ტაბულა – „გასამართლდეს!“

ოცდაექვსი მაისის მოვლენები, ალბათ, ყველას გვახსოვს. საზეიმო სამხედრო აღლუმს არ ვგულისხმობ – ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რაც აღლუმამდე ხდებოდა. რუსთაველის გამზირზე პოლიციამ ოპოზიციის აქცია დაარბია. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, უფრო მეტი დაიკარგა და კიდევ უფრო მეტი დააპატიმრეს…

თუმცა, ამ შემთხვევაში დარბევაზე საუბარს არ ვაპირებ. ამაზე ისედაც ძალიან ბევრი რამ დაიწერა: ზოგი კარგად, ზოგი ისე – რა, ზოგი ობიექტურად, ზოგი მიკერძოებით და ა.შ. თუმცა, მე ყველაზე მეტად ჟურნალმა „ტაბულამ“ დამაინტერესა.
ჰოდა, ამ ჟურნალის მაგალითზე შევეცდები, დღეს მოგიყვეთ ცოტა რამ ქართული ჟურნალისტიკის შესახებ.

ყვითელი გაყიდვისთვის ყველაზე კარგი საშუალება მიმზიდველი გარეკანია. აქ იბეჭდება მიმზიდველი ფოტოები, დამაინტრიგებელი სათაურიები და სხვა მსგავსი ისეთი რამეები, რაც, შეიძლება, ჟურნალში/გაზეთში საერთოდ არ შეგხვდეთ, თუმცა მკითხველის მისაზიდად მშვენიერი ხერხია. ჟურნალი „ტაბულა“, პრინციპში, ყვითელი პრესისგან შორს დგას, თუმცა 30 მაისის ნომრის გარეკანმა ჩემს თვალში ეს სიშორე, ცოტა არ იყოს, შეამცირა.

ამერიკული ვესტერნები, ალბათ, ყველას გვინახავს: ხრიოკი უდაბნოებით, კოვბოების დუელებით, გულზევარსკვლავდაბნეული შერიფებითა და კედელზე ერთი ლურსმნით მიკრული პერგამენტებით, ზედ რომ ბოროტმოქმედის დაღვარჭკული სახეა ხოლმე გამოსახული წარწერით WANTED (იძებნება). აი ზუსტად ამ პერგამენტს მოგაგონებთ 30 მაისის „ტაბულას” გარეკანი. ზედ გამოსახულია ნინო ბურჯანაძის პორტრეტი, ოღონდ წაწრწერა „იძებნებაზე“ ბევრად რადიკალურია – გასამართლდეს!

მოკლედ რომ ვთქვათ, მედიასაშუალებამ, რომლის მიზანიც, წესით, ფაქტების მოძიება, გაანალიზება და ამის საფუძველზე საზოგადოებისთვის მეტ–ნაკლებად მაინც ობიექტური (ეს საქართველოს პირობებში, თორემ, ზოგადად, ნორმალური მედიასაშუალება რომ მიუკერძოებელი უნდა იყოს, ფაქტია) ინფორმაციის მიწოდება უნდა იყოს, პირდაპირ მოგვიწოდა კონკრეტული ქმედებისკენ.

ანუ, ფაქტობრივად, მე, უბრალო მკითხველს, რომელმაც ლარ–ნახევარი გადავიხადე ამ ჟურნალის შესაძენად, იმის საშუალებაც კი არ მეძლევა, ფაქტებს გავეცნო და ამის საფუძველზე გადვწყვიტო ვინ გასასამართლებელია და ვინ არა. ჟურნალი არჩევანსაც კი არ მიტოვებს გარდა იმისა, რომ ნინო ბურჯანაძე გავასამართლო (იქნებ, იქვე ჯობდა, მიეწერათ, სასამართლოს გზით ჯობია, თუ ლინჩის წესით – ბევრი ფიქრიც არ მოგვიწევდა).
ბუნებრივია, გარეკანის ნახვის შემდეგ მიჩნდება კითხვა, რატომ უნდა გავასამართლო მაინცდამაინც ეს პოლიტიკოსი და არა, ვთქვათ, ხელისუფლების წარმომადგენელი.

