მოდა მოდის

კარგად დავიწყებული, მაგრამ დღევანდელობას მშვენივრად მორგებული სტატიებიდან 🙂

მოდას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, იმდენად დიდი, რომ მისი გაჩენის ზუსტი თარიღი არავინ იცის. საქართველოში იგი, სავარაუდოდ, მაშინ გაჩნდა, როცა მზიამ ზეზვას პირველად განუცხადა, მომბეზრდა ეს მგლის ბეწვი, უკვე აღარავის აცვია, წადი და სასამური მოინადირეო. ისე, ხუმრობა იქით იყოს და, მოდას ჩვენთან მართლაც დიდი ტრადიციები აქვს. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ევროპელი მოგზაურები საქართველოში სტუმრობისას გაოცებას ვერ მალავნენ – პარიზული მოდა თბილისში სულ რაღაც ორი კვირის დაგვიანებით ვრცელდებაო. ეს, დაახლოებით, ის პერიოდი იყო, ჩოხას რომ ფრაკი ენაცვლებოდა. მართალია, ეს პროცესი ტრადიციების მოყვარული ქართველებისთვის არც ისე უმტკივნეულო იყო, მაგრამ დრომ მაინც თავისი გაიტანა.

მეოცე საუკუნეში, ცოტა არ ი ყოს, ჩამოვრჩით მსოფლიო მოდი ს სამყაროს: საბჭოთა კავშირში არ მალავდნენ, რომ „დასავლური ბურჟუაზიის“ ყოველგვარი გადმონაშთი სახელმწიფოს მტერად ითვლებოდა. სამაგიეროდ არსებობდა საბჭოთა მოდა, თავისი „კარაკულის შუბებითა“ და წითელი ყელსახვევებით. პრინციპში, მოდაც ეგ იყო, თუ იყო, დიდ-პატარას ზუსტად ერთნაირად ეცვა ერთ ყაიდაზე შეკერილი „კოსტუმ-შრვლები“. „მუშათა და ჯარისკაცთა“ ქვეყანაში ხომ ასე მნიშვნელოვანი იყო საქმიანი ქალისა და მამაკაცის იმიჯი, ჩაცმულობაში, ვარცხნილობასა და, ზოგადად, ცხოვრების სტილშირაც გამოიხატებოდა.

თუმცა, სამოცდაათიანი წლებიდან, როცა „ბითლომანია“, ათასგვარი აკრძალვის მიუხედავად მაინც რაღაცნაირად შემოძვრა რკინის ფარდის ქვეშ და ნელ-ნელა დამკვიდრდა საბჭოთა მიწისქვეშეთში, მოდამ, უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ტრანსფორმაცია განიცადა. უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდნენ გრძელთმიანი ბიჭები, ასე ძალიან რომ უნდოდათ, ლივერპულელ ოთხეულს დამსგავსებოდნენ. ტრადიციულ ნაჭრის შარვლებს ნელნელა დაუვიწროვდა ზედა ნაწილი, ხოლო ქვედა გაეშალა, შედეგად კი შლაქსი მივიღეთ. თუმცა ეს მაინც არ იყო ის, რაზეც მაშინდელი ახალგაზრდები ოცნებობდნენ. ჯინსი, საბჭოთა თინეიჯერებისა და არამარტო თინეიჯერების ფარული ოცნება, ჯერ კიდევ რკინის ფარდის მიღმა რჩებოდა. აქ ჯინსი მხოლოდ ერთეულებს თუ ჰქონდათ, ისიც, დასმენისა თუ „დაპადიეზდების“ შიშით, კარადაში სათუთად შენახული. ო, როგორ ნატრობდნენ მაშინ, რომ ერთხელ მაინც ენახათ საკუთარი თვალით წარწერა Levi’s.

შემდეგ რკინის ფარდა დაირღვა, ჰოდა ჯინსი ისე შემოვარდა საქართველოში, როგორც კედელგანგრეული დამბიდან გადმოხეთქილი წყლის ნაკადი. ნელ-ნელა ავუჩქარეთ ნაბიჯს, რომ ჩვენსა და მოდას შორის გაჩენილი დისტანცია როგორმე შეგვემცირებინა. ჯინსები დღეს უკვე აღარავის უკვირს: რამდენი სახის გინდა, სულო და გულო, ბაზრობაზე რომ არ შეგხვდეს: არმანი, ვერსაჩე, დოლჩე და გაბანა, ლევისი, ვრანგლერი და კიდევ ვინ მოთვლის… გამყიდველები გულმოდგინედ გიმტკიცებენ, რომ მათიანთი საქონელი მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა დიზაინერებმა შეკერეს, შემდეგ კი უკვე ჩვენ ვუმტკიცებთ სხვებს, რომ ბაზრობაზე ნაყიდი „დოლჩე და გაბანა“ სულ რამდენიმე დღის წინ იტალიიდან გამოგვიგზავნეს. ჩვენ ხომ ყოველთვის ვეტრფოდით დასავლეთს, ჰოდა  ჩვენს ტანსაცმელზე იქაური დიზაინერების სახელიც კიუკვე სიამაყის საფუძველს გვაძლევს.

