ჰიპი

ამ მორომანო მოთხრობის წერა ასე, ორი წლის წინ დავიწყე. ცოტა ხანს ბლოგზე ვაქვეყნებდი და რამდენიმე მუდმივი მკითხველიც მყავდა, თუმცა, მერე, რატომღაც, შევჩერდი და ერთი წელია, სიტყვაც არ დამიმატებია. დღეს კი, რატომღაც, მომინდა, წერა გამეგრძელებინა და ჰიპი ბასთარდის ისტორია ბოლომდე მიმეყვანა. იქნებ მოგეწონოთ, იქნებ, არც, თუმცა კომენტარებში თქვენი შეხედულების გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლება გაქვთ. მოკლედ, ვაქვეყნებ რომანის (რაღაც მეუხერხულება, რომანს რომ ვეძახი, მაგრამ არ ვიცი რა დავარქვა, ნოველა, ალბათ? პრინციპში, მოთხრობა მირჩევნია, რაც უნდა იყოს), კი არა და, მოთხრობის პირველი ნაწილის დასასრულს. ვისაც დასაწყისი არ გინახავთ, შეგიძლიათ, შეხვიდეთ ამ ლინკზე, რა იცით, იქნებ დაგაინტერესოთ კიდეც. ჰოდა, თუ დაგაინტერესებთ, აჰა დანარჩენი ნაწილებიც. გაგრძელებებს კი თანდათან დავამატებ.

ახლა კი, ერთი წლის დაგვიანებით, “ჰიპი” – პირველი ნაწილის დასასრული.

***

სანამ იზი ყავას ამზადებდა, ძლივს წამოვწიე თავი ლოგინიდან. ჩემი ტელეფონის ეკრანი ოც გამოტოვებულ ზარს მამცნობდა. ყველა დაფარული ნომრიდან იყო ერთის გარდა: რედაქტორიც მირეკავდა. შემდეგ ესემესიც გამოეგზავნა: მეუბნებოდა, როგორც კი შეძლებ, რედაქციაში მოდიო.   ვერ იყო მთლად კარგი ამბავი.

ყავა უკვე მზად იყო. იზის ყოველთვის ჰქონდა გამჭვირვალე ჭიქა ჩემთვის. ახლაც გამჭვირვალე ჭიქაში დამისხა. დღე-ნახევრიანი ძილის შემდეგ ყავა ნამდვილად ის იყო, რაც მჭირდებოდა. იზი ჩუმად იჯდა და აშკარად ეტყობოდა, რაღაცაზე ფიქრობდა. ყოველთვის, როცა რაღაცაზე ფიქრობდა, საკუთარ ფრჩხილებს აკვირდებოდა ხოლმე, ოღონდ ერთ მუჭს გაშლილს იკავებდა, ქალურად, ხელისგულით მისგან საწინააღმდეგოდ, მეორეს კი მოკაული თითებით, ხელისგულით სახისკენ, კაცურად. ცოტა ხანს ასე იჯდა, გაჩუმებული, შემდეგ კი მომიბრუნდა:

–                     როგორ ფიქრობ, ლამაზი ვარ? – მისგან ასეთ შეკითხვას ნამდვილად არ მოველოდი.

–                     როგორც მეგობარმა, ისე გიპასუხო, თუ როგორც ჟურნალიტმა?

–                     როგორც კაცმა.

–                     ო, თუ როგორც კაცმა, ისე უნდა გიპასუხო, მაშინ კი, ლამაზი ხარ.

–                     კარგი – მიპასუხა იზიმ ყავის ფინჯანი გამოცალა და უხმოდ გავიდა.

გამიკვირდა, ცოტა უცნაური რამ ხდებოდა მის თავს, თუმცა არ ჩავძიებივარ. ჩემი საფიქრალიც ბევრი მქონდა.

***

რედაქციაში კაციშვილი არ ჭაჭანებდა. მარტო მდივანმა ამომხედა სათვალის ქვეშიდან და უხმოდ მიმითითა რედაქტორის კარებისაკენ.

ეს კაცი, ჯიმ მედლი ერთერთი იმათგანი იყო, რომელსაც როგორღაც მოეხერხებინა და თავისი გაზეთისათვის დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა. ჯერჯერობით ვერავინ იტყოდა, „უიქ დეილის“ მე ვაკონტროლებო, შესაბამისად ეს გამოცემა ყველა მხრიდან საკმაო წნეხს განიცდიდა. სამაგიეროდ მკითხველს არასოდეს უჩიოდა და გადახდიდაც ზალიან კარგად იხდიდნენ (ყოველ შემთხვევაში, სხვა გაზეთებთან შედარებით).

მედლი ერთხანს გაჩუმებული უყურებდა რომელიღაც კონკურენტი გაზეთის დილის ნომერს. როცა შემომხედა, ალბათ, აპირებდა ეთქვა, დაჯექიო, თუმცა მე უკვე სავარძელში ვიყავი მოკალათებული.