გამოცემის მეცხრე გვერდზე საკმაოდ კარგი ფოტოს დართვით ვხვდები სტატიას – „რა მოხდა ოცდაექვს მაისს?“ – „ელიტა და მასა“. ეს წერილი მთლიანად ავტორის, გიგა ზედანიას, პირად მოსაზრებებზეა აგებული, მაგრამ ეგ არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული აზრის თანახმად, ნებისმიერი ადამიანი ყოველთვის სუბიექტურად აფასებს ფაქტებს, მაინც მგონია, რომ ადამიანებს შეგვიძლია, მოვლენათა ყოველმხრივი ანალიზის საფუძველზე სწორად და ობიექტურად წარვმართოთ მსჯელობა, თუმცა, „ტაბულას“ ამ სტატიის მაგალითზე ჩემი ეს ვარაუდი, რბილად რომ ვთქვათ, არ გამართლდა.

პრინციპში, გარეკანის ნახვის შემდეგ მეტს არც ველოდი, თუმცა მაინც ვიტყვი ერთი–ორ სიტყვას ამ სტატიის შესახებ:
ავტორის აზრით, რომელსაც, ამ შემთხვევაში, პრინციპში, ვეთანხმები კიდეც, „…დასავლეთში ხალხი ქუჩაში გადის, რათა საკუთარი აზრი და ემოციები გამოხატოს. საქართველოში ხალხი გავიდა, რადგან სჯეროდა, რომ ვიღაცამ იცის, როგორ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. ვიღაცამ იცის, ოღონდ არ ამხელს. აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დათანხმდნენ სხვის გეგმაში საზარბაზნე ხორცის როლს. ასეთი სახის ელიტას – რომელიც, იმის მაგივრად, რომ მას საზოგადოება აკონტროლებდეს, თვითონ აკონტროლებს საზოგადოებას – ხშირად საკუთარი ინტერესი უფრო ამოძრავებს, ვიდრე საზოგადოებრივი“. ელიტაში, ცხადია, ოპოზიციის ლიდერები იგულისხმებიან, რომლებსაც ზედანია პირდაპირ აკისრებს პასუხისმგებლობას 26 მაისს მომხდარზე – „პოლიტიკური ელიტის, როგორც მინიმუმ, ერთი ნაწილი ასევე თანახმაა, საზარბაზნე ხორცად გამოიყენეოს ის რიგითი ადამიანები, რომლებიც მას ენდობიან“.

ძალიან კარგი იქნებოდა, კრიტიკა უკვე ხელისუფლებაზეც გადასულიყო, რომლის ინიციატივითაც მოხდა, სწორედ, დარბევა „დამოუკიდებლობის“ დღეს, თუმცა გიგა ზედანია ხელისუფლების მხოლოდ ორ შეცდომაზე საუბრობს და, რატომღაც, არერთ მათგანში არაა გამახვილებული ყურადღება ძალიის გადამეტებასა და სასტიკ დარბევაზე. მისი აზრით „…დემოკრატიული ქვეყანა ის კი არაა, სადაც პოლიცია უფლებამოსილებას არასოდეს ამეტებს. შეცდომა ხელისუფლებასა და მის ორგანოებს ყველა ქვეყანაში მოსდით, მათ შორის ყველაზე განვითარებულშიც. ლიბერალური დემოკრატია იმ ქვეყანაშია, სადაც ძალის გადაჭარბებას იძიებენ და დამნაშავეებს სჯიან.“

