ბოლო დიალოგი – LSD

ეძღვნება ჯორჯს, ჯონს, პოლსა და რინგოს, რომლებიც ყოველთვის ჩემი მეგობრები იყვნენ, მას შემდეგ, რაც 11 წლის ასაკში პირველად შევხვდით.

ეძღვნება ჯეიმსსაც, რომელმაც  ბევრი რამ მასწავლა.

ასევე ჯუდს, ლუსის, პრუდენსს და სხვებს, რომლებმაც სამყაროში და მის მიღმა იმოგზაურეს და შემდეგ ამ ყველაფრს დაწვრილებით მომიყვნენ.

–           ყველა გოგოს, რომელთანაც ურთიერთობა მქონია, ერთი პრობლემა ჰქონდა _ არ მიყვარდა. ლუსისაც ჰქონდა ერთი პრობლემა _ მე არ ვუყვარდი. _ ვთქვი და გავჩუმდი, რადგან ვიცოდი, რომ გამეგრძელებინა, ჯორჯი აუცილებლად დამცინებდა. ის კი იჯდა და გაღიმებული მიყურებდა. შემდეგ კაცმა არ იცის, მერამდენე ღერ სიგარეტს მოუკიდა და ზუსტად ისე, როგორც სჩვეოდა ხოლმე, ძალიან ღრმა ნაპასი ჩაარტყა. შემდეგ უცებ, ყოველგვარი ემოციის გარეშე მითხრა:

–           ხვალ მეც მივდივარ. ბიჭები უკვე ჩავიდნენ. არ ვიცი, როდის დავბრუნდები.

ამ ბიჭებთან უკვე ლამის მთელი ცხოვრება მქონდა გატარებული. მგონი თერთმეტი წლის ვიყავი, პირველად რომ შევხვდით და მას შემდეგ საღამო არ გაგვიცდენია, სისულელეებზე რომ არ გველაპარაკა და გიტარის ჩხაკუნით ტვინი არ გაგვებურღა. ახლა კი, რვა წლის შემდეგ ოთხივენი სადღაც ჯანდაბაში უნდა გადაკარგულიყვნენ. არ მწყინდა, არც გული მწყდებოდა. უბრალოდ, ვიცოდი, მომენატრებოდნენ ეს ახვრები (ოღონდ, რა თქმა უნდა, ამას პირდაპირ არასოდეს ვეტყოდი).

ჯორჯმა სიგარეტი ჩაწვა და ისევ მომიბრუნდა:

–           და მაინც, სად არის ახლა ლუსი?

მე ხელი ცისკენ გავიშვირე. ღამე იყო, შუა აგვისტო: აღარ მახსოვს, მგონი 14 ან 17. ამ დროს ცაზე განსაკუთრებით ბევრი ვარსვკლავი ჩანს ხოლმე. ჯორჯს ჩაეცინა:

–           როგორც ყოველთვის.

მეც გამეცინა და გავიმეორე – როგორც ყოველთვის.

–           ჯორჯ, გახსოვს ლუსი პირველად როდის ვნახე? – ჯორჯს ახსოვდა, მაგრამ გაჩუმდა. იცოდა, იმ ამბის მოყოლას არაფერი მერჩივნა. – სამი წლის წინ ჯონმა და პოლმა რიჩს დაბადების დღეზე ოთახი რომ აჩუქეს, ხომ გახსოვს? ძალიან მაგარი ოთახი იყო, მართლა ძალიან მაგარი. მთლიანად ყვითელი იყო და უზარმაზარი ფანჯრები ჰქონდა, ილუმინატორებს ჰგავდა, წყალქვეშა ნავის ილუმინატორებს. კედელზე რომ საშინლად გამოყვანილი ასოებით დავაწერეთ: რინგო – ჩვენი ვარსკვლავი. და შემდეგ რიჩმა იმ ოთახს ყვითელი წყალქვეშა ნავი რომ დაარქვა.

იმ ღამეს ყველანი მანდ ვიყავით შეკრებილები. პრუდენსმა რაღაც საზიზღარი მოსაწევი მოიტანა და ყველანი მაგის კვამლით კაიფობდით. ჯონი იწვა და ყვიროდა, ზღვის ლომი ვარო, პოლი დადიოდა და ბუტბუტებდა, კუ-კუ-უ-კუ-კუ, კუ-კუ-უ-კუ-ჯუ, შენ გაუჩერებლად იცინოდი, რინგო იმ ილუმინატორ-ფანჯარაზე იდგა და ღრიალებდა, ჩვენ ყველანი ყვითელ წყალქვეშა ნავში ვცხოვრობთო, მე კიდევ კარებთან ვიდექი და მეცინებოდა. უცებ მოდის ვიღაც ძალიან ლამაზი გოგო, სამი ზომით დიდი ტანსაცმელი აცვია, ხელს მკიდებს და უსიტყვოდ სადღაც მივყავარ. მეც ავდექი და გავყევი. იცი სად წამიყვანა?

–           სად?

–           მოხუცი ელეანორის სახლს იქით რომ მარწვიანი მინდვრებია, იქ.  ზუსტად ეგეთი დრო იყო მაშინაც: ნახევრად ბნელოდა. ჰოდა მიმიყვანა იმ მონდორში, დამსვა ბალახზე და იქვე დამტოვა. მეც ვზივარ და ვიყურები არ ვიცი სად. ყველაზე მაგარი კიდევ იცი რა იყო? მაგ მინდორში მარტო ერთი მარწყვი იყო, ერთდერთი მარწყვი. მე კიდევ ვუყურებდი და ბევრი მეჩვენებოდა. ჰალუცინაციები დამეწყო. არადა მახსოვს, არც არაფერი მომიწევია და წვეთიც არ დამილევია იმ ღამეს. ძალიან არარეალური იყო ეგ ყველაფერი.

–           არადა, საერთოდ არ იყო არარეალური.

–           რატომ?

–           იმიტომ, რომ დედამიწა მრგვალია.

ჯორჯს სჩვეოდა ხოლმე ეგეთი პასუხები. თავიდან სულ მეგონა ხოლმე, რომ სისულელეს ამბობდა, მაგრამ ბოლოს ყოველთვის მაინც ის აღმოჩნდებოდა ხოლმე მართალი. ისევ გამეცინა და ერთი ეს ვუთხარი – სულელი ხარ ჯორჯ, არაფერი გეშველება. – ჯორჯმა ისევ მოუკიდა სიგარეტს და, ჩაიცინა და მკითხა:

–           მერე რა მოხდა?

–           არაფერი, მთელი ღამე იქ ვიჯექი, ლუსი კიდევ დაიკარგა. არ მახსოვს, როდის ჩამეძინა, მაგრამ რომ გავიღვიძე, ოთხივენი თავზე მადექით და ჯონი დამცინოდა. როგორც იცის ხოლმე, რაღაცას წაიღიღინებს და პირდაპირ იქ გირტყამს, სადაც საჭიროა. მოიცა, გავიხსენო, რას მღეროდა მაშინ…

–           ვინმეს გინდათ, მოისმინოთ ამბავი გოგოზე, რომელიც დასარჩენად მოვიდა

–           აჰაჰაჰ, ზუსტად ეგ იყო! შემდეგ მაგაზე სიმღერაც დაწერა. იცი რა მომწერა მაგ სიმღერაზე ერთი კვირის წინ? ბიჭო, მგონი შენ ჩემი ნაშა უნდა გახდე, იმიტომ, რომ შენნაირი მუზა ცხოვრებაში არ მყოლია, სიმღერას სიმღერაზე მაწერინებო.

–           იდიოტია ჯონი, მაგიტომაც მიყვარს.

–           ჰო, ვერ არის თავის ჭკუაზე. ეგ რომ მიუშვა, მართლა გამჟიმავს ერთხელაც.

ჯორჯმა გადაიხარხარა: – რა გინდა მერე, მიეცი შენც, უკეთეს კაცს სად იშოვი?! მერე რა, რომ ცოტა ელამია. თან მაგის ქალები შენგან დიდად კი არ განსხვავდებიან გარეგნობით.

–           წადი შენი, შენ მიეცი, თუ კარგია.

–           არა, მე დაკავებული ვარ, თან ხომ იცი, ერთადერთი, ვისაც ოდესმე მივცემ, კრიშნაა.

ჯორჯს გაჭედილი ჰქონდა ინდოეთზე. ყოველთვის იქ წასვლაზე ოცნებობდა, მაგრამ ფული არ ჰქონდა. ამბობდა, ოდესმე შევაგროვებ 500 ფუნტს, ინდოეთში გადავსახლდები და რავი შანკარს დავბან ფეხებსო.

–           იცი მაშინ პოლმა რა მითხრა?

–           რა გითხრა?

–           ჰეი, ჯუდ, შენ ის უკვე იპოვე, ახლა წადი და აიღეო – სულ ეგრე იცოდა, ვინმე თუ მოეწონებოდა, ამბობდა, „წავედი, ეს გოგო უნდა ავიღო“, და, ჩვეულებრივ, ძალიან ადვილადაც იღებდა ხოლმე ეგ ახვარი.

–           მერე შენ რა ქენი, აიღე?

–           არა.

–           რატომ?

–           იმიტომ, რომ ეგ ის მორიგი გოგო არ იყო, პაბში რომ თვალს შევავლებდით, შემდეგ მონეტას ავაგდებდით და რომელსაც შეხვდებოდა, ის დაითრევდა. ეგ გოგოები მაგრად მეკიდა ხოლმე. მეორე დღეს სახელიც კი არ მახსოვდა. ლუსის კიდევ არ უნდოდა, ვინმეს დაუკითხავად აეღო. თუ ოდესმე მოუნდებოდა, თვითონვე მოვიდოდა და ისევ წამიყვანდა მარწყვიან მინდვრებზე.

–           მარწყვიანი მინდვრები სამუდამოდ! შუბლზე უნდა წაგაწერო.

გავჩუმდი. უცებ მომინდა, ისევ იმ მინდვრებზე წავსულიყავი, მაგრამ ვიცოდი, ამას არასოდეს გავაკეთებდი. ბოლოს და ბოლოს უკვე სამი წელი იყო, რაც ლუსის ველოდებოდი. ბიჭებსაც მაგიტომ არ წავყევი ამერიკაში. აქამდე კიდევ არა მიშავდა, ჯორჯი მაინც მყავდა, ხვალიდან კი ეგეც დააწვებოდა და კაცმა არ იცის, რამდენი ხნით გადაიკარგებოდა.

–           ჯორჯ, იცი რა მინდა?

–           რა?

–           უკან მინდა, საბჭოთა კავშირში. ჩემთან, სამხრეთში წავიდოდი, მამაჩემის ფერმაში. მანდ მზეა, თბილა. აქ კიდევ ეს გაუთავებელი ნისლი უკვე ნერვებზე მოქმედებს.

–           ჩვენთან რატომ არ მოდიხარ?

–           იცი რატომაც.

–           მე რომ ჯონი ვიყო იცი რას გეტყოდი?

–           რას?

–           რას და წავიღიღინებდი: „გიყურებ და ვხედავ სიყვარულს, რომელსაც შენში სძინავს“

–           და, როგორც ამბობ ხოლმე, გიტარას აატირებდი ხო?

–           სულ ცრემლებს ვადენდი.

–           გახსოვს ჯონი პატარაობისას ვის ვერ იტანდა ყველაზე მეტად?

–           ვის?

–           ეეე, ეგ როგორ დაგავიწყდა?! არ გახსოვს, რომ იძახდა, რატომ უნდა იყოს იესო ჩემზე პოპულარული, აი ნახავთ, მოვა დრო და ხალხი მე უფრო დამაფასებს, ვიდრე მაგასო.

–           ჰო, ეგ ახლაც მაგას ამბობს და მაგის გამო კისერსაც წაიტეხავს. ამერიკაში თუ ეგ სადმე წამოსცდა, ჯვარზე გააკრავენ. ხო იცი, რა გამოსირბულები არიან.

–           აბა მე რა ვიცი, ნიუ იორკი მარტო საფოსტო ბარათებზე მაქ ნანახი.

ცოტა ხანს ორივენი ვდუმდით. ჯორჯი ისევ ეწეოდა. ბოლოს მივუბრუნდი და ვეკითხები:

–           დაბრუნდებით ოდესმე?

–           მხოლოდ მაშინ, თუ დედოფალი რაინდის წოდებას მომანიჭებს.

–           აბა დარჩენილხართ ამერიკაში და ეგაა!

ჯორჯს გაეცინა. სიმართლე თუ გინდათ, მაგრად ეკიდა დედოფალი თავისი რაინდებიანად, მაგრამ მუღამი ჰქონდა, ის საზიზღარი ორდენი თავის მკერდზე ენახა. უცებ წამოხტა, ისეთი პოზა დაიჭირა, თითქოს ხელში მიკროფონი ეჭირა და არარსებულ პუბლიკას მიმართა: – და აი, მეგობრებო, უემბლის სტადიონი გადავსებულია, თუმცა დღეს აქ ფეხბურთი არ იქნება. ამ საღამოს თქვენ ნახავთ რაღაც ბევრად უჩვეულოს, ბევრად საინტერესოსა და საამაყოს, ბევრად სასიამოვნოსა და გულშიჩამწვდომს! ქალბატონებო და ბატონებო, აი ისინიც! ოთხივენი გამოჩნდნენ მოედანზე! – შემდეგ უცებ გაწყვიტა სიტყვა, ბალახზე გაგორდა და ხარხარი აუტყდა.

–           ჯორჯ, ჯორჯ! ჯორჯ, გაჩუმდი ერთ წამს, რაღაც უნდა გითხრა.

–           რაო?

–           იცი პოლმა რა მითხრა, სანამ წავიდოდა? – მე შენზე სიმღერას დავწერო.

