10 სიმღერა, რომელიც სულ დარჩება

ხშირად მეუბნებიან, რომ მუსიკასთან დამოკიდებულებაში ძალიან კონსერვატიული ვარ. მგონი მართალია. ძალიან იშვიათად ვიღებ რამე ახალს. არ ვენდობი. მართალია შემდეგ, რაც 13 წლის ასაკში პირველი mp3 პლეიერი მაჩუქა ჩემმა ძმამ, პლეილისტი რამდენიმეჯერ შეიცვალა, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში დარჩა რამდენიმე სიმღერა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება იმ სიმღერების სიაში, რომლებიც უნდა დარჩეს.

როდესაც ფლეილისტს ვაახლებ, ხშირად ვხვდები სიმღერას, რომელიც შეიძლება ყოველ ჩართვაზე გადავრთო, მაგრამ იმდენად მიყვარს, შეიძლება ითქვას, პატივს ვცემ, რომ წაშლას “ვერ ვაკადრებ”. 

მოკლედ, ვწერ იმ ათ სიმღერას, რომელიც არასდროს მოშორდება ჩემს პლეილისტს.

10. System of a Down – Chop Suey

მგონი ერთადერთი არ ვარ, ვის ცხოვრებაშიც მძიმე როკი System of a Down-მა შემოიტანა და კონკრეტულად ამ სიმღერამ. ზუსტად მასოვს როგორ ვუსმინე Chop Suey-ს პირველად: როცა 12 წლის წინ პირველი კომპიუტერი მიყიდეს, ჩემმა დეიდაშვილმა სიმღერებით სასვსე CD მაჩუქა. მართალია, მაგ სიაში ძალიან ბევრი ნაგავი იყო, რომლებიც დროთა განმავლობაში წავშალე, მაგრამ System of a Down რომ ჩავრთე, ჩემი პირველი რეაქცია იყო: “ვახ!”. დასაწყისი ძალიან ჩამთრევი ჰქონდა, შემდეგ მძიმდებოდა და უცებ მისამღერზე გადასვლისას  – “Well, I don’t think you trust…” მელოდია პირდაპირ მთავარ არტერიას ურტყამდა და ტანში სასიამოვნოდ მივლიდა. რამდენიმე წლის შემდეგ System of a Down ფლეილისთიდან წავშალე – მომბეზრდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, დიდი ხნის პაუზის შემდეგ იუთუბზე Chop Suеy ჩავრთე და მივხვდი, რომ ეს არის ერთერთი უდიდესი სიმღერა, რომელიც როკ ენ როლის ისტორიაში დაწერილა. განსაკუთრებიტ 2:49-დან როდესაც ბექგრაუნდზე ფორტეპიანო შემოდის.

მოკლედ, ჩემი პლეილისტის მეათე ადგილზეა Chop Suey, System of a Down-ისგან.

9. Deep Purple – Smoke on the Water

იუთუბზე Deep Purple რომ აკრიფოთ, საიტი შემოთავაზებებში პირველს სწორედ ამ სიმღერას ამოგიგდებთ. უდავოდ, ეს ერთერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა როკ ენ როლის მსოფლიო ისტორიაში, ან როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე, “ძაან პაპსაა”. არ ვიცი, ვის როგორ ესმის სიტყვა “პაპსა”, მაგრამ რაც არ უნდა გაბაზრებული იყოს ეს სიმღერა, ხელს სულაც არ უშლის იმაში, რომ იყოს “მარტივის და გენიალურის” ძალიან კარგი მაგალითი. 

როცა შარშან Tbilisi Open Air-ზე  Smoke on the Water-ს ლაივში მოვუსმინე Deep Purple-ს შესრულებით, შეუძლებელია, გადმოვცე, რას განვიცდიდი. ეს იყო ამაღლების რამდენიმე წუთი. მას შემდეგ ფლეილისტიდან დიფ ფარფლი ლამის მთლიანად გავაქრე, მაგრამ ამ სიმღერას მაინც ვერ შეველიე და, ალბათ, ვერც ვერასდროს შეველევი.

