დაუსრულებელი მონუმენტი და თავგატეხილი თავისუფლება

თავდაპირველად გამოქვეყნდა გაზეთში “დრონი”

პირველ კლასში ვიყავი, როცა მთელი კლასი საგანგებოდ დაგვიბარეს სკოლაში, მერე ორ–ორად ჩაგვამწკრივეს და რაიონის ცენტრისკენ გაგვიყენეს გზას. ეს, როგორც მახსოვს, პირველი შემთხვევა იყო, როცა სახლს ას მეტრზე შორს გავცდი მშობლების გარეშე და, რა თქმა უნდა, ველოდი, რომ რამე საინტერესო გასართობი სანახაობა დამხვდებოდა, მაგრამ სადაც მასწავლებელმა მიგვიყვანა, ქვის პატარა, გაურკვეველი ფორმის მონუმენტის გარდა არაფერი იყო. შემდეგ სხვა სკოლებიდან მოსულ ჩვენნაირ ბავშვებთან ერთად ჩაგვამწკრივეს და ხელში ანთებული სანთლები დაგვაჭერინეს. ასე ვიდექით რამდენიმე წუთს, სანამ რომელიღაც ცელქმა ბიჭმა წინ მდგომ გოგოს თმაზე ცეცხლი არ წაუკიდა. ეს დღე, სიმართლე გითხრათ, სწორედ ამის გამო დამამახსოვრდა ასე კარგად. ეს იყო 1998 წლის ოცდაექვსი მაისი.
მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, თუ რატომ აღვნიშნავდით ამ დღეს ასე განსაკუთრებით. ალბათ, მშობლები მიხსნიდნენ კიდეც, რომ „ჩვენ ოდესღაც, ოცდაექვს მაისს მოვიპოვეთ ნანატრი თავისუფლება და გავხდით დამოუკიდებელი სახელმწიფო“, მაგრამ ეჭვი მაქვს, მაშინ ვერც დამოუკიდებლობას მივხვდებოდი, რა იყო და თავისუფლებაც, ალბათ ეზოში მარტო თამაში მეგონა, როცა ხელს არავინ მიშლიდა.
მას შემდეგ, აგერ, უკვე, ცამეტი ოცდაექვსი მაისი გავიდა და დროთა განმავლობაში მეც უკეთ გავიგე, რა მოხდა 1918 წელის 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევს, 4 სათსა და 50 წუთზე (ამ მონაკვეთს განსაკუთრებით ყურადღებით გვასწავლიდნენ ისტორიაში) – საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ეს იყო და ეს. როცა საქართველოს ისტორიის ამ თავს ვკითხულობდი, რამდენიმე წუთით მეც ბედნიერი ვიყავი იმით, რომ როგორც იქნა, მივაღწიეთ საწადელს და გავთავისუფლდით ათასნაირი მმართველ–პროტექტორებისგან, თუმცა შემდეგ გვერდზე 1921 წლის 25 თებერვალი მელოდა. ამ დღეს ყოველ წელს გვილოცავდნენ ჩვენი კლასელი გოგონები – ბიჭების დღეაო (თუმცა, რვა მარტს რვა მარტს ჩვენ ეს არასოდეს გვახსენდებოდა), მაგრამ ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ ოცდახუთი თებერვალი სულაც არ ყოფილა დღესასწაული და, მით უმეტეს, ბიჭების დღე. ამ რიცხვის წაკითხვისას ჩემს თვალშიც ისევე დაინგრა რამდენიმე წუთის წინ მოპოვებული ბედნიერება, როგორც 1921–ში, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო.
მაშინ, როცა ამას ვკითხულობდი, ანუ, ასე, ხუთი–ექვსი წლის წინ, ვიცოდი, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე კარგა ხანია, დამოუკიდებელია და აღარავის „ბოროტი კლანჭების“ ქვეშ არ უწევს ყოფნა. თუმცა, ვიცოდი მხოლოდ ფორმალურად. ანუ დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჩემთვის, ერთგვარად, ცარიელი, არაფრისმომცველი ცნებები იყო, რომლებიც თითქმის ყოველთვის, ყველა მხრიდან მესმოდა. ალბათ ამიტომაც იყო, რომ დიდად არც ვგრძნობდი შეზღუდულობას და, შესბამისად, დიდადაც არ მაწუხებდა არაფერი. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საქართველო ახალი ნავარდებისრევოლუციარი იყო, ვთვლიდი, რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც გვჭირდებოდა. მე უკვე მქონდა შუქი ოცდაოთხი საათის განმავლობაში და აღარ მიწევდა ჩემი SEGA კომპიუტერის „მოამბის“ სარეკლამო გაჭრებს შორის ჩართვა, რომ, როგორმე, დენის წასვლამდე მომესწრო თამაში. ეს იყო ჩემი თავისუფლებაც და დამოუკიდებლობაც.
