ნეტავ, ვისი ბრალია?

 

ომკანიდან წყალი მოდის, ატალახდა მთელი ეზო,

სუყველაფერს ხედავს გია, სუყველაფერს ხედავს რეზო,

ორივენი ღია ონკანს აუვლიან, ჩაუვლიან:

ხომ არაფერს აშავებენ? – მაინც დანაშაულია!

ბავშვობაში ნასწავლი ლექსი

ჩვენ, ქართველები, ბუნებით მაქსიმალისტები ვართ: არასოდეს გვაკმაყოფილებს უკვე არსებული და ყოველთვის გაუმჯობესებისკენ მივილტვით. ალბათ ამიტომაც უკვე ჩვევად გადაგვექცა ყველასი და ყველაფრის კრიტიკა. გვიყვარს საზოგადო მნიშვნელობის თემებზე საუბარი, მეტწილად სადმე, მყუდრო გარემოში, სუფრის გარშემო. განვიხილავთ ქვეყნის ჭირ–ვარამს, პრობლემას პრობლემაზე ვამატებთ და ყოველ წამს ვიმეორებთ: „გვეშველება რამე?“. დიახ, ჩვენ გვანაღვლებს ჩვენი სამშობლოს დღევანდელი მდგომარეობა, მაგრამ, ნეტავ, ვისი ბრალია?

ერთადერთ ხსნას დასავლეთში ვხედავთ, რადგან სადღაც გაგვიგია, იქ კარგი ცხოვრება არისო: ყურით გაგონილს კი თვალით ნანახი სჯობს, ამიტომაც ხშირად ვსტუმრობთ ევროპასა თუ ამერიკას და გვიხარია, რომ აქ ქართველებს განსაკუთრებით აფასებენ: იმდენად, რომ მათთან ურთიერთობაშიც  კი საგანგებო სიფრთხილეს იჩენენ. ჰმ, რა უნდა ამ ხალხს? რატომ გვერიდება? რა დავაშავეთ ასეთი? ჩვენ ხომ მათი სტუმრები ვართ და მეტი არაფერი? მაგრამ ისინი მაინც უნდობლად გვიყურებენ: ნეტავ, ვისი ბრალია?

ქუჩაში და ტრანსპორტშიც კი არასოდეს გვტოვებს ფიქრი და წუხილი იმის შესახებ, რომ ევროკავშირში ვერა და ვერ შევდივართ: ერთმანეთს ვუზიარებთ ევროინტეგრაციის გეგმის საკუთარ ვარიანტებს, გვაწუხებს, რომ საქართველოში ვერ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც სწორად წარმართავს “ქვეყნის მამოძრავებელი მანქანის საჭეს”. ჰოდა, ამ ფიქრებით აფორიაქებულნი პირდაპირ ქუჩაში ვყრით ნებისმიერ ნაგავს, რომელიც ხელში მოგვხვდება, ან ცხელ გულზე ჯავრს ტრანსპორტის სავარძლებსა თუ მინებზე ვიყრით. აბა, ამდენს ვმსჯელობთ, ვკამათობთ, მაგრამ მაინც ვერ ვუახლოვდებით ევროპას! ნეტავ, ვისი ბრალია?

დიდი სჯა–ბაასის შემდეგ, რა თქმა უნდა, გადავწვდებით ძლიერთ, ამა ქვეყნისა: ვაკრიტიკებთ მათ თვიანთი უნიათობის გამო, მყუდრო სავარძლებში მოკალათებუნი თვლყურს ვადენებთ მათს თითოეულ ნაბიჯს. ვამბობთ, რომ არ ვერევით პოლიტიკაში, მხოლოდ განვიხილავთ მას: პოლიტიკა ხომ პოლიტიკოსების საქმეა! იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც სწორედ ჩვენი მეშვეობით მოხვდნენ იქ, „ზევით“, როცა მორიგ არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეობრივი ბალი შევასრულეთ. არჩევნებიდან არჩევნებამდე კი ვთვლით, რომ დანარჩენი უკვე ჩვენი საქმე აღარ არის. პროგრესი კი, რატომღაც ჯერ ძალიან შორსაა: ნეტავ, რისი ბრალია?

