პირველი პირადული პოსტი

ოდნავ შეუმდგარი

(ჩვეულებრივი სალექციო დავალება, რომელიც, გადავწყვიტე, გაჩვენოთ)

ჩემს, თქვენს და, ალბათ, ყველას ბავშვობაში იყო ერთი ასეთი ტრადიციული შეკითხვა: ვინ გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები? ჰოდა, ბუნებრივია, ეს მარადიული ფრაზა მეც ძალიან ბევრჯერ მომისმენია უფროსებისგან და პასუხიც ყოველთვის მრავალფეროვანი მქონდა: დაწყებული მუშკეტერობიდან, კერძო დეტექტივობით დამთავრებული (ეს იმის მიხედვით, თუ რა წიგნს ვკითხულობდი იმ დროს).

თუმცა, მეათე კლასში, როგორც მორიგმა ჩვეულებრივმა ქართველმა მოზარდმა, არ დავარღვიე ტრადიციები და კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას, შეძლებისდაგვარად, მოვუკელი. შესაბამისად, მარადიულ შეკითხვაზე ჩემი პასუხების მრავალფეროვნება თანდათან ერთფეროვნებაში გადაიზარდა და, ძირითადად, „რა გითხრათ, რით გაგხაროთი“ შემოვიფარგლებოდი – ხოლმე.

გამოუსწორებელი ქოლერიკი ხომ დაბადბიდან ისედაც ვიყავი და გარდატეხის ასაკმა (ნეტავ ვისი იდეა იყო ასეთი ასაკის შექმნა) მართლა ქოლერად მაქცია. იმ ამბებს რასაც მაგ დროს ჩემ ირგვლივ ვატრიალებდი, რომანტიკულ–რევოლუციური იდეებით შეპყრობილი დამწყები თინეიჯერის თვითდამკვიდრების მცდელობას დავარქმევდი. მაშინ ჩემს მაისურზე უცვლელად სუფევდა მინიმუმ, ერთი თავის ქალა მაინც უკვდავი წარწერით Смерть Попсе (სიკვდილი პაპსას)! შესაბამისად, არც შინაურებისგან, არც გარეულებისგან, საყვედურები და ბრაზიანი კომენტარები არ მაკლდა, რასაც მეც დიდი ცინიზმითა და, ხშირ შემთხვევაში, აგრესიითაც ვპასუხობდი.

სამაგიეროდ, ამ პერიოდში მეტი დრო მქონდა იმისთვის, რომ გამეცნო მეტი ადამიანი და გარესამყაროსთან მეტი კონტაქტი მქონოდა, ვიდრე საკუთარ ოთახთან. ამ გაცნობა–ურთიერთობებში კი ვერც კი შევამჩიე, ისე ჩამოვყალიბდი იდეალურ სანგვინიკად. სწრაფად მეცვლებოდა ინტერესები; ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ვიწყებდი საქმეს და ასევე დიდი ენთუზიაზმით გადავდიოდი ამ საქმიდან მეორეზე, თან, რაც მთავარია, ისე, რომ პირველი ბოლომდე მიყვანილი არ მქონდა. ტექნიკური საგნები ისევე მიზიდავდა, როგორც ჰუმანიტარული, ჰოდა მაშინ ვფიქრობდი, რომ ჩემგან ან დიდი გენიოსი გამოვიდოდა, ან დიდი აფერისტი, ან დიდი ვერარაფერი.

ამ გაწამაწიაში კი მეტორმეტე კლასმა სულზე მომასწრო. დიახ, მე იმ ერთეულთაგანი ვარ, რომელსაც ამ კიდევერთწლიანმა სასკოლო „ტანჯვამ“ სარგებელი მოუტანა. რა მიქნა ასეთი მეთორმეტე კლასმა? ისეთი არაფერი: მეთორმეტე კლასი ადგა და, მე ვიტყოდი, პოსტსანგვინიკურ პერიოდში გადამიყვანა. ანუ იქამდე მატრიალა, მაჯანჯღარა და მფერთხა, სანამ ჩემი ჭკუიდან (თუ ასეთი რამ მაშინ მქონდა) ზედმეტი ელემენტები არ ჩამოაშორა და, უხეშად რომ ვთქვათ, აზრზე არ მომიყვანა. ჰოდა მაშინ მივხვდი, რომ მთელი ეს აბდაუბდა, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში თავში მიტრიალებდა, ერთ წერტილში იყრიდა თავს. რომ ამ ჩემი სანგვინიკურ–ქოლერიკული ბუნებისთვის ცოტა ფლეგმაც უნდა დამემატებინა (გემოვნებით) და ჟურნალისტის გზასაც თამამად დავადგებოდი.

გამომივიდა.

თუმცა ქოლერა მაინც ვერა და ვერ მოვიშორე.

სამაგიეროდ დღეს ვთვლი, რომ თუ ცხოვრებაში ოდესმე სწორი ნაბიჯი გადამიდგამს, ეს პროფესიის არჩევა იყო.

მერე რა თუ ბიძაჩემმა, ეგ ამბავი რომ გაიგო, სულ ბოზი და გათახსირებული ჩამშვები მეძახა. სამაგიეროდ დღეს ყოველ ჩემს ჩანაწერს გემრიელად კითხულობს.

მერე რა, თუ მთელს ჩემს ოჯახს და სანათესაოს უნდოდა, სადმე მყუდრო კაბინეტში გამომწყვდეული პროფესია მქონოდა?

მერე რა, თუ ყველა საქმე, რომელიც კი ოდესმე დამიწყია იდეალურ დონემდე თითქმის არ მიმიყვანია და, შესაბამისად, ბევრს ჰგონია, ეს „ჟურნალისტური ახირებაც“ ცოტა ხანში გამივლის?

