიურად ვარ დაკავებული იმის გარკვევით, თუ რას ნიშნავს ქართულად „შინამანაკენა“.

ამით, თქვენი ნებართვით, დავასრულებ ჩემს მცირე მიმოხილვას. მანამდე კი გამცნობთ, რომ ასევე ვიძიებ ქართულ შოუბიზნესში ზოოფილიის, სიბნელის შიშის („ქალი ხარ, ქალი ხარ როგორ პანტერა, მერე რა, რომ, მერე რა, რომ ღამდებას“ მიხედვით), უფულობის („პატარა გოგო, მითხარ, როგორ, ზამთარი ერთად გადავაგოროთ“), დაბალი თვითშეფასებისა („მახინჯი ვარ…“) და უსაფუძვლო ოპტიმიზმის („…მაგრამ შენთვის გავკარგდები“) პრობლემებს. შედეგებს კი უახლოეს მომავალში გაახლებთ.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in კვირის პალიტრა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to სექსის უკმარისობის პრობლემა ქართულ შოუბიზნესში

  1. wild child =)) jojo ამბობს:

    :D:D:D:D:D:D:D:D:D bevri vicine 😀

  2. Social Animal ამბობს:

    კიდევ კარგი რომ არ ვუსმენ ართულ ესტრადას თუ რაც არის. ბევრი სიმღერა ვერც ვიცანი.
    ჩემი აზრით, საქმე სექსის კი არა, რითმის უკმარისობაშია და ზოგადად, ნიჭის.
    ::)

  3. ტასი ამბობს:

    მშვენივრად მახალისე. გაიხარე

  4. same old fears ამბობს:

    ჩVვიფსი სიცილით :დ

  5. tata ამბობს:

    dzalian nichieri adamiani xar !!!!!!!!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s