ჰიპი

დასაწყისი ძალიან წინა პოსტებში 🙂

ეპიზოდი მეხუთე

ერთი კვირა ისე გავიდა, იზის სახლიდან არ გამოვსულვარ. ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა გამეგრძელებინა ჩემი ჟურნალისტური გამოძიება ისე, რომ არავის არაფერი დაშავებოდა. საზიზღარ სიტუაციაში ვიყავი: ჩემ წინ იყო გამოსაკითხი ადამიანების მთელი სია: სტივ ოსლი, ჰიპი ბასთარდის ახლო მეგობარი, რომელთნაც, წესით საინტერესო საუბარი უნდა მქონოდა, შემდეგ ჰიპის ყოფილი მეგობარი გოგონა,  ლიზი… ამ ხალხის ადგილ-სამყოფელზე კი ოდნავი წარმოდგენაც კი არ მქონდა. მაგრამ ყველაზე მთავარი იყო, როგორმე ხელში ის მასალა ჩამეგდო, რომელიც, სავარაუდოდ, ჰიპი ბასთარდის უკანასკნელ საქმეს ასახავდა. იქამდე კი ჯერ ძალიან შორი გზა მქონდა გასავლელი. ეს იდიოტი კუდები კი, რომლებიც ჯერ მშვიდად იყვნენ, რა იცი, რას ხათაბალაში გამხვევდნენ.

იზი სულ წინ და უკან დადიოდა. კაცმა არ იცის სად და რისთვის დაძვრებოდა. ძალიან ცოტას ლაპარაკობდა და თითქმის არ ჭამდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი იზი. ოთხ დღეს სადღაც იხეტიალა, სახლში მხოლოდ ღამის გასათენებლად მოდიოდა, მეხუთე დღეს ღამითაც არ გამოჩნდა. არ ვიცოდი, სად იყო. არც დარეკვა შემეძლო, გარეთ გასვლას და ძებნასაც აზრი არ ჰქონდა. ჰოდა მეც ისღა დამრჩენოდა, დავმჯდარიყავი და დავლოდებოდი,  როდის გამოჩნდებოდა. ორი საათი ხდებოდა. საკაბელო არხებზე სწორედ ის დრო იყო, პორნოფილმები რომ უნდა დაწყებულიყო, ჰოდა მეც, ძილმორეული, უაზროდ ვაჩხაკუნებდი არხებს წინ და უკან რამე ხეირიანის ძიებაში. ამ გადართვა-გადმორთვაში უკვე ჩამეძინებოდა კიდეც, მაგრამ შემთხვევით საინფორმაციო არხს გადავეყარე, სადაც ღამის ნიუსი სულ რამდენიმე წუთის დაწყებული იყო: წამყვანი იდიოტური გამომეტყველებითა და ბოხი ხმით მომჩერებოდა. ვერასდროს ვიტანდი მაგ ტიპის გამოშტერებულ გამოხედვას და დაყენებულ ტონს, მაგრამ დღეს უნდა გამეძლო, რადგან ახალმა ამბავმა ისე წამომახტუნა, ლამის ჭერს მარტყმევინა თავი:

„დღეს, შუაღამისას, დაახლოებით ნოლ საათსა და ოცდათხუთმეტ წუთზე პოლიციის განყოფილებაში გაისმა ზარი ძარცვის შესახებ. სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ, მაგრამ კარჩამტვრეულ ბინაში ძარცვის კვალი ვერ აღმოაჩინეს. საინტერესოა, ვინ განახორციელა ზემოთაღნიშნული ზარი პოლიციის განყოფილებაში. სამართალდამცავების თქმით, ბინა ვინმე მელანი ოლდმეის პირად კუთვნილებაშია, რომელიც ადგილობრივ სტრიპტიზბარში მოცეკვავედ მუშაობს. მეზობლები ირწმუნებიან, რომ ოლდმეი დაახლოებით თერთმეტ საათზე დაბრუნდა სახლში და თავდასხმის მომენტში სახლში უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ საქმე გვაქვს ადამიანის გატაცებასთან. გამტაცებელთა ვინაობა და გატაცების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.“

ეგღა მაკლდა. მელი გაიტაცეს. ალბათ „დონ კორლეონე“ ჩემმა პრონო ვიდეომ განარისხა და გადაწყვიტა ჩემთვის ჭკუა ესწავლებინა. ცოტა ხანში ალბათ ჩემს ტელეფონზეც გაისმებოდა ზარი ტექსტით „ის ჩვენ გვყავს“, ან რამე მსგავსი. საწყალ გოგოს კარგ დღეს არ დააყრიდნენ და, სავარაუდოდ, ყველაფერსაც დააფქვევინებდნენ, რაც იცოდა, მაგრამ საქმე ისაა, რა იცოდა? ჰიპი ბასთარდის ბავშვობის საცხოვრებელი ადგილი. იქ მისტერ ტედს იპოვიდნენ, ვისგანაც ჰიპის ნამდვილ ვინაობას გაიგებდნენ, შემდეგ კი მშვიდობით, ალექს ჰოლსმიტ.