მაგრამ არც მთლად ეგრეა საქმე, რომ სულ უმოქმედოდ ვიყოთ და კრიტიკის გარდა არაფერს ვაკეთებდეთ: რაღაც დროის შემდეგ ვხვდებით, რომ უბრალო სჯა–ბაასი ბევრს არაფერს მოგვიტანს და საქმეზე გადავდივართ. საქმე კი ისევ და ისევ ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაციებია, წელიწადში ერთხელ მაინც დედაქალაქის ცენტრში კემპინგის მოწყობაა. აბა სხვანაირად როგორ შეიძლება? უსაქმურობა ადამიანის პირველი მტერია, აქციებზე კი კარგად ვერთობით და დროსაც შესანიშნავად ვკლავთ. ვითხოვთ ვადამდელ ცვლილებებს: აბა პროგრესს ვერ ვხედავთ და… შემდეგ კი, უშედეგოდ გარჯილები ისევ სახლებში ვბრუნდებით და ვაგრძელებთ სჯა–ბაასს საქართველოს „ბედის ბორბლის შესახებ, რომელიც ისევ უკუღმა ტრიალებს“ და, ნეტავ, ვისი ბრალია?

ეჰ, სადღაა ძველი დრო: მაშინ ხომ ყველაფერი კარგად იყო: ხალხს სამსახური ჰქონდა, პურის ფულს ყოველთვის შოულობდა და თუ წყნარად იქნებოდა, არც იმის შიში ჰქონდა, რომ მის ცხოვრებისეულ იდილიას რამე დაემუქრებოდა. „შიში შეიქმს სიყვარულსაო“, იმ პერიოდზეა ნათქვამი: ყველას ყველასი ეშინოდა, ამიტომაც ზედმეტ სიტყვა არავის წამოსცდებოდა ხოლმე, ჰოდა ყველაფერი კარგად და მშვიდად იყო. დღეს კი რა ხდება? ღამით ვერ დაგიძინია იმაზე ფიქრით, რომ გუშინ, ვიღაც ვიგინდარამ, რომელსაც ავტობუსში ღირსეულად განუცხადე, ამ მთავრობას მე მგზავრობაში ფულს არ ვუხდიო, მთელი ხუთი ლარით დაგაჯარიმა! აბა ეს ცხოვრებაა? ვინ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე? ნეტავ, ვისი ბრალია?

ამ  ყველაფრის შემდეგ კი, იმედს ნელ–ნელა ვკარგავთ, რომ საერთოდ არსებობს რამე, რაც გვიშველის. ისევ ვიკალათებთ რბილ სავარძლებში და უკვე სჯა–ბაასიც გვეზარება: მაინც არავინ გვისმენს და რა აზრი აქვს?! ვაღებთ ფანჯარას და ნაგვის საშინელი სუნი შემოდის: „ო, ამათ ხომ დასუფთავებაც ვერ ისწავლეს!“. ავდივართ ტრანსპორტში და წყევლა–კრულვას არ ვაკლებთ მათ, ვინც ასე ვანდალურად „დაარბია“ იქაურობა. ამჯერად კონტროლიორებსაც გადავურჩით, ეს უკვე კარგია. ხელფასი კი ისევ დაგვაკლეს: ბიუჯეტში ფული არ არისო – ნეტავ, ვისი ბრალია?

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი and tagged , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ნეტავ, ვისი ბრალია?

  1. civiseli ამბობს:

    ჩემი ბოლო პოსტის გავლენაა

  2. ცივისელო, http://www.kvirispalitra.ge/specialurad-saitistvis/4382-netav-visi-bralia.html
    აბა ამ ლინკს შეხედე და მერე თარიღს, როდისაა დაწერილი და მერე მითხარი ვის ვისი გავლენა აქვს 😉

  3. :) ამბობს:

    ზუსტი ხარ, ძალიან მაგრად აღწერე ყველაფერი მაგრამ + ერთი რამ…
    საუბედუროდ საზოგადოების ნაწილის ნაწილი რომელიც პოსტში ასახულ უბედურებაზე “წუხს”, მეგობრებში საუბრობს, კამათში ერთვება და ლანძღავს ყველას ვინც ასეთ ვანდალიზმს სჩადის (აქ არ ვიცი ს-უნდა თუ არა) თვითონვე როცა მარტო რჩება იგივეს აკეთებს – ან ისევ იმ ხალხთა ერთად ვისაც 2 დღის წინ გაცოფებული ეკამათებოდა.
    “მერე რა ქარალდი რომ გადავაგდე”-მაინც დალპება და გაქრება აი ცელოფნები და ბოთლები კი!!!!!!

  4. qetusia ამბობს:

    :Dმაგარი იყო=))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s