ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ

ავტობუსში, ასე, ათი–თორმეტი წლის ბავშვი მედგა წინ. რომ შემომხედა, შევამჩნიე, რომ აშკარად დიდი და გამოცდილი ბიძის შთაბეჭდილება დავუტოვე, ჰოდა, ბავშვებს (და არამარტო ბავშვებს) ხომ ძალიან უყვართ დიდ და გამოცდილ ბიძებთან თავის მოწონება: ბევრი იფიქრა, ხან სალარო აპარატს ეცა, ხან იქვე მჯდარ ბებიამისს; ხან ადგა, ხან დაჯდა, ბოლოს მომიბრუნდა და „ეჰ, დავიღალეო“ ისე მითხრა, უკვე მე ვიფიქრე, ეს ვიღაც დიდი და გამოცდილი ძიაა მეთქი – ჩამეღიმა. ჩემი ღიმილი, ბავშვმა, ალბათ, საუბრის გაგრძელების თანხმობად მიიღო და იმედიც არ გამიცრუა: „თუმცაო, ავტობუსში კიდევ არა უშავს, „რემნის“ გაკეთება მაინც არ გიწევსო“… იქვე ჩემი გაჩერება იყო და მანამ ჩავედი, სანამ, სავარაუდოდ, მეტყოდა, „რას გვიშვრება ეს მთავრობა, დაგვაწყვიტეს ნერვებიო“.

არა, „მარშრუტკების“ მძღოლებისგან კი ბევრჯერ გამიგია: ძმაო, დიდი ბოდიში, მაგისთვის როგორ შეგაწუხებდი, მაგრამ ხომ ხედავ, ყველა გამოჭერაზეა და, თუ ძმა ხარ, ღვედი შეიკარიო“, მაგრამ თორმეტი წლის ბავშვისგან ეგეთი რამის მოსმენამ, ცოტა არ იყოს, დამაფიქრა: ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა ვიფიქრე, ირგვლივ თვალყური მიმოვავლე და მივხვდი, რომ ყველასი და ყველაფრის კრიტიკა უკვე ჩვევად გვექცა (აი, თუნდაც მეც, ორი წინადადების მერე, ალბათ კრიტიკაზე გადავალ). ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ვაკრიტიკებთ უკვე არა იმიტომ, რომ შევცვალოთ, გამოვასწოროთ, ან რამე მსგავსი: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გვინდა ყოველდღე რამეზე წუწუნის საბაბი გვქონდეს.

აი, მაგალითად: ვაკრიტიკებთ მთავრობას იმის გამო, რომ უღვედოდ მგზავრობა აგვიკრძალეს: რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

ამით შემოსავალი გვაკლდება? – არა მგონია;

ჯანმრთელობის პრობლემა გვექმნება? – ამაშიც ეჭვი მეპარება;

აა,  ზედმეტი დრო გვეხარჯება ამ დაწყევლილი ღვედის შეკვრა–გახსნაში? – ათი წამი?

ან, იქნებ, ისაა მიზეზი, რომ უბრალოდ გევზარება. აბა, დასაზარებელი არაა? ჩაჯექი მანქანაში, ღვედი შეიკარი (ანუ თავი დაიბი! დაბმული ქართველი კიდე რის ქართველია?!), მერე ისევ შეიხსენი და ა.შ. რაღა მაინცდამაინც დღეს და რაღა მაინცდამაინც მე მომივა ავარია? ასეთი ფიქრების შემდეგ, სულ რამდენიმე წუთში, ღვედის ნაცვლად ჯარიმას ვიკრავთ და გამწარებულები ვაგინებთ ყველას და ყველაფერს.

კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი წუწუნისმოყვარულობის და სიზარმაცისა ჩვენ თვალწინაა: ქუჩებში, სადარბაზოებში, ეზოებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, სახლ… არა, პრინციპში სახლებში არა – აბა საკუთარ სახლში ნაგავს ვინ დაყრის? ან იქვე, შუა ოთახში ვინ მოისაქმებს? აბა მანდ ვცხოვრობთ და ხომ არ ავყროლდებით?

