ცოტა საპონი და ცოტაც ფანტაზია

1930–იან წლებში ამერიკაში ჭურჭლის სარეცხი საშუალებების მწარმოებელმა კომპანიებმა არნახული მოგება ნახეს მაშინდელ რადიოსივრცეში ახლადდამწიფებული ხილის წყალობით. ეს ახალი ხილი მრავალსერიიანი დრამები იყო, რომლებსაც უკვე 1940 წლისათვის დღის ეთერის თითქმის 90 პოცენტი ეკავა. ენაწამახულ ჟურნალისტებს კი მეტი რაღა უნდოდათ – სიტუაციის შესაბამისად, ხელად გამოაცხვეს ახალი ტერმინი: სარეცხი საშუალებების გახშირებულმა რეკლამებმა და, შესაბამისად, მაღალმა გაყიდვადობამ, სიტყვა „საპონი“ ჩააგონათ, ამას ცოტა ირონიაც დაამატეს, ცოტა ცინიზმი, გონებამახვილობა გემოვნებით და „საპნის ოპერაც“ მივიღეთ.

მას შემდეგ აგერ უკვე ოთხმოცი წელი გავიდა, მაგრამ საპნის ოპერამ აქტუალურობა არათუ დაკარგა, თამამად შეიძლება ვთქვათ, მოიმატა კიდეც. მსოფლიოში ტელევიზორის ფართოდ გავრცელებამ კი ტელენოველებს, როგორც იტყვიან, სულ ია–ვარდით მოუფინა გზა. ეს ბრაზილიურიო, ეს მექსიკურიო, ეს პერუულიო, ესპანურიო, ამერიკულიო… რამდენი სახის გინდა, სულო და გულო, სერიალები რომ არ შეგხვდეს… შენ ოღონდ ინატრე. მნატვრელები კი საპნის ოპერას ნამდვილად არ აკლია: მას ყველა უყურბს: ხუთი წლის ბავშვიდან დაწყებული მოხუცი ბებიებით და ბაბუებით დამთავრებული. ჰოდა, თუ მეზობლის სახლიდან დღის რომელიმე მონაკვეთში ისმის სიტყვები: „წყეულიმც იყავ, შე ველურო გომბიო“, ან რამე მსგავსი, არავის მოუვა თავში აზრად, პატრულის გამოძახება ოჯახური კონფლიქტის გამო: ყველამ იცის, აქ მორიგ სერიალს უყურებენ. შესაბამისად, ტელევიზიებიც ერთგულ მაყურებელს იმედებს არ უცრუებენ და სანატრელი სერიებითაც უხვად ამარაგებენ. სერიალებით, თან როგორი სერიალებით! არავის დაავიწყდება, ალბათ, ის ხანა, როდესაც „ველურმა გულმა“ დაიპყრო ქართული ტელეეკრანები. შემდეგ „გვადალუპე“, „ბლანკოს ქვრივი“ და კიდევ ვინ მოსთვლის, რამდენი ასეთი ხელოვნების ნიმუში ვიხილეთ.

საყვარელ სერიალებს, რა თქმა უნდა, საყვარელი გმირებიც მოჰყვება. საქართველოს ისტორიის ფურცლებზე, ალბათ, ოქროს ასოებით ჩაიწერება ის მომენტი, როცა გულანთებულმა ფანებმა გულთამპყრობელ მარიო ჩიმაროს მზიანი საქართველოდან ძღვენი გაუგზავნეს. თავის მხრივ, არც მარიო დარჩენილა ვალში და მას შემდეგ ამ უკანასკნელის უბადლო ღიმილის გარეშე ჭეშმარიტ ქართულ ოჯახში საღამო არ ჩაივლის. თუმცა, სერალები არამც და არამც არ მთავრდება იქ, სადაც ტიტრები იწყება: სერიიდან სერიამდე, როგორც წესი, მიმდინარეობს უსასრულო გარჩევები… ეს უკვე ჩვეულებრივი ფაქტია, მაგრამ ამას ძირითადად უფროსები აკეთებენ. უფრო პატარები კი, არჩევენ ეზოში ითამაშონ პრისიონერობანა, ან ანხელობანა… თამაშის სახელწოდება სერიალის სათაურიდან გამომდინარეობს, სათაურების ჩამოთვლა კი შორს წაგვიყვანს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ხორხე, ლუის მარიო, მანუელა, გონსალო და სხვები უკვე კარგა ხანია ჩვენი ოჯახების ფრიად მისაღები სტუმრები გახდნენ. მათს ცხოვრებას ყველა ადევნებს თვალს, თუმცა, უმეტესობას, რომ ჰკითხო, რას ამბობთ, ვერ იტანენ საპნის ოპერას. კითხვაზე კი, „მაშინ, რატომ უყურებო“ მუდამ აქვთ პასუხი: დროის გასაყვანად და მძიმე დღის შემდეგ დასასვენებლად ყველაზე კარგი საშუალებააო. ამ დასვენება–განტვირთვაში კი სერიალები ერთმანეთს ენაცვლება. „ტურფა საბაღნარო“ ცარიელი არასდროს რჩება, ერთი მიდის, მეორე მოდის და, ერთგული მაყურებელიც, შესაბამისად სერიალის გმირების ცხოვრებით ცხოვრობს: იცვამს ისე, როგორც ისინი იცვამენ, საუბრობს იმ ტერმინებით, როგორც ისიცნი საუბრობენ,  იზიარებს მათს პრობლემებს, არჩევს მათ და ხშირ შემთხვევაში საკუთარ ცხოვრებაშიც გადმოაქვს. ტელენოველები უკვე ადამიანების ცხოვრების ნაწილი გახდა, ან, უფრო სწორად, ადამიანები გახდნენ ტელენოველების ნაწილები. ლუის მარიო, გონსალო, ხორხე და სხვები კი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ეცდებიან, ასეთი საფიქრალი არ მოგვაკლონ და ისევ ყოველდღე გაგვიღიმებენ ცისფერი ეკრანებიდან. მანამდე კი, ისღა დაგვრჩენია, დღიდან დღემდე მორიგ დამაინტრიგებლად ჩახლართულ სენტიმენტალურ ისტორიებს ველოდოთ. ასე, რომ, როგორც, ალბათ, ჩვენი მეგობარი მარიო იყოდა, Hasta la vista amigos!

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in სიუჟეტი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ცოტა საპონი და ცოტაც ფანტაზია

  1. dudana ამბობს:

    :)) chemma shvilma nelnela espanuri iscavla serialebis gadamkide

  2. siyvarulovna ამბობს:

    საქს საპნის ოპერები 😐 ყველა ერთი და იგივე შინაარსის მატარებელია

  3. nataqali7 ამბობს:

    მაგარია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s