თუმცა, ერთხელაც დგება დრო, როცა ხვდები, რომ ცხოვრებაში SEGA კომპიუტერზე უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს. მე ახლა უკვე ისიც ვიცოდი, რომ ახალი დამოუკიდებლობა ჩვენ 1991 წელს მივითეთ და მას შემდეგ ჯერ კიდევ გვაქვს. ისიც ვიცოდი, რომ იმ დიდი 26 მაისიდან ზუსტად 73 წლის შემდეგ ჩვენ ჩვენი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ავირჩიეთ. ისიც ვიცოდი, რომ ეს პრეზიდენტი სულ ცოტა ხანში „გადავაგდეთ“ და შემდეგ ერთმანეთს დავერიეთ. ფაქტობრივად, არშემდგარ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით, რომელიც მსოფლიო რუკაზე თავის დამკვიდრებისკენ ისწრაფის, ხოლო საკუთარ მიწაზე თავისივე მოქალაქეები ვერ დაუმკვიდრებია. ცნება „თავისუფლება“ იმდენად პირდაპირი მნიშვნელობით გავიგეთ, რომ სულ დაგვავიწყდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამის არსებობა, რომელსაც „სხვისი უფლება“ ჰქვია.
დამოუკიდებლობის ძალა, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემს თავზე გამოვცადე, როცა „თავისუფალ ქვეყანაში“ თავისუფალი სიტყვის გამო, სულ რაღაც ერთი თვის წინ, მე და ჩემმა მეგობრებმა, თავისუფალი მუშტები ვიგემეთ. აი მაშინ მივხდი, რომ ის, რაც ოთხმოცდაათიან წლებში ხდებოდა, არც „სისხლიანი“ საბჭოთა კავშირის ბრალი იყო, არც „გარყვნილი“ ამერიკის, არც „სულწარწყმენდილი“ ევროპის და არც „ბოროტი“ რუსეთის: საქმე ისაა, რომ ათასი პრობლემის გადაწყვეტაზე გონივრული გზების ძიების ნაცვლად ჩვენ, აწ უკვე თავისუფალმა ერმა, ისევ მუშტებზე დავიხედეთ და ერთმანეთს დავერიეთ. ამიტომაც, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გადავიტანეთ სისხლიანი სამოქალაქო ომი, გამოვცადეთ მხედრიონის ძალა, დავკარგეთ ტერიტორიები, გადავაგდეთ ორი მთავრობა, თუმცა მაინც არასოდეს გვავიწყდებოდა, რომ ყოველ ოცდაექცს მაისს განსაკუთრებული პათოსით დაგველია მშვიდობის სადღეგრძელოდ და პატივი მიგვეგო ომში დაღუპული გმირებისთვის. იმ ომში, რომელშიც, არც კი ვიცოდით, ვისთვის ვიბრძოდით, რა გვჭირდებოდა, ან ვის ვებრძოდით. ჩვენ გამოვიგლოვეთ აფხაზეთი, შემდეგ სამაჩაბლო, ჰოდა დღემდე გავიძახით, რომ გვტკივა დაკარგული ტერიტორიები. ის ტერიტორიები, რომლებიც ჩვენ, დამოუკიდებელმა ხალხმა დამოუკიდებლად დავკარგეთ.
დაკარგვით კი დავკარგეთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ვიცით, როგორ გავიხსენოთ დაკარგული. მაგალითად, შარშან, ოცდაექვს მაისს დიდი ზარ–ზეიმით გავხსენით თავისუფლების მონუმენტი გმირთა მოედანზე. გავხსენით, მიუხედავად იმისა, რომ მისი შენება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. როცა შარშანდელი ოცდაექვსი მაისის საზეიმო აღლუმს ვესწრებოდი, გმირთა მოედანი, ერთგვარად, საქართველოს სიმბოლოდ წარმომიდგა. არა იმიტომ, რომ „საქართველო გმირების ქვეყანაა“, არამედ, უბრალოდ, ჩვენი ქვეყანა ზუსტად ასევე ჩამოუყალიბებელი და არასრულფასოვანი გამოვაცხადეთ დამოუკიდებლად და მსოფლიოსთივს ოფიციალურად გახსნიალად, როგორც იმ დღეს „გმირთა მონუმენტი“.