–           მერე რა, მეც დავწერ შენზე სიმღერას. და, საერთოდ, ჩვენ, ოთხივენი… არა, ოთხივენი არა, სამივენი ყველა სიმღერას შენზე ვწერთ. თუ გინდა, რინგოს ვამღერებთ ზოგიერთს. – ისევ ხარხარი აუტყდა.

–           წადით თქვენი! ნაბიჭვრები ხართ! – ვყვიროდი და ვიგუდებოდი სიილით – თქვენ მგონი მართლა პედარასტები გახდით, ჩემზე უკეთესი მუზა ვერ იშოვეთ თუ რა ხდება?

–           რას ამბობ, შენზე უკეთეს მუზას სად ვიშოვით. აი წარმოიდგინე, ვდგავართ ოთხივენი სცენაზე და ვმღერით ლუსიზე, რომელიც ცაში დაფრინავს ვარსკვლავებთან. ხო ძალიან მაგარი თემაა?! – ჯორჯი აღარ იცინოდა. მგონი მართლა ჭკუაში დაუჯდა ეგ იდეა.

–           იმღერეთ რა, მე მაინც ვერ ვწერ სიმღერებს.

–           ჰოდა ჩვენ დავწერთ შენ მაგივრად.

–           ჯორჯ, იცი რა წარმოვიდგინე ახლა? აი, 50 წლის შემდეგ რომ ჩვენზე ფილმი გადაიღონ: აი, წარმოიდგინე, ფინალური სცენა. ორმოცდაათი წელი გავიდა და ლუსის პირველად ვხვდები, თან იცი სად? აი, იმ ჩვენი ყვითელი წყალქვეშა ნავის სახურავზე. თქვენ დაუკრავთ და ჯონი იმ სიმღერას იმღერებს, შარშან, შობას რომ დაწერა: „ერთადერთი, რაც გჭირდება, სიყვარულია“.

–           ეგ რატომ? მეც მინდა სიმღერა.

–           შენც იმღერებ, ოღონდ არა ფინალურ სცენაში. არ გაგიტყდეს რა, ჯორჯ, ეგ მართლა მაგარი სიმღერაა, ზუსტად შეეფერება ფილმის დასარულს.

ჯორჯს ისევ სიცილი აუტყდა. მგონი ორივემ მართლა დავიჯერეთ, რომ 50 წლის შემდეგ ვინმე ჩვენზე ფილმს გადაიღებდა. ან რისი მაქნისები ვიქნებოდით მაგ დროს: დაბერებულები, მოტეხილები… შეიძლება, ინვალიდის სავარძელშიც ვყოფილიყავით. კაციშვილს არ ემახსოვრებოდა ჩვენი სახელი.

–           ჯორჯ, მგონი სულ გამოვყლევდით.

–           შენ გამოყლევდი, თუ კარგია. მე სულ ეგეთი გამოყლევებული ვიყავი! – ეს სიტყვები ისეთი სიამაყით წარმოთქვა, რომ ლამის შემშურდა. შემდეგ უცებ ადგა, სიგარეტის ცარიელი კოლოფი დაჭმუჭნა და ჯიბეში ჩაიდო:

–           ჯუდ, მივდივარ. დილით მიფრინავს ჩემი რეისი. რას შვრები, საბოლოოდ გადაწყვიტე, წამოხვალ?

–           არა ჯორჯ, მირჩევნია, დავრჩე. რა იცი, იქნებ მართლა მოუნდეს ვინმეს ჩვენზე ფილმის გადაღება და ვინმე მაინც ხომ უნდა დახვდეს აქ?!

–           მშვიდობით ჯუდ.

–           მშვიდობით ჯორჯ.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მშვიდობიანი საკითხავი and tagged , , . Bookmark the permalink.

7 Responses to ბოლო დიალოგი – LSD

  1. vasasi ამბობს:

    ოოოოო… ❤ ამიჩუყდა გული და ამიცახცახდა ხერხემალი. განსაკუთრებით, strowberry field-ის მონაკვეთზე. მაგ სიმღერაზეც სულ მეტირება ხოლმე და.. :))

  2. ანა ამბობს:

    ცხოველთა ექსპერიმენტებზე ვეძებდი ინფორმაციას და უცებ აქ აღვმოვჩნდი,მერე კი უცებ ჩემი პოლი შევნიშნე და ეს პოსტიც აღმოვაჩინე..^_^
    მეც ზუსტად,გული ამიჩუყდასავით..რამდენჯერ წარმომიდგენია ოცნებებში რომ პოლთან,ჯონთან და ჯორჯთან (რინგოსთანაც :დ) ერთად ვარ და ათას რამეზე ვსაუბრობ…
    მომეწონა იდეა.. 🙂

  3. Floydian-girl ამბობს:

    რატომ და როგორ წერ ასე კარგად? ^^ 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s