–                    მისმინე – მითხრა – ცუდი ამბავი მაქვს შენთვის.

–                    …

–                    იმ სტრიპტიზიორის ამბავს გაიგებდი.

–                    მელანის.

–                    ჰო, რაც ჰქვია. მოკლედ, დღეს რედაქციაში დაფარული ნომრიდან დარეკეს. შენი ნახვა უნდათ.

–                    ჩემი ნახვა?

–                    ჰო. ეგ კიდევ არაფერი, რამე რომ იყოს პოლიციაში დავრეკავდით და უშველიდნენ, მაგრამ საქმე ბევრად რთულადაა.

ვიცოდი, რომ ჰიპი ბასთარდის საქმის გამოძიება არც მთლად მარტი ამბავი იქნებოდა, თუმცა რედაქტორის სიტყვებმა, ცოტა არ იყოს, შემაშინა. ის ცოტა ხანს ისევ დადუმდა, შემდეგ სიგარეტს მოუკიდა, მეც გამომიწოდა და განაგრძო:

–                    დღეს ხარ დაბარებული სამოქალაქო  უშიშროების სამინისტროში.

სიგარეტის ბოლი გადამცდა და ხველებ–ხველებით ძლივს ამოვღერღე: – სად? რა მინდა მანდ?

–                    შენ არაფერი, მათ უნდათ – თქვა რედაქტორმა და თვალი ამარიდა.

მოკლედ, ძალიან უცნაური რამ ხდებოდა. შეიძლება ითქვას, ზედმეტად უცნაურიც. როგორც აღმოჩნდა, დილით რედაქციაში სწორედ სამინისტროდან დარეკეს. ეტყობა, მეც მირეკავდნენ, თუმცა იმ საზიზღარი წამლის ამბავი უკვე იცით. ერთი სიტყვით, საღამოს ხუთ საათზე ქალაქის ერთერთ მიკარგულ გარეუბანში უნდა მივსულიყავი, სადაც სამოქალაქო უშიშროების სამინისტროს ძველი პირქუში შენობა იყო, ისეთი, განგებ რომ აგებენ ხოლმე, ადამიანს შიგ შესვლამდე რომ გაუჩინონ უიმედობის განცდა.

***

გარეუბანში რაღაც უჩვეულოდ ბნელოდა. არადა ჯერ ხუთს ათი წუთი უკლდა, დაღამებამდე კიდევ იყო დრო დარჩენილი.  შლაკბაუმი უხმაუროდ გაიღო და კბილებამდე შეიარაღებულმდა მცველმა სამინისტროს ეზოში შემიშვა. ეს ეზოც ისეთივე პირქუში იყო, როგორც მასში მდგარი შენობა. რამდენიმე გაძვალტყავებული ხე იდგა აქაიქ. ხის ქვეშ უცნაურად დაკლაკნილი, უშნო სკამები იყო, სადაც იშვიათად თუ ნახავდით ვინმეს ჩამომჯდარს. ერთადერთ ბილიკზე, ჭიშკარსა და შენობის მთავარ შესასვლელს რომ აერთებდა, აქაიქ ფილები იყო ამოვარდნილი. ეტყობოდა, მათ ჩასმაზე არც არავის ეზრუნა.

შესასვლელს მივუახლოვდი თუ არა, ვიღაცამ კარი შიგნიდან გააღო და გრძელ, სუსტად განათებულ დერეფანში შემატარა. შიგ არავინ ჩანდა. რკინის კარები, ყოველ ათ მეტრში რომ მხვდებოდა, თავისით ხმაურით იღებოდა და ჩემ ზურგს უკან ხმაურითვე იკეტებოდა. ეს შენობა საოცრად მკაცრად იყო დაცული, თუმცა რისგან და ვისგან იცავდნენ, ჩემთვის სრულიად ამოუხსნელი რჩებოდა.

მეოთხე კარიც რომ გავიარე, დერეფანში, უცებ, შუქი აინთო და საიდანღაც, რაციიდან თუ მსგავსი რაღაციდან, ჩახლეჩილი ხმა მოისმა: „იარაღი თქვენ გვერდზე, მაგიდაზე დადეთ, თუ შეიძლება“ – გაკვირვებული ვიდექი, იარაღი არ მქონდა. „ჩანთაც მაგიდაზე დატოვეთ“ – აგრძელებდა ხმა, მე კი უხმოდ ვემორჩილებოდი, სანამ ლამის შიშველი არ დამტოვეს. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ჩემ წინ კიდევ ერთი, ოღონდ ამჯერად არა რკინის კარი და მეც არაბუნებრივად თვალისმომჭრელად გადანათებულ ოთახში შევედი, სადაც მხოლოდ ერთი მაგიდა და ერთი სკამი იდგა. ოთახში მხოლოდ სამი კედლის დანახვა შემეძლო, რადგან ის არაბუნებრივად თვალისმომჭრელი შუქი ჩემი მოპირდაპირე კედლიდან რომ მოდიოდა, ლამის მაბრმავებდა.

სკამზე ჩამოვჯექი, ველოდი, რომ ვინმე შემოვიდოდა, თუმცა როგორც ჩანს, ის, ვისაც ჩემთან საუბარი უნდოდა, უკვე ოთახში იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი დანახვა არ შემეძლო.

–                    იცით სად ხართ? – მოისმა ქალის მჭახე ხმა მოპირდაპირე კედლიდან. უცნაური შეგრძნება იყო, მეგონა, რომ მოჩვენება მელაპარაკებოდა. ან, იქნებ, იყო კიდც მოჩვენება.

–                    სამოქალაქო უშიშროების სამინისტროში – ვუპასუხე.

–                    იცით რატომ ხართ აქ? – იმავე ტემბრში არძელებდა ქალი.

–                    არა, მაგრამ, რადგან მაგიდაზე ვერც შამპანურის ბოთლს ვხედავ, ვერც ჭიქებს, ჩანს, პაემანზე არ უნდა დაგებარებინეთ.

–                    სასაცილოა (ჯანდაბა! ამ ქალს ხმა ოდნავადაც არ ეცვლებოდა), თუმცა, საქმე სახუმაროდ არ უნდა გქონდეთ, ხვდებით ამას?

–                    იქნებ, ბოლოს და ბოლოს, მოეშვათ ჰოლივუდურ ტექსტებს და მითხრათ, მართლა, რა ჯანდაბას ვაკეთებ აქ?

–                    თქვენ მელანი ოლდმეის გატაცებასა და მკვლელობაში ხართ ეჭვმიტანილი…

ამის შემდეგ ხმა კიდევ დიდხანს ლაპარაკობდა, ალბათ იმის შესახებ, რომ ადვოკატის აყვანის უფლება მქონდა და მსგავს წინასწარ გაწერილ რამეებს, თუმცა მე ეს ყველაფერი არ მესმოდა. გაოგნებული ვიჯექი. მე ბრალი მედებოდა იმ ადამიანის მკვლელობაში, რომლის დახმარებაც თავადვე ჰაერივით მჭირდებოდა. მელანი გაიტაცეს, სადღაც გამოამწყვდიეს, ალბათ აწამეს კიდეც, რომ ყველაფერი დაეტყუათ ჰიპი ბასთარდის შესახებ. „არა, არა, ვერაფერს ათქმევინებდნენ და, ალბათ, ამიტომაც შემოაკვდათ“ – ვფიქრობდი, თუმცა ამის თავადაც არ მჯეროდა. – „შეიძლება, ყველაფერი თქვა. ისეთი რამეებიც, რაც ჩემთვის არ მოყოლია. იქნებ, სულაც, იცოდა ჰიპის ადგილსამყოფელი, ან უთხრა, რომ მე ვიცოდი?!“ – ვგრძნობდი, ცივი ოფლი მასხამდა. ეს იყო ჩემი გამოძიების დასასრული. იმ გამოძიების, რომელიც ჯერ ნორმალურად დაწყებულიც კი არ მქონდა. თუმცა, რაღა გამოძიება, ეს ჩემი ცხოვრების დასასრულიც იქნებოდა.

ვერცკი ვიგრძენი, როგორ შემოვიდა ორი პოლიციელი და ბორკილები როგორ დამადო. როცა გამოვფხიზლდი, უკვე წინასწარი დაკავების კამერაში ვიყავი. ირგვლივ ნესტისა და სისხლის სუნი იდგა. ერთადერთი მბჟუტავი ნათურის უკან კი, კედელზე, თვალში მომხვდა ფრჩხილებით ამოკაწრული წარწერა, სისხლის ნაკვალევი რომ მიყვებოდა.

მზე დასავლეთიდან ამოვა.

გვ 105/1 ორესტ ინ მაეომ უნ.

სავჰე ოია.

მ.ო.


 

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ჰიპი ბასთარდი. Bookmark the permalink.

10 Responses to ჰიპი

  1. Jessie ამბობს:

    ძალიან მომეწონა :))

  2. Jessie ამბობს:

    ყველა ნაწილი წავიკითხე და ძააალიან მომეწონა.. უმაგრესად წერ და საინტერესოდ

    wanna more more more :)))

  3. GripiE ამბობს:

    gagrdzelebas rodis gvagirseb ?

  4. GripiE ამბობს:

    erti suli maqvs

  5. GripiE ამბობს:

    erti kvira gavida ukve,aki დღე-დღეზე დავდებ-o?

  6. deathlyhallow ამბობს:

    მამაძაღლო, აბა ერთი შენს ბოლო კომენტარს მიაპყარი შენი ლამაზი თვალები 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s