თან, თქვენ წარმოიდგინეთ, აღმოჩნდა, რომ ეს ობელისკი იდეაშივე დაუსრულებელი უნდა ყოფილიყო. გახსნისას საზეიმოდ გვაცნობეს, რომ იმ ადგილებს, სადაც დაღუპულთა სახელები და გვარები არ წერია, მომავალში გარდაცვლილი მეომრები შეავსებენ. დიდი ბედნიერებაა, ღმერთმანი, დიდი პატივია, როდესაც თვრამეტი წლის ხარ და ფიქრობ, რომ შეიძლაბა, რამდენიმე წელიწადში შენც გაგიწვიონ ომში, თუმცა შენი სახელი ყველა ვარიანტში წაეწერება დიდების მემორიალს. სხვა შანსი, პრინციპში, არც არსებობს, რადგან იმ უძლეველმა საომარმა ტექნიკამ, რომელსაც ყოველ ოცდაექვს მაისს ასე სიამაყით წარვადგენთ ხოლმე რუსთაველის გამზირზე, კარგად გვახსოვს, ორიათას რვა წლის აგვისტოში როგორ ივაჟკაცა.
თუმცა, როგორც კეთილი ხმები გვეუბნებიან, ჩვენი იარაღი, აღჭურვილობა და საომარი მზაობა ყოველ წელს უმჯობესდბა, რაც, რაღა თქმა უნდა, უხილავი არ უნდა დარჩეს ხალხისთვის. ამიტომაც ყოველ დამოუკიდებლობის დღეს ვხედავთ, როგორ ივსება ქალაქის ცენტრი ხალხით, რომელიც მოუთმენლად ელის ტანკების, ბობმდამშენების, სამხედრო მანქანებისა თუ ქვეითი ჯარისკაცების გამოსვლას. შემდეეგ კი სიამაყით და იმედით აღვსილები ვბრუნდებით სახლში და კიდევ ერთხელ ვიმყარებთ აზრს, რომ „საქართველო გადარჩება“.
ამ იმედს, წელს, კიდევ უფრო გვიმყარებს ოპოზიცია. ოცდაერთი მაისიდან ისევ დაიწყო მიტინგები, რომლებიც, როგორც ამბობენ, რევოლუციას მოიტანს. რევოლუციისა რა გითხრათ, მაგრამ ჯერჯერობით, ამ გამოსვლებს ხელჯოხების ქნევის, შეტაკებებისა და გატეხილი თავების გარდა არაფერი მოუტანია. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ რევოლუციისთვის იბრძვიან ის ადამიანები, რომლებმაც „დამოუკიდებელი საქართველოს“, ლამის, სამივე მთავრობა მოიარა. ისინი გვხვდებოდნენ პარლამენტში, სამინისტროებში, ძალოვან სტრუქტურებში, ქუჩაში, შემდეგ ისევ პარლამენტში და ა.შ. როგორც ჩანს, ეს ციკლი ისევ გრძელდება და დღეს ისევ ქუჩის გამოსვლების დრო დადგა.
მე ვნახე, როგორ ივსებოდა გმირთა მოედანი ხალხით, ვნახე, როგორ გადაიკეტა კოსტავას ქუჩა სულ, რაღაც ათ წუთში, თუმცა, ვნახე მხოლოდ იმიტომ, რომ იქ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. მათ კი, ვინც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შემთხვევის ადგილზე არ იყვნენ, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ხდებოდა საკუთარი დედაქალაქის ცენტრში. სამაგიეროდ, ყველა ყველაფერს გაიგებს, როცა ოცდაექვს მაისს კიდევ ერთხელ გაიხსნება საზეიმო აღლუმი.
ოცდაექვსში კიდევ ერთხელ ჩავიბარებთ პატაკს ჩვენი მარად უკვდავი ქვეყნის ძლევამოსილი არმიისგან.
კიდევ ერთხელ საზეიმოდ გაიხსნება გმირთა მოედანი – ახლა უკვე გაბალახიანებულ–გაბაღნარებული.
კიდევ ერთხელ გავიხსენებთ 1918 წლის 26 მაისის ნაშუადღევს მიღებულ დამოუკიდებლობას, ამის შემდეგ კი ხელკეტებით, რეზინის ბიტებითა და სხვა ყველაფრით, რაც ხელში მოგვხვდება, კიდევ ერთხელ დავერევით ერთმანეთს, რომ დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება.
ბოლოს კი ისევ შევიკრიბებით კარგი, ჯიგრული, ქართული სუფრის გარშემო და გავიხსენებთ დაკარგულ გმირებს, რომ შემდეგ დიდი სიამაყით გავიმეოროთ:
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to დაუსრულებელი მონუმენტი და თავგატეხილი თავისუფლება

