დედაენა დედასამშობლოს სამსახურში, ანუ „ბიჭია, ბიჭი!“

კაფეში ვისხედით, როდესაც იქვე, გვერდითა მაგიდასთან მარტო მჯდომ ქალთან მამაკაცი მივიდა და ყველას თვალწინ ყვირილი და გინება დაუწყო. ქალი ჩურჩულებდა, გაჩერდი, სირცხვილიაო, მაგრამ პასუხად მარტო ის მიიღო, მე შენთან მაქვს საქმე, მკიდია დანარჩენებიო. რამდენიმე წუთში მათ ჩხუბი მაგიდასთანვე გააგრძელეს (უფრო სწორად, კაცმა გააგრძელა, ქალს პროტესტიც არ გამოუთქვამს) კაფეში კარგა ხანს გაისმოდა „ტკბილხმოვანება“.

ასეთ შემთხვევებს შეიძლება, ყველა ნაბიჯზე გადააწყდეთ და, უკვე იმდენად ჩვეულებრივი ამბავიც კი გახდა ჩვენთვის, რომ ყურადღებას არცკი ვაქცევთ. ალბათ, ამიტომაცაა, რომ დღეს საქართველოში საკმაოდ აქტუალურია გენდერული თანასწორობის თემა. ყველასთვის ხელმისაწვდომია სტატისტიკა ოჯახური ძალადობის, ქალების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ქმრების მიერ ორსული ცოლების გაუპატიურებისა და ა.შ. ეს სტატისტიკა არცთუ სასიამოვნოა და დაფიქრება ნამდვილად ღირს.

ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, როცა ქართველი მამაკაცები დიდი ამბით გავიძახით, რომ ჩვენ საწინააღმდეგო სქესის პატივისცემისა და დაფასების დიდი ტრადიციები გვაქვს.

დღეს ლექციაზე ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ აისახება ენაზე ერის კულტურა და ისტორია: ჩვენს ენას თუ გადავხედავთ, საკმაოდ საინტერესო ფაქტს წავაწყდებით: თითქმის ყველა სიტყვა, რომელიც რამე გამორჩეულს, ძვირფასს ან მთავარს აღნიშნავს, იწყება სიტყვა დედით – მაგ.: დედაენა, დედამიწა, დედაქალაქი, დედაბოძი, დედაბუნება, დედასამშობოლო და ა.შ. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ოდესღაც (ხაზს ვუსვამ, ოდესღაც) ჩვენთან ძლიერ აფასებდნენ დედას და, ზოგადად, ქალებს. მით უმეტეს, თუ ლექსიკონს გადავხედავთ, მამაზე დაწყებული სიტყვებიდან მამაძაღლის გარდა, მგონი ვერც ვერაფერს იპოვით.

თუმცა, თუ იმავე პრინციპით ვიმსჯელებთ, სწორედ ჩვენს ენაშია სიტყვა „გათხოვება“, რომელიც, მე, პირადად, საკმაოდ დამამცირებლად მეჩვენება. ფაქტობრივად, ქალი გამოდის რაღაც საგანი, რომელსაც მშობლები (ძმები, ნათესავები) სურვილისამებრ ვიღაცას დროებით უწილადებენ.
„საგნებს“ კი, ჩვეულებრივ, არც პატრონის არჩევის უფლებაა აქვთ და არც პრეტენზიის გამოთქმისა. ოღონდ, აქ ერთი რამ არ მესმის, თუ ოჯახი ქალს სასიძოს „ათხოვებს“ გამოდის, მისი ნებისმიერ დროს უკანვე მოთხოვნაც შეუძლია? მოკლედ, თუ ამ სიტყვის მიხედვით ვიმსჯელებთ, ქალის პატივისცემის ვერაფერი ტრადიციები გვქონია ქართველებს.

კიდევ ერთი საინერესო რამაა თუ როგორ მოიხსენიებდნენ ჩვენთან ქალებს წინა საუკუნეებში. მაგალითად, „ქსენია ამადაამაშვილი ამადაამაშვილისა“. აქაც, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ჩვენთან ქალს აღიქვამდნენ არა თავისუფალ ადამიანად, არამედ ვიღაცის საკუთრებად (როგორც წესი, გათხოვებამდე მამის, ხოლო გათხოვების შემდეგ ქმრისა). მოხსენიების ასეთი ფორმა დღეს, საბედნიეროდ, აღარ არსებობს, თუმცა დამოკიდებულება მაინც დარჩა. გავიხსენოთ თუნდაც ის, თუ რამდენჯერ გაგვიგია, რომ მამაკაცია ოჯახში მთავარი და ყველაფრის გადამწყვეტი. შესაბამისად, თუ ოჯახს არ ჰყავს მომავალი „უფროსი“ ანუ ბიჭი, მშობლები (უმეტესად, მამები), ძლიერ წუხან ხოლმე. პირველი შვილი ხომ, აუცილებლად ბიჭი უნდა იყოს, რომ ოჯახს გვარის გამგრძელებელი ჰყავდეს! თუმცა, საკითხავი ისაა, რატომ არ ითვლება ქალიშვილის შვილი ისეთივე სრულფასოვან „გვარის გამგრძელებლად“, როგორც ვაჟიშვილის შივლი? დავიჯერო, სისხლი და გენები მამრობით სქესზე უკეთ გადადის ვიდრე მდედრობითზე?

