საზაფხულო ზღაპარი – ანუ რატომ ვეღარ გვიშველის ვიაგრა

თავდაპირველად გამოქვეყნდა გაზეთში “დრონი”

იყო და არა იყო რა. ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით იყო ერთი ქვეყანა, რომელსაც საქართველო ერქვა. ამ ქვეყანასაც, როგორც ყველას, ჰყავდა ხელმწიფე, რომელიც შესაშურად მაღალი იყო (ნუ, უხვიც იყო და მდაბალიც, მაგრამ მაღალი უფრო). ჰოდა ამ მაღალმა ხელმწიფემ, ერთხელაც, გადაწყვიტა თავისი თავისი ქვეშევრდომებისთვის დიადი სანახაობა მოეწყო (ხომ ვამბობდი, გულუხვიც იყო მეთქი) და ხალხში სამშობლოს სიყვარული კიდევ უფრო გაეღვივებინა.

ამ სანახაობის შესახებ უმალ მთელმა ქვეყანამ გაიგო, თქვენ წარმოიდგინეთ, კანის კინობაზრობაზეც კი მას აქებდნენ და ადიდებდნენ. ქვეყნიერების ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ საქართველოში ამ დიად დღესასწაულზე დასასწრებად. ვის არ ნახავდით აქ: დიდ ლორდ რენი ჰარლენს, პრინც ენდი გარსიას და კიდევ მრავალ სახელგანთქმულ პიროვნებას. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც დასავლეთის ბრწყინვალე დედოფლის, შერონის ჩამოსვლა იყო. მას თავს ევლებოდნენ ხელმწიფე, ნაზირ–ვეზირნი, კარისკაცები, ლაქიები და საერთოდ, მთელი ქვეყანა…
ასე დაიწყებოდა, ალბათ, ზღაპარი, რომელიც საქართველოს დიდი ბედნიერების შესახებ მოგვიყვებოდა. თუმცა ზღაპარი იქით იყოს.

ეს ყველაფერი ორ ივნისს ხდებოდა – ოცდაექვსი მაისის დარბევიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე.
როცა ოცდაექვს მაისს, საზეიმო სამხედრო აღლუმის დროს ძალადობის გასაპროტესტებლად ოცდაათამდე სტუდენტი რუსთაველის ძეგლთან ვიდექით ბუშტებითა და ტრანსფარანტებით ხელში, ხალხი გაკვირვებული შემოგვცქეროდა; სპეცრაზმი იქვე, ათიოდე მეტრში იდგა; სულ ერთი კილომეტრის მოშორებით, პარლამენტის წინ საგანგებოდ გამართული ტრიბუნიდან, პრეზიდენტი ერს მტრის წინააღმდეგ სამხედრო მზაობას ეფიცებოდა, ჩვენ კი „არა მილიტარიზმს, არა ძალადობასო“ გავყვიროდით.

ამ დროს ზოგი გამვლელი ოპოზიციის „დამქაშებს“ გვეძახდა – რით ვერ ისწავლეთ ჭკუა, თავს რატომ იღუპავთო; ზოგს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საგანგებოდ შეკრებილი „კარგად აღზრდილი, განათლებული“ ბავშვები ვეგონეთ; იქვე მდგარი სპეცრაზმელები კი დაუფარავად გვაგინებდნენ ყველაფერს, სანამდეც კი ფანტაზია მიუწვდებოდათ – თქვე ერის მოღალატეებოო!

თუმცა, ჩვენ არც ოპოზიციის მომხრეები ვიყავით, არც დამოუკიდებლობის დღით აღფრთოვანებულები და, არც, მაინცდამაინც, სპეცრაზმის გინება გვსიამოვნებდა დიდად. უბრალოდ, როგორც ახალგაზრდები, რომლებსაც თავისუფლებაზე აქვთ პრეტენზია, ავდექით და ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ: ვაპროტესტებდით, ძალადობას, ვანდალიზმს, და იმას, რომ იმ ადგილას, სადაც რამდენიმე საათით ადრე ძალოვანებმა ხალხი ფეხქვეშ გათელეს, ვითომც აქ არაფერიაო, საზეიმო აღლუმი იმართებოდა.

რამდენიმე დღით ადრე, ჯერ კიდევ დარბევამდე, ჩემმა ერთმა მეგობარმა (და სტუდენტების აქციის ერთერთმა მონაწილემ), სოციალურ ქსელზე დაწერა: „მძულს სააკაშვილი, რომ ხალხი ასე გააუბედურა და მძულს ბურჯანაძე, რომ ამ ხალხს თავისი ინტერესებისთვის იყენებსო“. დიახ, ჩვენ არცერთი მხარის მომხრეები არ ვიყავით, რადგან საკუთარი შეხედულება გვქონდა მოვლენებისადმი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს პოზიცია გახდა იმის მიზეზი, რომ კრიტიკის კორიანტელი არ აგვცდა. „არც მწვადს წვავთ და არც შამფურსო“, ისე გვეუბნებოდნენ, თითქოს, დოგმა ყოფილიყო ან ოპოზიციის ან ხელისუფლების მხარეს დადგომა. პრინციპში, თუ გადავხედავთ ბოლო ათწლეულის საქართველოს ისტორიას, აღმოვაჩენთ, ყველა მასშტაბური საპროტესტო მიტინგი, რომელიც კი გამართულა, რომელიმე პოლიტიკური ძალის ორგანიზებული იყო. ძირითადი მოთხოვნა კი, ყველა აქციაზე ერთი და იგივე – „გადადექი“. შესაბამისად, ხალხი ან მომიტინგეების (ძირითადად, რა თქმა უნდა, ოპოზიციის) ან იმ „გადასადგომი“ პიროვნების (უმეტეს შემთხვევაში, პრეზიდენტის) მომხრეებად იყოფოდნენ. აქედან გამომდინარე, ის რომ შეიძლება, ვინმეს სრულიად განსხვავებული აზრი და მოთხოვნა ჰქონოდა, საფუძველშივე ირიცხებოდა.