ანუ, როგორც ჩანს, სტატიის ავტორს ის კი არ ანაღვლებს, რამდენი ადამიანი დაიღუპა და გაუბედურდა ამ „ლიბერალ დემოკრატიული ძალადობის“ შემდეგ. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, დამნაშავე პოლიციელები მოიძებნონ (გაიგე ახლა, ასობით ნიღბიანიდან, რომლებიც ჯგუფ–ჯგუფად ურტყამდნენ შეუიარაღებელ ხალხს, კონკრეტულად რომლის დარტმამ მოკლა ადამიანი) და, როგორც ჭეშმარიტ, ლიბერალ დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება, საკადრისად დაისაჯონ!
ხელისუფლების მეორე შეცდომა კი, გიგა ზედანიას აზრით არც მეტი, არც ნაკლები, ის არის, რომ ნინო ბურჯანაძე ჯერ კიდევ არ დაუჭერიათ. „შსს–მ გაავრცელა ფარული ჩნაწერი, სადაც ნინო ბურჯანაძე საკუთარ ანტისახელმწიფოებრივ გეგმებზე საუბრობს, მაგრამ ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს იმისათვის, რომ სამართლებრივი პროცედურები დაეწყო მისი და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ“. მართლაც, რატომ არ დაიჭირეს ბურჯანაძე ამ სატელეფონო საუბრის გამოქვეყნების შემდეგ, ან, თუ დაპატიმრებას არ აპირებდნენ, საერთოდ რატომ გამოაქვეყნეს, ეს საკამათო საკითხია, მაგრამ, ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ „ტაბულას“ ამ სტატიის ავტორს ამის შემდეგ ერთი სიტყვაც არ უხსენებია ხელისუფლების ბრალეულობაზე ხალხის დარბევაში.

სამაგიეროდ ავტორი ღიად აკრიტიკებს ერთერთ (სამწუხაროდ, სახელს არ ახსენებს) საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელმაც 26 მაისის მიტინგს „უიარაღო და მშვიდობიანი“ უწოდა. „იმავე ორგანიზაციამ ოსამა ბინ ლადენის მკვლელობაც კრიტიკულად შეაფასა ამ ცოტა ხნის წინ. მე ამ ორ შემთხვევას არანაირად არ ვადარებ ერთმანეთს, მაგრამ ორივე შემთხვევაში ადგილი გვაქვს მორალური შეფასებისა და ინტელექტუალური ანალიზის სერიოზულ პრობლემასთან…“ – ვკითხულობთ სტატიაში. მე კი, პირადად, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ადამიანისთვის „სამართლიანობის სახელით“ ადამიანების სიკვდილი სრულიად დაშვებულად მიაჩნია და, ბუნებრივია, მიჩნდება შეკითხვა, ვის უფრო აქვს მორალური შეფასების პრობლემა, იმ რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაციას, თუ „ტაბულას“ სტატიის ავტორს?

ამ სტატიაში ასევე ჩანს „რუსეთი, ჩვენი მოსისხლე მტერი“ პათოსიც. „აქაც სახეზე გვაქვს ელიტის პრობლემა, რომლის ნაწილიც ბოლო პერიოდში სრულიად ცნობიერად აღვივებს ანტიდასავლურ სენტიმენტებს, რადგან ჰგონია, რომ რუსეთთან მიერთებულ საქართველოში ბევრად უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს. ეს ყოველივე არის მცდელობის ნაწილი, საქართველოს დემოკრატიული მომავალი და საქართველოს დასავლური ორიენტაცია ერთმანეთს დააშორონ…

…დასავლური არჩვნის გარეშე არ არსებობს არც უსაფრთხოების, არც ეკონომიკური განვითარების, არც პოლიტიკური ბალანსის, არც სამეცნიერო–ტექნიკური დახმარების წყაროები“ – წერს გიგა ზედანია, რაც, მე, პირადად, უკვე სასაცილოდ მიმაჩნია.
ფაქტია, რომ დასავლური ორიენტაცია გზაა უკეთესი სახელმწიფოს შექმნისკენ და იმ კულტურაში დაბრუნებისკენ, რომელსაც, ისტორიულად ნამდვილად ვეკუთვნოდით, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად აკმაყოფილებს დღევანდელი „ლიბერალურ დემოკრატიული“ საქართველო დასავლურ სტანდარტებს.