მომავალი შვილის მიმართ ასეთი მიდგომა ბევრი საუკუნის წინ, ალბათ, გამართლებულიც იყო. მაგალითად, როცა ქვეყანა ომს მიჰქონდა და მამაკაცების ნახევარზე მეტი შემოსევების დროს იხოცებოდა, ცხადია, ოჯახი ბიჭს უფრო ინატრებდა ერთი მარტივი მიზეზის გამო: გადარჩენისთვის მეომარი იყო საჭირო. ან, კიდევ უფრო ბევრი საუკუნის წინ, როცა, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მატრიარქატი სუფევდა, ანუ ქალებს მამაკაცებზე დიდი როლი ჰქონდათ (რაც, იმ დროს, რეალურად, ისევ გადარჩენისთვის იყო საჭირო), ბუნებრივია, გოგოს დაბადება ბევრად გაახარებდათ მშობლებს.

თუმცა დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც არც მარბიელი ლაშქრობებით ვართ „განებივრებულები“ (შესაბამისად, არც ქუდზე კაცი ან რამე მსგავსი გვჭირდება); არც, მაინცდამაინც შემგროვებლურ საქმიანობას ვეწევით, რომ ხილით და ფოთლებით გამოვიკვებოთ; როცა, წესით, „მამაკაცის გასაკეთებელი“, ან „ქალის გასაკეთებელი“ საქმეები არ უნდა არსებობდეს, რადგან საზოგადოებაში, რეალურად, ორივე სქესის როლი თანაბარია, ვფიქრობ, სირცხვილია პატრიარქატზე ან მატრიარქატზე საუბარი: იმაზე ფიქრი, რომ ქალებს ან მამაკაცებს გამოკვეთილი უფლებები უნდა ჰქონდეთ, რომ კაცია უფროსი ოჯახში და, მით  უმეტეს, წუწუნი იმის გამო, რომ „გვარის გამგრძელებელი ბიჭი არ გყავს“.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

17 Responses to დედაენა დედასამშობლოს სამსახურში, ანუ „ბიჭია, ბიჭი!“

  1. qeti ამბობს:

    madloba qalta sqesis saxelit:) da shen, an is bichebi, romlebic aseve fiqroben, tu itvaliswinebt am shexedulebebs yoveldgiurobashi? xandaxan sityvebi sityvebad rcheba.

  2. siyvarulovna ამბობს:

    მამათმავალი – მამა–ზე იწყება :დ

    ჰო და რაც შეეხება ქალის კულტს საქართველოში. ეჰ 😐 მამანეტ მგონია ხოლმე რომ ქალმა არ უნდა მისცეს მაგდენის უფლება კაცს. იმ ქალის ადგილზე, კაფეში რომ კაცი უყვიროდა და ა. ავდგებოდი და რაიმე ბინძურს ვეტყოდი და მთელი კაფის წინაშე დავამცირებდი ^^

  3. ანდრო ამბობს:

    ჰა ჰა ამას ყიფშიძე და ნადარაია თუ წაიკითხავენ უეჭველი ჩაიცინებენ, ოღონდ არა იმიტომ რაც შენ გაიფიქრე ახლა:)))))

  4. შოთა ამბობს:

    ნუ ზოგიერთს რომ ჰკითხო, გავთხოვდიო და ეტყობა ეგენი მართლა თხოვდებიან, ვერაფერს უზამ :დ

  5. kevana ამბობს:

    როცა, წესით, „მამაკაცის გასაკეთებელი“, ან „ქალის გასაკეთებელი“ საქმეები არ უნდა არსებობდეს, რადგან საზოგადოებაში, რეალურად, ორივე სქესის როლი თანაბარია,

    არ არის ეგრეც საქმე…

  6. ketusi ამბობს:

    ”ყველასთვის ხელმისაწვდომია სტატისტიკა ოჯახური ძალადობის, ქალების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ქმრების მიერ ორსული ცოლების გაუპატიურებისა და ა.შ. ეს სტატისტიკა არცთუ სასიამოვნოა და დაფიქრება ნამდვილად ღირს” –ეს ყველგან ხდება,არამარტო ჩვენთან.დაეს ძალიან სამწუხაროა,დასაზოგადოება ამას არანაირად არ უნდაეგუებოდეს!

    ”გამოდის, რომ ჩვენთან ქალს აღიქვამდნენ არა თავისუფალ ადამიანად, არამედ ვიღაცის საკუთრებად (როგორც წესი, გათხოვებამდე მამის, ხოლო გათხოვების შემდეგ ქმრისა).”–ასე სხვაგანაც ხდებოდა და ხდება კიდეც.ამერიკულ ოჯახში კაცს თუ ჯონი ქვია,მის ცოლს –მისის ჯონი ქვია 🙂 ,სიტყვა ’გათხოვება’–მართლა ცუდ ასოციაციას იწვევს ჩემშიც.მაგრამ ალბათ იმიტომ,რომ ბიჭსგოგო რომ მოყას–თავის სახლში მიყავს,გოგო კი სხვისსახლში მიდის,მაგრამ თუ ოჯახ8ი ინგრევა,გოგო ბრუნდება მამის სახლში,და გამოდის,რომ ’გამოთხოვდაო’ 🙂

    ”თუმცა, საკითხავი ისაა, რატომ არ ითვლება ქალიშვილის შვილი ისეთივე სრულფასოვან „გვარის გამგრძელებლად“”–იმიტომ,რომ მისი შვილი სხვა გვარს ატარებს 🙂 თუნცა, შენ რასაც ამბობ,მართლაც დისკრიმინაციაა,გოგოებმა რა დავაშავეთ! 🙂

  7. Sofo ამბობს:

    მე ვიტყოდი- ჩვენ გვქონდა ეს ტრადიცია. ქალებს მართლა სცემდნენ პატივს საქართველოში. თუმცა იმდენად არის დაბეჩავებული დღეს ხალხი, კუჭის პრობლემა დგას პირველ რიგში და ასეთი ტრადიციები დავიწყებას ეცემა.
    ავტორის ეჭვს სიტყვა გათხოვებიდან გამომდინარე, შემიძლია ვუპასუხო, რომ ქალი ჯერ მამას და შემდეგ ქმარს ეკუთვნოდა მთელს მსოფლიოში. მხოლოდ მე-20 საუკუნიდან იწყება ევროპაში ქალთა უფლებები წინ წამოწევა. ასე რომ ამ სიტყვით ვერ განსაზღვრავ, ყველაფერი ფარდობითია : )

    ბიჭის დაბადება კიდევ, იმ მარტივი მიზეზის გამო უხარიათ, რომ “გვარის გამგრძელებელია”. გოგო გათხოვდება სავარაუდოდ და გვარის შესაბამისი შტოც მოკვდება. ყველაფერს განყენებულად და კონტექსტიდან ამოგლეჯილად ნუ აღიქვამთ, ყველაფერს ქართული საზოგადოების “სიბნელეს” ნუ აბრალებთ.
    სწორედ დღეს ვუყურებდი გადაცემას, ოტო ფონ ბისმარკის შთამომავალზე, მთელი ოჯახი ლოცულობდა, რომ პირველი შვილი ბიჭი, Fონ ბისმარკების გვარის გამგრძელებელი ყოფილიყო. მარტო “ჩამორჩენილებს” არ აწუხებთ ეს “პრობლემა” თურმე…

    • სოფო, მერე ვინ ამბობს, რომ ეს პრობლემა მარტო საქართველოშია? უბრალოდ ეს პოსტია, კონტკრეტულად საქართველოზე და ამიტომაც ფარგლებს გარეთ არ გავდივართ. რაც შეეხება “სიტყვებით ვერ განსაზღვრავო”: არ ვიცი, შენ როგორ ფიქრობ, მაგრამ, ფაქტია, ენაზე აისახება ენის კულტურული ღირებულებები, ტრადიციები და შეხედულებები, ასე რომ, რამდენიმე სიტყვით ძალიან ბევრი რამის განსაზღვრა შეიძლება

  8. A.K.F. ამბობს:

    ქალებს რასაკვიორველია უნდა ვცეთ სათანადო პატივი მაგრამ მე იმ აზრზე ვარ რომ ოჯახის თავი მამაკაცია რაც იმას არ გულისხმობს რომ ქალების უფლებები ირღვევა

  9. A.K.F. ამბობს:

    მართლა კარგი იქნებოდა ყველა ასე რომ ფიქრობდეს

  10. qetusia ამბობს:

    კარგით რა რომ დაიწყებთ ლუკმა-პურზე და კუჭზე ლაპარაკს გთხოვთ მასა არ იგულისხმოთ,დღეს ჩვენთან (ჩემ გარშემო,ჩემი მეგობრების გარშემო,ჩემს სანათესაოში,ჩემი ნათესავების სამეგობროში და აშ. და ა.შ.) მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შემიძლია ჩამოვთვალო რომელსაც მართლა აქვს ყოველდღიურად იმის სადარდებელი რა ჭამოს.და იმასაც რაც არ უნდა უხმებოდეს კუჭი,მობილური მაინც აქვს (რატომაც არა).ამიტომ ეს მიზეზი არ გამოდგება.ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი მინახავს რომლებსაც ოჯახში უფრო მეტი სითბო და სიყვარული აქვთ ვიდრე სხვა შეძლებულებს.სიღარიბე არ ნიშნავს ყოველთვის გაბოროტებას და ვინმეს ჩაგვრას..