ამ ყველაფერმა კი ის მოიტანა, რომ ადამიანები უბრალოდ შეეგუვნენ პოლიტიკური ლიდერებისადმი დამოკიდებულებას. აქციის მონაწილეები დღეების განმავლობაში იდგნენ და უსმენდნენ მათს გამოსვლებს, მოწოდებებს და დაპირებებს იმის შესახებ, რომ ოღონდ ეს მთავრობა გადადგეს და ყველაფერი კარგად იქნება. მაშინაც კი, როდესაც ტრიბუნასთან თვით მომიტინგეები გამოდიოდნენ, არცერთს არ მოსვლია აზრად, მიკროფონში ეთქვა, თუ რა პრობლემები აწუხებდა და რის გამო იდგა აქციაზე. სასაცილოა, მაგრამ ფაქტია, ერთადერთი ადამიანი, ვინც ხალხს უთრა იმ პრობლემის შესახებ რაც მას რეალურად აწუხებდა, ვინმე „ბობი ბრაუნი“ იყო, რომელმაც, არც მეტი, არც ნაკლები, მარიხუანას ლეგალიზაცია ითხოვა. შედეგად კი ჯერ აქციის მონაწილეებმა სცემეს, შემდეგ კი არც პოლიციამ დააკლო თავისი. სხვა დანარჩენები კი ან „მიშა წავაო“ გაიძახოდნენ, ან „ნინო გადაგვარჩენსო“.

აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში, უბრალოდ, დაგვავიწყდა, რომ ადამიანს, შეიძლება, ყველასგან დამოუკიდებლად, საკუთარი პროტესტი გაუჩნდეს. „პოლიტიკა ბინძური საქმეაო“ ისე გავიძახით, რომ ვერც კი ვიაზრებთ საერთოდ, რა არის პოლიტიკა. ჩვენ ის მხოლოდ პარლამენტში, საკრებულოებში თუ პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაწყვეტილი საქმეები, ყველასგან ფარული და „ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის“ მიუწვდომელი რამ გვგონია (თქვენ წარმოიდგინეთ, სახალხო კრების აქციის მონაწილისათვისაც რომ გეკითხათ, გიპასუხებდნენ, პოლიტიკაში არ ვერევი, არ მაინტერესებსო). შესაბამისად, დიდიან–პატარიანად, ვერც კი გავიგეთ, ისე გავხდით პოლიტიკური იმპოტენტები, რომლებზეც უკვე ვიაგრაც კი აღარ მოქმედებს. ოცდაექვსი მაისის დარბევამ კი საერთოდ, ყველანაირ პროტესტს, როგორც ჩანს, კარგა ხნით გადაუსვა ხაზი. თან, მით უმეტეს, ცოტა ხანში თავიდან აღმოვაჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ისიც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, რენი ჰარლენის ფილმში: გაგვახსენეს, როგორ გმირულად ვიბრძოდით აგვისტოს ომში „მტარვალი მტრის“ წინააღმდეგ, როგორ გულმოდგინედ ვიცავდით სიმართლეს და როგორ წაგვართვეს (თუმცა, გულებიდან მაინც ვერ წაშალეს) ჩვენი კუთვნილი ტერიტორიები.

„აგვისტოს ხუთი დღე“ სულ ცოტა ხანში ყველაზე რეიტინგული ფილმი გახდა და ორი ივნისიდან მოყოლებული, ქართულ კინოთეატრებში დღესაც წარმატებით ადენს ცრემლს მაყურებელს. თან, თუ გავიხსენებთ იმას, რომ ზაფხული ახლოვდება, ამ დღეებში ბათუმში (ქალაქში, სადაც რენი ჰარლენმა [ო, ღმერთო ჩემო] თქვენ წარმოიდგინეთ, ბინა იყიდა) სტინგმა გამართა კონცერტი, ვისღა სცალია პროტესტისთვის? ჩვენი ქვეყანა სულ უფრო და უფრო ბრწყინდება: შერონ სთოუნი გვესტუმრა და გვესტუმრა, ჰოდა ჯერ სად ხართ, ისეთი კაშკაშა ვარსკვლავებმა დადგან ფეხი ჩვენს მადლიან მიწაზე.
მოკლედ, მეგობრებო, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქართული ზღაპარი ბედნიერებაზე, კმაყოფილებაზე, გაბრწყინებაზე, ისევ გრძელდება, ჰოდა, „ჭირი იქა, ლხინი აქაო“ ვიტყვი, წინ კიდევ ერთი ცხელი (ოღონდ არა პოლიტიკურად და სოციაურად) ზაფხული გველოდება. ბედნიერ უმოქმედობას გისურვებთ.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to საზაფხულო ზღაპარი – ანუ რატომ ვეღარ გვიშველის ვიაგრა

  1. კახა ამბობს:

    გიორგი, არა ძალადობასო გასაგებია, მაგრამ არა მილიტარიზმს რა შუაშია? რას გულისხმობ მილიტარიზმში? რომელი მილიტარისტური ქვეყანა ჩვენ გვნახე?

  2. gradkaca ამბობს:

    aba gaajvit aqedan exla pacifistebo

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s