8. Joe Strummr & The Mescaleros – Mondo Bongo

ამ სიმღერას Rock ‘n Roll-ში ნამდვილად ვერ გაიყვან. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რა ჟანრია. ალბათ პოპი რაღაც დამატებითი ელემენტებით. პირველად, Mondo Bongo “მისტერ და მისის სმიტების” საუნდთრექად მოვისმინე. შემდეგ ერთი ჩემი მეგობრის ფლეილისტში აღმოვაჩინე და მას შემდეგ საკუთარიდან არასდროს წამიშლია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ სიმღერას აქვს რაღაც ისეთი, რაც ძალიან მომწონს. ძალიან ხშირად გადამირთავს, როდესაც ყურსასმენებში გამოჩენილა, მაგრამ რამდენჯერაც ვუსმენ, ყოველთვის მითრევს ის, როგორც ამბობენ “გემრიელად” შესრულებული მუსიკა, რომელზეც სიმღერაა აგებული. 

7. Transatlantic – Wing blew them all away

Transatlantic ჩემი ერთერთი გვიანდელი აღმოჩენაა. მეგობარმა სამი წლის წინ დამილინკა და მას შემდეგ, როგორც იტყვიან, შევჯექი. რაც შეეხება, ამ სიმღერას, შემიძლია, რამდენიმეჯერ ზედიზედ მოვუსმინო ისე, რომ გარემო ჩემ ირგვლივ სრულიად გაითიშოს და ბოლომდე ჩავიწირო სიტყვებში და მუსიკაში. არ ვიცი, როგორ აღვწერო ეს სიმღერა, თუ არ დავარქმევ ყოვლად გენიალურ შესრულებას. არცერთი ნოტი ზედმეტი, არც არაფერი აკლია. კატასტროფულად გენიალური ლირიკა და მუსიკა, რომელიც ადგილზე გყინავს. ხშირად ვრთავ ხოლმე და ვცდილობ, ყველა ინსტრუმენტს ცალ-ცალკე ვუსმინო. ყველა ხმა რომ გათიშოთ და მარტო დრამი დატოვოთ, პორტნოი მთლიანად შეცვლის თქვენს წარმოდგენას იმაზე, რაც ადრე დრამერი გეგონათ. ყოველად გენიალური თემა, რომელიც სიმღერას თავიდან ბოლომდე გასდევს და ეს გადასვლა 4:20-ზე, რომელზეც ყოველ მოსმენაზე მბურძგლავს. მოკლედ, გენიოსი მუსიკოსების გენიალური შესრულება.

6. Liquid Tension Experiment – Acid Rain

Liquid Tension Experiment-იც როგორც Transatlantic, პროექტია, ოღონდ უფრო ექსპერიმეტული. ჩემი აზრით თუ ვინმეს უნდა, გაიგოს, რა არის პროგრესივ მუსიკა, პირველად სწორედ მათ უნდა უსმინოს. ჯგუფი, ფაქტობრივად, იგივეა, რაც Dream Theater, ოღონდ ვოკალის გარეშე და ბასზე (უფრო სწორად, რაღაც სრულიად წარმოუდგენელ ინსტრუმენტზე, რომელიც ბასის მოვალეობას ასრულებს) King Crimson-ის ყოფილი ბასისტი, ტონი ლევინი უკრავს. 4 წლის წინ მქონდა, ბედნიერება ტონი ლევინისთვისაც მომესმინა ლაივში, თბილისის ჯაზ ფესტივალზე, ფილარმონიაში და მაშინ დავრწმუნდი, რომ ეს კაცი სრული გენიოსია, როგორც Liquid Tension Experiment-ის სხვა ყველა წევრი. ეს ხალხი ინსტრუმენტებზე ისეთ რამეს სჩადის, რომ შეუძლებელია, თქვენდაუნებურად არ წამოგცდეთ “ამათ მართლა შიგ აქვთ” :). ჯონ პეტრუჩის (გიტარა) და ჯორდან რუდისის (კლავიში) სრულიად Mindblowing (მაპატიეთ, ქართული შესატვყისი ვერ მოვუძებნე) სოლოს შემდეგ კი იწყება ჩემი საყვარელი ნაწილი – ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი Riff-ი, რომელიც ოდესმე მომისმენია – ასე რომ როდესაც ამ მუსიკას ჩართავთ, მოთმინებით დაელოდეთ 2:53-ს.

5. Tool – Schism

რთული იყო, ამ სიისთვის Tool-ის რომელიმე სიმღერის არჩევა, რადგან 3 წლის წინ, როდესაც ეს ჯგუფი აღმოვაჩინე, დროთა განმავლობაში ჩემი ფლეილისტის უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს. ყოველ ჯერზე, როდესაც Schism-ის შესავალში ბას გიტარის პარტიას ვუსმენ, ვგრძნობ, რომ ამ მუსიკას სადღაც ცნობიერების სიღრმეში მივყავარ და არც ვცდილობ, გავექცე. შესავალში ვამბობდი, ძალიან რთულად ვეგუები სიახლეებს მუსიკაში მეთქი, მაგრამ Tool იყო ჯგუფი, რომელმაც მიმახვედრა, რომ თუ არაფრის შეცვლა არ გინდა, დამატებით სიკარგეებზე მაინც არ უნდა თქვა უარი. ეს ჯგუფი სიტყვების, ნოტებისა და თვლების ყველანაირ აქამდე მიღებულ ნორმას თამამად არღვევს და ქმნის, რასაც მე ვეძახი, ჰარმონიულ ქაოსს – დაახლოებით ისეთს, “ანარქია რომ წესრიგის დედაა”. მოკლედ, Tool არის მუსიკა, რომელიც ჩემს ფლეილისტს არასდროს მოშორდება.

4. The Beatles – While my Guitar Gently weeps

ბიტლზი ჩემი პირველი სიყვარულია. ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად. მახსოვს, როგორ მოვუსმინე პირველად ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის ძველ სახლში, ვინილების საბჭოთა “პრაიგრივაწელზე”, რომელიც სიმღერის მოსმენიდან ნახევარ საათში გავაფუჭე (ნემსი მოვტეხე რაღაცნაირად 🙂 ). მაშინ ჩემს ცხოვრებაში არც ინტერნეტი არსებობდა და კომპიუტერიც მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიყიდეს. მაშინაც, როგორც System of a Down-ის შემთხვევაში, მეგობარმა მუსიკით სავსე CD მომიტანა, სადაც ბითლზის რამდენიმე სიმღერა ეწერა. ყველა უსათაურო. ერთხელ ჩავუჯექი და ყველა სიმღერას დავარქვი სათაური ჩემი ინტერპრეტაციით (მისამღერის ტექსტებიდან გამომდინარე). თუმცა ოთხ სიმღერას ვერანაირად მოვუძებნე სათაური და ერქვათ ასე, Track 1, Track 2… მათ შორის While my Guitar Gently Weeps-აც იყო.

ერთხელაც, მოგვიანებით, ჩემს უმცროს (ახლა უკვე დიდია, მაგრამ მაინც უმცროსი 🙂 ) და კარგ მეგობარს ვურეკავდი და აღმოვაჩინე, რომ ზუმერად სწორედ ეს სიმღერა ეყენა. ასე გავარკვიე სახელწოდებაც. ბიტლზს ყოველთვის ეკავა და უკავია ჩემი ფლეილისტის დიდი ნაწილი, მაგრამ დროთა განმავლობაში რამდენიმე სიმღერა სხვებით ჩავანაცვლე, მაგრამ While My Guitar Gently Weeps არასდროს შეიცვლება. მეტიც, ამ სიმღერის ორი ვარიანტი მიწერია. ერთი სტუდიური, მეორე აკუსტიკური, რომელიც, მგონია, რომ არანაკლებ იმსახურებდა ალბომში შესვლას. თან ძალიან მიყვარს დამატებითი 2 სტროფი, რომელიც მხოლოდ აკუსტიკურ ვერსიაშია. და საერთოდ, ჰარისონი ჩემი საყვარელი ბიტლია 🙂

 3. Pink Floyd – Echoes

ეს სიმღერაც ერთერთი ყველაზე ხანდაზმულია ჩემს ფლეილისთში. არც კი ვიცი, როგორ აღვწერო, რა ვილაპარაკო. უბრალოდ, უნდა დაჯდე და უსმინო. ყველაფერი სრულიად გენიალურია – მუსიკა, ტექსტი, შესრულება. განსაკუთრებით გილმორის სოლო. ზოგადად, ვფიქრობ, რომ დევიდ გილმორი ყველაზე დიდი გიტარისტია მუსიკის ისტორიაში. არ მეგულება მუსიკოსი, რომელიც ასე ზედმიწევნით გრძნობდეს მუსიკას. არასდროს არ აქვს არცერთი ზედმეტი ნოტი – ყოველთვის იდეალურად უხდება ხოლმე მთლიან კონტექსტს. საერთოდაც, გირჩევთ, პომპეის ლაივს თავიდან ბოლომდე უსმინოთ, თუ ჯერა არ მოგისმენიათ.