იზიც გაქრა, ტელეფონზე ისევ არ მპასუხობდა. უკვე ნერვიულობას ვიწყებდი. როცა ვნერვიულობ, მოუსვენრად ვწრიალებ ხოლმე, ადგილს ვერ ვპოულობ. ყველაზე ცუდი სიტუაცია ისაა, როცა არ იცი რა ხდება. მხოლოდ ის იცი, რომ ძალიან ცუდ დღეში ხარ. ხაფანგში მომწყვდეული კურდღელივით ვიყავი.

ვიცოდი, მელს სადღაც წამლების პატარა კარადა ჰქონდა. ყველა ოთახი გადავატრიალე და ბოლოს ზუსტად ტელევიზორის გვერდზე ვიპოვე. ასეა, როცა რამე ძალიან გჭირდება, ცხვირწინაც რომ გედოს, ვერ ნახავ, როცა არ გჭირდება მაშინ კი სულ ფეხებში გებლანდება. – დამამშვიდებელი, დამამშვიდებელი, რამე დამამშვიდებელი უნდა გქონდეს მელ, ძალიან მინდა დამამშვიდებელი – განუწყვეტლივ ვიმეორებდი გიჟივით და წამლებს სწრაფად ვქეაქვდი. აი, ვიპოვე, შუშიდან ხელის გულზე ორი აბი გადმოვყარე და პიდაპირ პირში გადავუძახე. წყალი რომ დავაყოლე, მერეღა შევხედე წარწერას. წარწერა კი იმედისმომცემად მამცნობდა: რეკომენდებულია ერთი ტაბლეტი ჭამის შემდეგ.  – მე რომ მთელი დღეა, არ მიჭამია? – წარწერა ამაზეც იმედისმომცემ პასუხს მცემდა: გაფრთხილება: წამლის არასწორად მოხმარება იწვევს ძილიანობასა და…

***

–  ჰეი, ჰეი, გაიღვიძე! გაიღვიძე რა, რა გჭირს, მოკვდი? – ეტყობოდა, მელი დაბრუნდა.

–  ცუდად ვარ, თავი მტკივა – თვალები არ გამიხელია, ისე ვბუტბუტებდი: ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ვიყავი.

–  რამდენი დალიე?

–  და სად გქონდა რო დასალევი?

–  წამალი რამდენი დალიე?

–  ორი ტაბლეტი.

–  რამე ჭამე?

–  კი, ყავა დავლიე დილით.

–  ჰოდა მაგიტომაც გეძინა მთელ დღე-ნახვარს.

–  რაა? – უცებ წამოვხტი, თითქოს წამიც არ მძინებიაო.

–  რამდენი მეძინა?

–  გუშინ რომ სახლში დილის ცხრაზე მოვედი, გეძინა, ვერ გაგაღვიძე. საერთოდ, გუშინ მთელ დღეს შენს გაღვიძებას ვცდილობდი, მაგრამ თავიც ვერ აგაწევინე. ახლა ხუთი საათია.

–  დილის?

–  საღამოს.

–  სად იყავი? – უცებ გამახსნდა, რომ იზის გუშინწინდელი ღამე სახლში არ გაუტარებია.

–  ორი დღეა, სახლში ვარ.

–  არა, გუშინწინ, ღამით.

–  მაგას მერე მოგიყვები. მელანი რომ გაქრა, იცი?

–  აუ, ჰო, ეგ სულ დამავიწყდა – ამ ძილ-ბურანში სულ ამომივარდა თვიდან ის,  რის გამოც დავლიე ის საზიზღარი დამამშვიდებელი – მერე? იპოვეს?

–  ჯერ ვერა. ისე, შენი ტელეფონი ორი დღე-ღამეა, რეკავს და რეკავს. მე არ მიპასუხია, დაფარული ნომერია.

–  ვიცი ვინც არიან.

–  მგონი მეც ვხვდები. ის ტიპები, კუდებად რომ დაგყვებიან, არა?

–  შენ სად იყავი გუშინწინ?

–  ყავა გინდა?

–  ჰო, დავლევდი. ისე, სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ, მაინც მოგიწევს, მითხრა, სად იყავი.

***

გაგრძელება შემდეგ პოსტებში

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ჰიპი ბასთარდი and tagged , , , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი