მარტივი გამოსავალი, ძველბიჭობა, და სარეცხი ფხვნილის ეკონომია

ამასწინათ, გადავწყიტე ბაზრობაზე შემევლო და რამე ისეთი მეყიდა, თბილიც რომ იქნებოდა, მოქსოვილიც და, ყველაფერთან ერთად, ფერადიც. ბევრი ვიარე ტანსაცმლით დახუნძლულ დახლებს შორის, თუ ცოტა ვიარე, თქვენც არ მომიკვდეთ, ვერაფერი ჩემთვის სასურველი ვერ აღმოვაჩინე: არა, მოქსოვილი და თბილი იცოცხლეთ, თავზესაყრელად იყო, მაგრამ აი, ფერადისა რა მოგახსენოთ. მართალი გითხრათ, დიდად არც გამკვირვება, რადგან, ჩვეულებრივ, ბაზარში არის ის, რასაც ხალხი ითხოვს და რაც მეტად იყიდება. თვით გამყიდველებიც ამბობენ, რომ მოთხოვნა, ძირითადად, მუქი ფერის ტანსაცმელზეა და ფერადი ნაკლებად საღდება. შესაბამისად, საითაც უნდა გაიხედოთ, იშვიათად თუ შეგხვდებათ ადამიანი, რომელიც თავიდან ფეხებამდე ერთი ფერში, ძირითადად, შავად ან ნაცრისფრად, არ არის შემოსილი.

რატომ გვაქვს ქართველებს შავი ფერისადმი მიდრეკილება? რატომ ვერიდებით სამოსში ფერების უფრო გაბედულად შეტანას? და, საერთოდ, რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი?

ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ფერები ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის განწყობის შექმნაზე, ისევე, როგორც თვით ადამიანის  ხასიათზეა დამოკიდებული, თუ როგორ ფერს ანიჭებს უპირატესობას. მაგალითად, შავი მუქი ფერები დეპრესიულ განწყობაზე, მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე მიუთითებს. თუ ამ გადასახედიდან ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ მთელი საქართველო უარყოფით ემოციებშია ჩაძირული და კარგახანს არც აპირებს ამოსვლას. ამის მიზეზი, ერთი შეხედვით, ჩვენი უახლესი ისტორია უნდა იყოს: ომები, არეულობა, მძიმე ეკონომიკური ვითარება… თუმცა, ისიც ცხადია, მთლად ასეც არაა საქმე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საფიქრებელია, ახალგაზრდობაში მაინც უნდა იყოს ისეთი მუხტი, რომელიც მათს გარეგნობას და, ზოგადად, გარემოს ფერებს შესძენს. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიცც უფრო მეტად ცდილობენ, ფერადად გამოიყურებოდნენ, თუმცა უმრავლესობაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით.

თვითონ ახალგაზრდები ამას მრავალი მიზეზით ხსნიან: ზოგიერთი ფიქრობს რომ შავი ბევრად პრაქტიკული მოსახმარია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფერი, თითქმის ყველა ფერს უხდება, და, შესაბამისად, ადამიანს არ უწევს ზედმეტი ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეუხამოს განსხვავებული ფერის სამოსი ერთმანეთს. ეს, ერთი მხრივ, საზოგადოების დაბალ გემოვნებაზეც მიუთითებსო – ამბობს ოცდაერთი წლის ნიკა და დასძენს – შეიძლება ჩვენი გარდერობის ჩაშავების ერთერთი მიზეზი ისაა, რომ ქართველები, ცოტა არ იყოს, წავუძველბიჭებთ და ძველბიჭობას რომელი ფერი შეესაბამება უკეთ, ვიდრე შავიო.  ზოგიერთი, მართალია, შავი ტანსაცმლით დადის, მაგრამ ამბობს, რომ ფერადი ურჩევნია, თუმცა ზამთრის გამო ვერ იცვამს – ზამთარში ყველა, უფრო მეტად, მუქ ფერებში იმოსება, და, შესაბამისად, მეცო – მითხრა ოცი წლის თინათინმა. ტანსაცმლის ფერის შერჩევაზე, როგორც ჩანს, სხეულის აღნაგობა მუსიკალური  გემოვნებაც მოქმედებს. სოფიო, თვრამეტი წლის, ამბობს, ზოგი იმიტომ დადის შავ ტანსაცმელში, რომ ფიგურას „უფრთხილდება“ და თვლის, რომ შავი ფერი ახდუნებს, ზოგი კი, უბრალოდ, მეტალისტია და იმიტომო.

მუსიკალური გემოვნების, ძველბიჭობის, სეზონისა და აღნაგობის გარდა, ახალგაზრდების აზრით ადამიანების ჩაცმულობაზე ჯერ კიდევ ძალიან მოქმედებს გასული ოთხმოცდაათიანი წლები. მათი აზრით, ხანგრძლივმა უშუქობამ, უსითბოობამ და უფულობამ ჩაამუქა არამარტო ადამიანების ხასიათი, არამედ, მათი სამოსიც. ისინი მიეჩვივნენ შავებში სიარულს: ამ ფერის ტანსაცმელი მარტივი მოსავლელია, რადგან ნაკლებად ეტყობა ჭუჭყი, და, შესაბამისად, უფრო იშვიათად სჭირდება გარეცხვა. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ ყველაფერთან ერთად შავი ფერს იმიტომაც ირჩევენ, რომ იგი კლასიკურია და ელეგანტური.