მერე რა, რომ დღესაც იმდენ საქმეს ვეჭიდები, ხანდახან ჩემს თავზე ბევრი მეცინება?

მერე რა, თუ მე თვითონაც ვთვლი, რომ ოდნავ შეუმდგარი ადამიანი ვარ და სრულფასოვან დონემდე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია ყველა სფეროში?

სამაგიეროდ, ერთი რამ ფაქტია, მე დღეს ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და მაინტერესებს.

პ.ს. მელანქოლიკი გიორგის ერთხელ მაინც ნახვაზე ბევრი ჩემი მეგობარი ოცნებობს, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ, ეს ცოტა რთული საქმეა. მანამ არაფერი გტკენოდეთ, სანამ ჩემს თავში ჩაკეტილ მორცხვ და ზედმეტად თავშეკავებულ ადამიანად არ მიხილავთ.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to პირველი პირადული პოსტი

  1. nia ამბობს:

    ძალიან მომეწონა. და თუ შეიძლება ჩემ აზრს “მოგახვევ თავზე” თუ რატომ აირჩიე ეს პრფესია (თავიდან გამიკვირდა). მე მგონია რომ შენს მიერ აღწერილი “მეთორმეტეკლასამდე” ადამიანი ძალიან ცდილობდა თავისი მოქმედებებით სამყარო ან უახლოესი გარემო შეეცვალა და რადგან ქმედებებით იმდენი ვერ გაქაჩა (უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა თორემ ჩემს თავზეც იმავეს ვიტყოდი) გადაწყვიტა სიტყვაში გადმოეტანა ყველა მისწრაფება თუ სურვილი. ეს კი მეტად მარტივი აღმოჩნდა…

    • ნაწილობრივ, შეიძლება, ასეცაა, მაგრამ არც მთლად :)))
      ჟურნალისტობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მივხვდი, ყველა პროფესია, რომელიც მინდოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში (და ასეთი ძალიან ბევრი იყო), მარტლა ჟურნალისტიკაში ერთიანდებოდა. + ამას თავგადასავლების მოყვარული ვარ სულით ხორცამდე, ჰოდა სად უნდა გადაგხდეს უფრო მეტი თავგადასავალი, ვიდრე აქტიურ ჟურნალისტიკაში? 😛 😀

  2. Nino Tabaghua ამბობს:

    მმ.. მომწონს მომწონს მომწონს :))))
    რაღა გითხრა:1. პროფესიის არჩევაში არ შემცდარხარ 🙂 უბრალოდ იმიტომ რომ გინდოდა ჟურნალისტობა ..სწორედ ის, რასაც შენ მიდებ-მოდება უწოდე, არის ჟურნალისტიკის ნიჭი :))
    2. არ მეგონა თუ ოდესმე პირადულს წამიკითხავდი ამ ბლოგზე 😀 მშვენიალური იყო! ძალიან ბევრი საერთო აღმოვაჩინე და მომენტებში მეგონა რომ მე ვწერდი 🙂
    მეგონა მაგ ასაკში მარტო მე მაწუხებდა ეს ჰიპერგაურკვევლობა..
    3. :))))) ”მელანქოლიკო” :))

  3. oboba ამბობს:

    გიო, დუმბაძესთან ასეთი ისტორიაა: შენო, ცომი ხარო, რომელსაც მოზელა აკლიაო. ხოდა ეს გამახსენდა. შენც იტყვი, მე თუ კიდე მოზელა მაკლია-თქო, მარა ეტყობა გაკლია

    ხე, ხე 🙂

  4. sophia ამბობს:

    ”ძლიერი” მორატორიუმი და შემდეგ მიღწეული იდენტობა : ) 🙂

  5. Sui Cide ამბობს:

    აუხ,დღეს სახლში მოსულმა დიდად ვეცადე “მიმეკუთვნებინა” საკუთარი თავი “რაიმესთვის” მაინც…. მაგრამ,აი უკვე მართლა პო ხუი,რააა….. :დ მე დავწერე ესე და უნდა მელანქოლიკად დამინახოს, უნდა ქოლერიკად და თუ უნდა თქვას “ამას დედამიწა გაუჩერეთ ჩადისო”…. :დ

  6. ირინა ამბობს:

    )))) სწორ დასკვნამდე მისულხარ, მეც მთელი ცხოვრება ყველა საგანი მაინტერესებდა, ყველაფერს მივედ-მოვედებოდი, ყველა კონკურსზე გავედი, დაჟე არ დამცინო და “ნატალიშიც” კი დავდიოდი ერთი პერიოდი, ბოლოს მივხვდი, რომ ამ ყველაფერს თავს მარტო ჟურნალისტიკაში მოვუყრიდი და გულიც არაფერზე დამწყდებოდა 😀

  7. lana ამბობს:

    “მამაძაღლო”! როცა აღნიშნავ–”მერე რა, თუ მე თვითონაც ვთვლი, რომ ოდნავ შეუმდგარი ადამიანი ვარ და სრულფასოვან დონემდე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია ყველა სფეროში?” რას გულისხმობ შემდგარ შეუმდგარობაში,სრულფასოვნებაში,პოსტში ნახსენები მეთორმეტე კლასი რომ არა,ვიფიქრებდი,რომ 59წლის ბიძის ბლოგია თქო(ნუ მთლად 59 არა,41).არ იფიქრო ჯერ “შემდგარობაზე”, სრულფასოვნებაზე საერთოდ არ იფიქრო უახლოესი 81წელი:) ,ვინც ასე საუბრობს თავის თავზე,ვფიქრობ,რომ “ბრძენ-ბებერია”.(ბრძენ-ბებრებს კი სიახლე არ უყვართ)”ფლიიზ” არ გინდა ჯერ დაბრძენება,იმამაძაღლე რა!:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s