  11. nana.nana2n ამბობს:

    zventan unda agisardnon mamakazebi tavidan,dirseba arz kalebma unda davkargot da urtiert setanxmebit ,kargad ikneba kvelaperi .marto gazirvebis brali ar aris sakartvelosi aseti areuloba rom aris uvizobiusa da suris braliz aris me ase vpikrob.

  12. ლადო ჯალაღონია ამბობს:

    სიტყვა გათხოვება ცარიზმის ესპოქის გადმონაშთა და არა წინარე….იყო ვარაუდები მის არსებობის შესახებ მაგრამ მას სხვა მნიშვნელობა ჰქონდა (რატომ ამაზე არ ღირს საუბარი). როგორც მაგალიტად ენას. რომელშიაც ერი იგულისხმებოდა (ზვიად გამსახურდია ,, ქებაი და დიდება ქართულისა ენისაი”)..ცარიზმის მიერ ჩამოყალიბებულ ქართველურ ცნობიერებასა და წინანდელ ცნობიერებას შორის დიდი განსხვავებააა…მაგალითად ამას მოწმობს ანდაზები, სიტყვები და ეს შენც აღნიშნე..ასევე არცერთი ენა მსოფლიოში ისე ვერ ასახავს ეროვნულ იდეასა და მისგან აღმოცენებულ პიროვნულ დამოკიდებულებას საკითხებისადმი როგორც ქართული. შესაბამისად…………………….
    ასევე ეთოსური მსოფლმხედველობა ვითარდება და შესაბამისად ფილისტერობის ტოლფასია ნეოლითის ხანის პიროვნებათა განსჯა დღევანდელი გადმოსახედიდან( პირდაპირ მაგალითად არ მიიღოო გიო, ნეოლითს ვგულისხმობ).
    თუმცა დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც არც მარბიელი ლაშქრობებით ვართ „განებივრებულები“______ამაზე დავილაპარაკებთ. მაგრამ იდეურ მტერსა და ასე ვთქვათ მატერიალურ მტერს შორის არც თუ ისე დიდი განსხვავებაა…უფრო მეტიც იდეური აღმატებულიააა…….
    ვილაპარაკებთ ამაზე….მეზარება წერა და ამიტო არ გწერ…

  13. ლადო ჯალაღონია ამბობს:

    სრულად უნდოდა ბოლოს

  14. ანა აბაშიძე ამბობს:

    საინტერესოდ მომეჩვენა შენი კითხვა იმის შესახებ,თუ რატომ ითვლება ბიჭი გვარის გამგრძელებლად ……..ჩემი სქესის მიუხედავად მაინც არ ვთვლი,რომ გენდერული თანასწორობა ქართულ რეალობაში (დღევანდელი გადასახედიდან….არ ვიცი მომავალში როგორ განვითარდება ქართული მორალი)უკეთეს სტატისტიკურ მონაცემებს მოგვცემს ვიდრე ეხლა გვაქვს…..ბუნებრივია არც ის ფაქტია ჩემთვის მისაღები რაც შენი პოსტის პირველ ნაწილშია ასახული,მაგრამ სიმართლე გითხრა,ამ კონკრეტულ სიტუაციაში, დანაშაულს მდედრობითი სქესის წარმომადგენელში უფრო დიდს ვხედავ ვიდრე მამრობითში (ვგულისხმობ შეურაცხყოფის უპობლემოდ ატანას).მამრობით სქესის წარმომადგენლების უმეტესობას წინააღდეგობა დიდ პრობლემად მიაჩნია და ძალადობით ცდილობს მის გადალახვას…მდედრობითი სქესი კი ჩვეული მოთმინებით იტანს ამას….ამ კონკრეტულ ფაქტს,ვერც გენდერული თანასწორობა უშველის და ვერც ვერაფერი…..თუ ორს შორის ჰარმონიულობა არაა რამდენიც არ უნდა იყვირონ თანასწორები ვართო მაინც დიდი უთანასწორობაში გადადის ხოლმე ყველაფერი და კაფეში ყვირილი მათი ყოველდღიურობა ხდება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s