1. ეკონომიკური განვითარება: მიმოიხედეთ ირგვლივ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი რამდენი ადამიანი ცხოვორობს ქვეყანაში. საარსებო მინიმუმი, რომელიც, საშუალოდ, დაახლოებით, 150 ლარია, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უბრალოდ სასაცილო ციფრია. და ფასების კატასტროფული ზრდის ფონზე ჯერ კიდევ ბოლომდე ვერგაასლარებული პენსია მოხუცებს წამლის ფულადაც არ ჰყოფნით.

2. სამეცნიერო ტექნიკური დახმარება: ასეთი რამ თუ საქართველოში გვაქვს, მითხარით, ძალიან დამავალებთ.

3. პოლიტიკური ბალანსი: არ ვიცი, გიგა ზედანია პოლიტიკურ ბალანსს რას უწოდებს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რომ საპარლამენტო უმრავლესობა წყვეტს ყველაფერს და ოპოზიცია თითქმის (ეს სიტყვა „თითქმი“ მაინც ვიხმარე, გული რომ არ დასწყდეს ხალხს) არ არსებობს, ნათელია. შესაბამისად, ბალანსის ცნება, ამ მხრივ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია.

4. და ყველაზე მთავარი – უფსაფრთხოება:
რომელ უსაფრთხოებაზეა საუბარი, როდესაც ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში ვერ საკუთარი პოლიცია ასე გამეტებით უსწორდება? ან ვისგან უნდა დავიცვათ თავი, თუ ჯერ ერთმანეთში, ქვეყნის შიგნით, ვერ მოგვიგვარებია ურთიერთობა?

თან, თუ ამას იმასაც დავამატებთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი ქვეყნის განვითარების მაგალითად არა, ვთქვათ, შვეიცარიას, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს ან სხვა რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს, არამედ, სინგაპურს გვისახავს, არ გაგვიჭირდება იმის მიხვედრა, თუ როგორ „დასავლურ ორიენტაციას“ ვეხებით.

სტატიის დასასრულს გიგა ზედანია განვითარების საკუთარ გზას გვისახავს, რომელიც, მისი აზრით, არარევოლუციურ პროცესშია. „ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში დემონსტრაციები და მიტინგები არ უნდა გაიმართოს. სულ პირიქით. მაგრამ ეს გულისხმობს იმას, რომ გადამწყვეტი არჩევანის გაკეთება არჩევნებზე უნდა მოხდეს და არა – ქუჩაში. ხოლო მთავარი, რასაც საზოგადოება ამ პროცესიდან ელის, შემდეგია: ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა. აქცენტი ორივე სიტყვაზეა: „მშვიდობიანი” და „გადაცემა”.


მაინც რომ დავაზუსტოთ: „მშვიდობიანი” გამორიცხავს სისხლისღვრას, ხოლო „გადაცემა” არამც და არამც არ გულისხმობს ხელისუფლების სხვა ქვეყნისთვის გადაბარებას“. აქაც, როგორც მკითხველს, მიჩნდება ერთი შეკითხვა: თუ სტატიის ავტორი აცნობიერებს იმას, რომ სიტყვა „მშვიდობიანი“ სისხლისღვრას არ გულისხმობს, მაინც რატომ გაამახვილა ყურადღება მაინცდამაინც იპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირებაზე და რატომ ერთი წამითაც არ იფიქრა მათ შორის გაჭყლეტილ საზოგადოებაზე, რომელის სისხლიც სწორედ ოცდაექვს მაისს, „დამოუკიდებლობის“ დღეს დაიღვარა?
ამ კითხვაზე, ვფიქრობ, მარტივად იპოვით პასუხს, თუ ჟურნალ ლიბერალის 30 მაისის ნომრის მე–7 გვერდს გადაშლით:
რუბრიკა: „ორი აზრი“.
კითხვა: „ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მსხვერპლზე, რომელიც აქციის დარბევას მოჰყვა?“
ოპოზიციის პოზიციას იცავს რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ზურაბიშვილი.
ხოლო ხელისუფლებისას – „ტაბულას“ ზემოთ განხილული სტატიის ავტორი, ფილოსოფოსი გიგა ზედანია.
ესეც თქვენი უტაბუო „ტაბულა“, თავისუფალი მედია და ობიექტური მსჯელობა.
პ.ს. თუ ჟურნალ ტაბულას ამ ნომერს გადახედავთ გоგა ზედანიას ამ სტატიის გარდა 26 მაისის მოვლენებზე ვერცერთ სტატიას ვერ იპოვით