  1. nia ამბობს:

    ძალიან მაგარია. ვერაფერში რო ვერ შემოგედავები ისეთი :)) და ნება მიბოძეთ მოვიპარო და დავალინკო :)))

  2. ketusi ამბობს:

    ”გავხსენით, მიუხედავად იმისა, რომ მისი შენება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. როცა შარშანდელი ოცდაექვსი მაისის საზეიმო აღლუმს ვესწრებოდი, გმირთა მოედანი, ერთგვარად, საქართველოს სიმბოლოდ წარმომიდგა. არა იმიტომ, რომ „საქართველო გმირების ქვეყანაა“, არამედ, უბრალოდ, ჩვენი ქვეყანა ზუსტად ასევე ჩამოუყალიბებელი და არასრულფასოვანი გამოვაცხადეთ დამოუკიდებლად და მსოფლიოსთივს ოფიციალურად გახსნიალად, როგორც იმ დღეს „გმირთა მონუმენტი“.”
    მართლა ასეა,თან ყველაფერში

  3. siogun ამბობს:

    გადასარევი წერილია ვხედავ რომ ქართული ჟურნალისტიკა ვითარდება და იხვეწება!!!!

  4. siyvarulovna ამბობს:

    25 თებერვალი :/

  5. M.K. ამბობს:

    პოსტიც ისეთივე მტკივნეული წასაკითხია, როგორც თავგატეხილი თავისუფლების ყურებაა…

  6. ლადო ჯალაღონია ამბობს:

    დღევანდელ მდგომარეობას საქართველოში არსებულს ისე ,,გაუიჟებიხარ”, რაც სამართლიანია და ლაიტმოტივად უნდა იქცეს ან არის ყოველი ჩვენგანისა(მაგრამ არ უნდა დაგვაბრმავოს), მარადი და დღევანდელი ურთიერთში აგრევია. დღევანდელი გადმოსახედიდან შეფასება_შემეცნება უწინდელის უმართებულოა ნამდვილად, რადგან…………………………… .
    ,,არშემდგარ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით, რომელიც მსოფლიო რუკაზე თავის დამკვიდრებისკენ ისწრაფის”_თუ აქ ზვიად გამსახურდიასეული პოლიტიკა და იმდროინდელი სახელმწიფოა ნახესენები, დიდად შემცდარხარ, ვინაიდან ესოდენ დიდი ძალისგან განთავისუფლება და თან შემდგარი სახელმწიფოს ჩამოყალიბება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ასეთი მაგალითი იმდროინდელ ისტორიას არ ახსოვს და მითუმეტეს ჩვენთან შეუძლებელი იყო, რადგანაც პირველები ვიყავით, და რადგანაც ეს საბჭოთა დემონოკრატიის დასასრული იქნებოდა, უდიდესი ყურადღების ქვეშ ვიყავით………………………………. ასე და ამგვარად…………….
    სხვა ბიუროკრატიულ საკითხებში გეთანხმები, მაგრამ ქართველურ იდეაზე კი სასტიკად არა….

    • “სეთი მაგალითი იმდროინდელ ისტორიას არ ახსოვს და მითუმეტეს ჩვენთან შეუძლებელი იყო, რადგანაც პირველები ვიყავით,” – რაში ვიყავით პირველები?
      ან რომელ “ბიუროკრატიულ საკითხებს” გულისხმობ?

  7. ლადო ჯალაღონია ამბობს:

    ასეთი მაგალითი იმდროინდელ ისტორიას არ ახსოვს და მითუმეტეს ჩვენთან შეუძლებელი იყო, რადგანაც პირველები ვიყავით, და რადგანაც ეს საბჭოთა დემონოკრატიის დასასრული იქნებოდა, უდიდესი ყურადღების ქვეშ ვიყავით___აქვეა პასუხი……

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s