აი ქუჩაში სულ სხვა საქმეა: წარმოიდგინეთ, როცა ასე გვეჩქარება გადაუდებელ საქმეზე, როცა ტოტალიზატორში ძალიან მაგარი ბილეთი გვაქვს დასაწერი, თამაში კიდევ აგერ–აგერ, წუთებში იწყება, სანაგვე ურნასთან მისასვლელად ვის სცხელა? იქვე მიაგდებ ნაგავს და შემდეგ მეეზოვეები იზრუნებენ. და ეს დანაგვიანების წინააღმდეგ კანონი კიდევ რა ჯანდაბა გამოიგონეს?! ამათ ხომ ადამიანს თავისუფლება შეუზღუდონ და მეტი არაფერი უნდათ!

ისევ გვაჯარიმებენ და მერე ხანდახან გვიკვირს კიდეც, ამ ჩვენმა პატიოსანმა პატრულმა როგორ იკადრა ასეთ მარტივ სიტუაციაში ჯარიმის გამოწერა? არადა ტელევიზორში როცა ვხედავთ, რა კარგები არიან ეს ბიჭები! იმ მშვენიერ საბავშვო სიმღერაშიც, ახალგაზრდობის წლები რომ პირაპირ თვალწინ დაგვიყენა. პრეზიდენტმაც რა კარგად ილაპარაკა იმ დღეს, რაც კი ხალხს გვაინტერესებდა, ყველა შეკითხვაზე ამომწურავად და, თავისებურად, კოხტად გვიპასუხა: მაგის შემდეგ ვინ იფიქრებდა, რომ ერთი უწყინარი ღვედის შეუკვრელობის ან ცელოფნის პარკის ქუჩაში დაგდების გამო დაგვაჯარიმებდნენ?!

არა, ხომ ვამბობდი, ცხოვრებას არ გაცლიან მეთქი: ნეტავ გამაქცია ამ ქვეყნიდან და მერე უკან დამბრუნებლის…

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ

  1. salolas ამბობს:

    აი ეს უკვე სულ სხვაა! : ) ვამბობ რამეს?! არაფერს…
    უფრო სწორად მხოლოდ ვაჭერ ღილაკს you like this 🙂

  2. sophia ამბობს:

    ბოლო წინადადება მაინცდამაინც არ მომეწონა… (გაქცევა?)

  3. naniko ამბობს:

    მომწონს…..

  4. sophia ამბობს:

    :))) უი, რა სულელურად გამომივიდა.. გასაგებია:)))

  5. anna ამბობს:

    მე ვაპირებდი ღვედებზე პოსტის დაწერას…
    არც ერთ სამარშრუტო ტაქსიში არაა გამართული ღვედები. მძღოლის კიდევ ჰო, მის გვერდით სრული ანარქიაა, გადაიდე უბრალოდ და თავი მოიტყუე ..
    დაცული ხარ…

  6. siyvarulovna ამბობს:

    ცოტა არ იყოსდა ღვედი ხელს გიშლის “გემრიელად” ატარო მანქანა ❤

    მაგრამ, მიუედავად მაგისა მე მაინც მომწონს ეს კანონი, სხვაგვარად ვერ ისწავლა ხალხმა თავის დაცვა და ტავიდან არიდება ზედმეტი პრობლემებისა.

    რაც შეეხება ბავშვს, რაც ესმის იმას ლაპარაკობს.

  7. qeti ამბობს:

    ავტორო, რა დაგიშავე ასეთი? დღეს კანონით საბაკალავროს 5 გვერდი გვერდი ამეკრიფა, მაგრამ ნეტა ერთი მაინც მოვასწრო :(, :)))

  8. xatia ამბობს:

    ქართველებს ერთი ცუდი მახასიათებელი გვაქვს:ვერ ვიტანთ ვერანაირ სიახლეს, ალბათ,გვაშინებს სიახლეები(!), ან ზედმეტად კონსერვატორები ვართ(რაშიც გვჭირდება). ფაქტია, რომ ნებისმიერ სიახლეს ვაკრიტიკებთ, მნიშვნელობა არ აქვს_კარგის მომტანია ეს თუ არა(სამაგიეროდ ახალია)…

  9. Sui Cide ამბობს:

    დიდი შანსია ნანახი გქონდეს,მაგრამ მაინც ….. ერთი-ერთი რეკლამა იმ რამოდენიმეთაგან რომლებიც მომწონს და შენ წარმოიდგინე,როგორც როგერ ვოტერსი შეიძლება მომინდეს მოვისმინო,ზოგჯერ ისე მინდება თვალი შევავლო …. :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s