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to ტაბულა – „გასამართლდეს!“

  1. ანდრო ამბობს:

    ნადარაია ვიცი ვისაც ელაპარაკება ამ მომენტში:))) ხო ისა პოსტი კარგია, ალბათ:დ:დ

  2. ანდრო ამბობს:

    xo es garekani ashkarad ar momwons mainc, mxolod calmxrivad warmoachens movlenebs, da esec rom iyos presam mgoni mkitxvels unda dautovos archevanis sashualeba :|:|

  3. ქეთი ამბობს:

    მართლა გამაღიზიანებელი იყო ის, რომ ქვეყანა იქცეოდა, ხალხს დასახოცად იმეტებდნენ და “ტაბულა” ვითომც არაფერიო, დუმდა.ეტყობა მაგათ თავისებური შეხედულება აქვთ ობიექტურობაზე.მე პროტესტის ნიშნად დავდე ზედ პოსტი ჩემი ბლოგიდან. მერე მეგობრები მაშაყირებდნენ, შენ არ იცი, რომ “ტაბულაზე” ასეთ პოსტებს არ დებენო? თითქოს არ იყო ცუდი და სიამოვნებითაც ვკითხულობდი, მაგრამ ხან იყო ობიექტური და ხან არა, როგორც შენ გაწყობს ისე, არაა სწორი.გეთანხმები ყველაფერში.

  4. エカ (aka Katiee) ამბობს:

    მშვენიერი კრიტიკული სტატიაა, ბლოგპოსტად რომ დაგენანება, ისეთი 🙂

  5. salolas ამბობს:

    კარგი განხილვა იყო გიო, მომეწონა!

    და შენ წარმოიდგინე საერთოდ არ გამიჩნდა ტაბილის ყიდვის სურვილი ამის მერე.. 😐

  6. ten minutes older ამბობს:

    “ტაბულას” რომ მსგავსი სტატია არ დაეწერა გამიკვირდებოდა )))

    თავიდან მეგონა, რომ მარტო გარეკანი იქნებოდა ეგეთი და შიგნით ამ მოვლენებზე არაფერი ეწერებოდა.

    პ.ს. კარგი პოსტია, მომეწონა )))

  7. Andy ამბობს:

    კიდევ კარგი ვიღაცამ დაწერა ამ გარეკანის თემაზე !
    მართლაც პირდაპირ არჩევანის საშუალებას არ გიტოვებს ჟურნალისტი დასკვნა თავად გამოგიტანა.
    მახსენდება სამთავრობო არხები ამ მაგალითზე, სხვა ინფორმაციის მოსმენის საშუალება არ გაქვს ზუსტად ასე მოიქცა ტაბულა: )

  8. მოლი ბლუმი ამბობს:

    “ასავალ-დასავლის” პირველ გვერდზე გამოტანილი
    “ძაღლლუმი” ვითომ უფრო კორექტული იყო?

  9. მოლი ბლუმი ამბობს:

    მეც ფრონტ პეიჯს მოვკარი თვალი და დიდი შრიფტით აკრეფილი ძაღლლუმი დამამახსოვრდა, თორემ წაკითხვით… როგორ არ უნდა გიყვარდეს ადამიანს თავი, “ასავალ-დასავალს” კითხულობდე.