2. Radiohead – House of Cards

ძალიან დიდ ხანს ვიკავებდი თავს, Radiohead-ს საფუძვლიანად ჩავჯდომოდი. ახლა ვფიქრობ, რომ ეს დრო ძალიან ცუდად დავკარგე. მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში, რაც ეს ჯგუფი უფრო და უფრო დიდი დოზით ხდება ჩემი ფლეილისთის ნაწილი, ვხვდები, რომ ეს არის ერთერთი უდიდესი ჯგუფი, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ – ზუსტად ისევე, როგორც, ვთქვათ ბითლზი. ზოგადად, მგონია, რომ არსებობენ მუსიკოსები, რომლებიც მხოლოდ დროის გარკვეულ მონაკვეთში არიან აქტუალურები, ამ დროის გასვლის შემდეგ კი ერთ წელიწადში ისე ყველას ავიწყდება და მას სხვა მსგავსი ჯგუფი ანაცვლებს. Radiohead-ის მსგავსი ჯგუფები კი მარტო მუსიკას არ ქმნიან. ისინი ქმნიან ისტორიას, ეპოქას, რომელიც შეუძლებელია, დაგავიწყდეს. ამიტომაც, სრულიად დამსახურებულად, ეს ხალხი ჩემი ფლეილისთის უცვლელი ნაწილი გახდა.

1. Metallica – Nothing Else Matters

ვინც მიცნობს და ამ პოსტს კითხულობდა, ალბათ გაუკვირდა, რომ ამდენ ხანს არ ვახსენე მეტალიკა. სიმართლე გითხრათ, ვზივარ და ვფიქრობ, რა დავწერო. არადა ეს არის ჯგუფი, რომელსაც უკვე ასე, ათი წელია ვუსმენ და არასდროს მომბეზრებია. და თუ არსებობენ მუსიკოსები, რომლებიც მიყვარს – მიყვარს ისე, პატივს ვცემ და ნებისმიერ ცუდ სიმღერას, თავხედურ მარკეტინგულ კამპანიას ვაპატიემ მხოლოდ იმის გამო, რომ არსებობის 30-ზე მეტი წლის განმავლობაში შედევრები შექმნეს, ეპოქას ჩაუყარეს საფუძველი – ეს მეტალიკაა. Nothing Else Matters კი არის სიმღერა, რომელიც ყოველთვის, ყველა სიტუაციაში იქნება ჩემთან. სიმღერა, რომელსაც არასდროს გადავრთავ – სიმღერა, რომელზეც ცრემლები ბევრჯერ წამომსვლია. 

წელს, 14 ივლისს მეტალიკას ცოცხლად მოვუსმინე სტამბულში. წლები ველოდებოდი ამ დღეს და როდესაც სცენასთან ვიდექი და ამ ხალხს ჩემგან რამდენიმე ნაბიჯში ვხედავდი, ვხვდებოდი, რომ შეუძლებელია, ეს მუსიკა ოდესმე მომბეზრდეს. მეტალიკა არის ჯგუფი, რომლის ყველა ალბომი, ყველა სიმღერა მაქვს მოსმენილი და შემიძლია, უსასრულოდ ვილაპარაკო იმაზე, რატომ არის როკ მუსიკის ისტორიაში პირველი თუ არა, ერთერთი უპირველესი. 

ერთხელ ვთქვი, ყველა ჯგუფს უნდა ჰქონდეს თავისი Nothing Else Matters – მეთქი და ეს აზრი არც შემიცვლია. ვერაფერი ჩამინაცვლებს იმ გრძნობას, რომელსაც ამ სიმღერის დასკვნითი სოლოს მოსმენისას განვიცდი. Nothing Else Matters არათუ ყოველთვის იქნება ჩემს ფლეილისთში, არამედ მუდამ მექნება მისი რამდენიმე ვერსიაც – მათ შორის 1999 წლის კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და აკუსტიკური ვერსია, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს.

0. პოსტის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან მწყდება გული იმ სიმღერებზე, რომლებიც ათეულში ვერ შევიყვანე, მაგრამ იმედია, მაპატიებენ. თქვენც ძალიან მიყვარხართ მეგობრებო და მადლობა, რომ დამეხმარეთ ვყოფილიყავი ის ადამიანი, რაც ვარ დღეს 🙂

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მუსიკა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s