დღესდღეობით კი, საქმე ისე მიდის, მგონი მსოფლიო მოდას კი არ ვეწევით, უკვე გავასწარით. ჩვენი თანამემამულე დიზაინერები ჩვენებას ჩვენებაზე მართავენ და ჩვენც გული სიხარულით გვევსება, რომ მოდა ჩვენში ისევ ცოცხლობს. საითაც უნდა გაიხედოთ, თვალში აუცილებლად მოგხვდებათ ბრჭყვიალატანსაცმლიანი ახალგაზრდები, სიყვარულით რომ „მოსიარულე დისკოთეკები“ შეარქვა ქართველმა საზოგადოებამ. ფრანტები გამომწვევი გარეგნობით ცდილობენ,  ყველას დაუმტკიცონ თავიანთი უკომპლექსოობა და პროგრესული აზროვნება, ან უბრალოდ გამვლელ-გამომვლელის ყურადღება მიიქციონ: შედეგად კი უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ რაც ბრჭყვიალებს, ყველაფერი ოქრო არ არის.

ისე, გოგონები, მართალია, ბრჭყვიალა ტანსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ ბიჭები ვერა და ვერ შეელივნენ შავს (ნუ, ხანდახან თეთრსაც გაიკარებენ ხოლმე). არ ვიცი ეს რისი ბრალია, ქართველი მამაკაცები მეტისმეტად კლასიკოსები ვართ, თუ, უბრალოდ, ფერადი ტანსაცმელი მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი გვგონია, მაგრამ, ფაქტია, ბნელი ფერები ტანსაცმელთან ერთად მუდამ გასდევს ჩვენს ცხოვრებას.

მაკიაჟის ხმარება რომ ქართველებს მუდამ ძალიან გვიყვარდა, სადავო არ არის, მაგრამ ტონალური კრემით ზამთარ-ზაფხულ, ყინვასა და პაპანაქებაში სახის გათხუპვნა, ვგონებ, ჩვენს თანამედროვე გოგონებს უკვე ცხოვრების აზრად ექცათ. ამიტომაცაა, ალბათ, რომ სახეზე შეხებას მუდამ ერიდებიან, არიქა, ანაბეჭდი არ დაგვრჩესო. ხოლო ვისაც ტონალური კრემი არ მოსწონს, სოლარიუმს, ან, თუნდაც საკუთარი კორპუსის სახურავს აკითხავს, რომ, რაც შეიძლება მაგრად გაირუჯოს, მიუხედავად იმისა, უხდება ნარუჯი თუ არა. მთავარია, ყავისფერი კანი დღეს მოდაშია!

ჩვენ, როგორც ცნობისმოყვარე ხალხს, რა თქმა უნდა, გვიტაცებს ყველაფერი უცხო და ეგზოტიკური. ჰოდა, თუ აქამდე ნესტოსა და მსგავს არატრადიცულ ადგილებზე პირსინს მხოლოდ სუბკულტურების წარმომადგენლები, ან, მარტივად, სხბებზე თამამი ადამიანები  იკეთებდნენ, დღეს გახვრეტილი ნესტო უკვე ქარული მაღალი მოდის სამყაროს განუყრელი ნაწილია. საითაც გაიხედავთ ყველგან მოჰკრავთ თვალს პატარა მბრწყინავ წერტილს რომელიმე გამვლელის ცხვირზე. მაღალ მოდას, მგონი, დღეს მულტფილმების გმირებიც აყალიბებენ: აბა სხვა რით აიხსნება ის, რომ ქუჩაში ყოველ მეორეს თუ არა, მესამეს მაინც, ალადინის მსგავსი შარვალი აცვია – უბე რომ კოჭებამდე სწვდება. სიმართლე გითხრათ, როცა მაგ მულტფილმს ვუყურებდი, სულ მიკვირდა, რანაირად ახერხებს ეს ბიჭი ასეთი შარვლით ნაბიჯების გადადგმას მეთქი, მაგრამ ახლა, ქართულმა მოდამ დამარწმუნა, რომ თურმე ეს არც ისე რთული ყოფილა.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენში მოდა ისეთი ტემპით ვითარდება, რომ ყოველგვარ საზღვრებს გავცდით. პრინციპში, საქართველოში ეს გასაკვირი არცაა: ქართველებს, ხომ ყველაზე მეტად გვიყვარს (და კარგადაც გვეხერხება) სხვისი საქციელის, ჩაცმულობის ან, თუნდაც, ლაპარაკის მანერის მიბაძვა: ყოველთვის ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ მათ, ვინც გაბედავს და რამე ახალს შემოგვთავაზებს. სწორედ ამიტომაც ჩვენში ყველაფერი ორიგინალური რეკორდულად მოკლე ხანში ბანალურდება.

რაც გუშინ იყო მოდაში, დღეს აღარ არხსოვთ, ისევე, როგორც გუშინ არ ახსოვდათ გუშინწინდელი. ხვალ კი დღევანდელისგან სრულიად განსხვავებულ რამეს შემოგვთავაზებენ.

მოდა მოდის, მეგობრებო.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to მოდა მოდის

  1. Nina Gorecki ამბობს:

    მართალი ხარ, თბილისური მოდა ძალიან გადამდებია

    ოღონდ ერთი ეგაა, ვერ დავადგინე საიდან მოდის ეს ტენდენციები. ჯერ კიდევ გასულ წელს ევროპაში ზედმეტი რუჯი ძალიან ცუდ ტონად ითვლებოდა, ჩაცმითაც სხვა ქვეყნების სთრით სთაილს თუ გადახედავ, ყველა ერთმანეთს ჰგავს და ჩვენ გვაქვს ამოვარდნილი საერთო სტილიდან ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s