    ტაბულას “ათი კითხვა” მომწონს. ადრე ბევრად უკეთესი იყო, ბურჭულაძის და ბუღაძის სვეტებით.

  10. ბაკურ სვანიძე ამბობს:

    ”ასავალ-დასავალი” ”ძაღლუმს” უწოდებს მოვლენას და აფასებს ამ მოვლენას უარყოფითად. ”გასამართლდეს” – არიოს კონკრეტული პიროვნების დაპატიმრების მოთხოვნა. ამაში არის ძალიან დიდი განსხვავება. ჟურნალისტს აქვს უფლება შეაფასოს კონკრეტული მოვლენა როგორც სურს და დაარქვას მას რაც სურს. პიროვნების გასამართლების მოთხოვნა არ არის ჟურნალისტის პრეროგატივა. ისე კი, ”ფრონტ პეიჯს” ”პირველი გვერდი” ჰქვია… ეგ ტერმინიც მაშინ ხომ არ დამკვიდრდა რუსები რომ ენას გვართმევდნენ?:)

    • ომარ თურმანაული ამბობს:

      რა ჟივილ–ხივილი ასტეხეთ ამ ,,გასამართლდეს,,–ზე? ვისაც არ ესმის, ვეტყვი რომ გასამართლება თავისთავად სულაც არ ნიშნავს დასჯას არამედ ადამიანის საქციელის, ქმედების აწონ დაწონვას სასამართლოს საშუალებით, სამართლის ნორმებთან მისი შესაბამისობის გარკვევას და შემდგომ ან მის დასჯას ან მის გამართლებას! გიგა ზედანია არსად არ მოითხოვს ვინმეს დასჯას (როგორც ამას მოითხოვენ ზოგიერთები ,,სამართლინობის აღდგენის,, მწვავე სურვილით, სინამდვილეში კი შურისძიების ვნებით შეპყრობილნი). ასე რომ დიახ, ნინო ბურჯანაძის ქცევის მიმაროთ მეც ბევრი კითხვა მაქვს და ამ კითხვებს სასამართლომ უნდა გასცეს პასუხი. დიახ ,,ნინო ბურჯანაძე უნდა გასამართლდეს,,!

  11. ომარ თურმანაული ამბობს:

    რა ჟივილ–ხივილი ასტეხეთ ამ ,,გასამართლდეს,,–ზე? ვისაც არ ესმის, ვეტყვი რომ გასამართლება თავისთავად სულაც არ ნიშნავს დასჯას არამედ ადამიანის საქციელის, ქმედების აწონ დაწონვას სასამართლოს საშუალებით, სამართლის ნორმებთან მისი შესაბამისობის გარკვევას და შემდგომ ან მის დასჯას ან მის გამართლებას! გიგა ზედანია არსად არ მოითხოვს ვინმეს დასჯას (როგორც ამას მოითხოვენ ზოგიერთები ,,სამართლინობის აღდგენის,, მწვავე სურვილით, სინამდვილეში კი შურისძიების ვნებით შეპყრობილნი). ასე რომ დიახ, ნინო ბურჯანაძის ქცევის მიმაროთ მეც ბევრი კითხვა მაქვს და ამ კითხვებს სასამართლომ უნდა გასცეს პასუხი. დიახ ,,ნინო ბურჯანაძე უნდა გასამართლდეს,,!

    • დავიწყოთ იმით, რომ ეს პოსტი 2 წლის წინ უფრო აქტუალური იყო, მაგრამ ეგ არაფერი.

      აქ მნიშვნელობა არ აქვს, რას ნიშნავს სიტყვა გასამართლება. არც ბურჯანაძის ქცევაზეა საუბარი თუ დააკვირდებით. მთავარია, მედია როგორ აშუქებს მოვლენას. ზოგადად ნებისმიერი მოწოდება მედიის მხრიდან, მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ისე ლამაზი საქციელია. სიტყვა “გასამართლდეს” კი პირდაპირი მოწოდებაა. ესაა და ეს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s