ამ ყველაფრის გარდა, არის ერთი, საკმაოდ საკმაოდ საყურადღებო რამ, რაც განაპირობებს ადამიანების ჩაცმულობას. ეს არის სქესი. აშკარად შესამჩნევია ის, რომ ჩვენში, ძირითადად, გოგონები მეტად გამბედავები არიან ფერადი ტანსაცმლის არჩევაში, ვიდრე ბიჭები. ბიჭის მიერ ზოგიერთი ფერის, მაგალითად, ვარდისფერი მაისურის ჩაცმა კი, რატომღაც სხვა ადამიანებში მის სექსუალურ ორიენტაციაზეც კი ბადებს ეჭვს.

კი მაგრამ, რა უნდა ვქნათ, თუ გვინდა ფერადი ტანსაცმელი გვეცვას? ბაზრობა, როგორც ვთქვით, სულ გადამუქებულია და იმდენი ფული ჩვენ ვინ მოგვცა, მაღაზიებში ვირბინოთ თბილისში, ან, მით უმეტეს, საზღვარგარეთ. ამ პრობლემას ახალგაზრდები (და არამარტო ახალგაზრდები) მარტივად ჭრიან: ერთადერთი ადგილი, სადაც სამოსში ფერების არჩევანია, „სექნდ ჰენდია“, მეორადი ტანსაცმლის ბაზრობები თუ მაღაზიები, სადაც, როგორც მათივე აბრები გვამცნობენ, იყიდება „ევროპული ტანსაცმელი“, ანუ „ტანსაცმელი ევროპიდან“. ჩვენს სანატრელ ევროპაში კი, ჩვენგან განსხვავებით ნათელ ფერებს უფრო ანიჭებენ უპირატესობას: იქ არც ოთხმოცდაათიანები გაუვლიათ უშუქობით და უფულობით, არც ძველბიჭობაზე სმენიათ რამე და არც ტანსაცმლის გარეცხვა ეზარებათ კვირაში ერთხელ. და რაც ყველაზე მთავარია: იქ დიდად არავინ დარდობს, თუ როგორ გამოჩნდება ქუჩაში გამვლელი უცნობის თვალში მის მიერ შეხამებული მწვანე შარვალი ყვითელ მაისურთან.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in სიუჟეტი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to მარტივი გამოსავალი, ძველბიჭობა, და სარეცხი ფხვნილის ეკონომია

  1. litterator ამბობს:

    სხვათაშორის ამ მხრივ ცოტა გამოსწორებულია მდგომარეობა, მაღაზიებში, ბაზრობებზე ახლა უფრო ფერად ტანსაცმელებს, ფეხსაცმელებს ვხვდები ხოლმე ვიდრე ადრე.

    ”ოგიერთი ფიქრობს რომ შავი ბევრად პრაქტიკული მოსახმარია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფერი, თითქმის ყველა ფერს უხდება, და, შესაბამისად, ადამიანს არ უწევს ზედმეტი ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეუხამოს განსხვავებული ფერის სამოსი ერთმანეთს.” – აი ამის მიზეზი ფინანსური მდგომარეობაა, როცა იმდენი ფული არ გაქვს რომ თეთრ ზედას თეთრი ჩექმა შეუხამო და წითელ კაბას წითელი ტუფლი, მაშინ ცდილობ იყიდო ერთი და ისეთი რაც ყველაფერს უხდება.

    • ვიცი, მესმის ეგ სიტუაცია: ბაზრობებზეც არის ერთი–ორი სექცია ფერადი ტანსაცმლით, მაგრამ მაგათ გამყიდველებს რო ვკითხე, მითხრეს ძირითადად არ საღდებაო…
      მე, პირადად, უფულობის პრობლემას მეორადებში ბოდიალით ვაგვარებ და ფერებსაც არ ვუჩივი 😀 🙂

  2. vampirate ამბობს:

    mwvane sharvali da yviteli maisuri , mgoni, sakmaod kargi shexamebaa ♥
    ogond xasxasa mwvane 🙂
    kargia, am problemaze rom dawere, mec ar momwons gadashavebuli sazogadoeba.
    me shavi mimachnia ert-ert yvelaze cocxal ferad (gaxunebul shavze ar vambob) da iseve rogorc araert fers, chemtvis shavsac tavisi mnishvneloba aqvs, magram amdeni chashavebulis gamo mxolod am fershi gamowyobit verafers vambob. mxolod masis nawili vxdebi da ar momwons.

  3. Lord Vader ამბობს:

    ნაკლებად ეტყობა ჭუჭყი და იშვიათად სჭირდება გარეცხვა – ქართულად. თორემ, სინამდვილეში ეს ორი სრულიადაც არ უკავშირდება ერთმანეთს. 🙂
    მაგრამ მაგ ლოგიკითაა ხალხი ტანს რომ თვეში ერთხელ იბანს (გამოკითხვის შედეგებით) – აქაოდა ტანსაცმლის ქვეშ მაინც არ ჩანსო. 🙂

  4. ketusi ამბობს:

    uf,მე ფერების ფანი ვარ,თუმცა შავიც მიყვარს.
    ’ჩამუქებული’ ტანსაცმელი მართლაც მასებში უსახსრობის ბრალია,
    მაგრამ მაიც,გემოვნებიანი ადამიანი მაინც ახერხებს ’გაიფერადოს’ გარდერობი.

  5. სალომე ამბობს:

    რატომ შავი? http://www.youtube.com/watch?v=dY8_vZXo8oY :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s