Interstellar – პარადოქსი

გაითვალისწინეთ: ეს პოსტი შეიძლება შეიცავდეს სპოილერებს, ამიტომაც, თუ ქრისტოფერ ნოლანის “ინტერსტელარი” ჯერ ნანახი არ გაქვთ, ჯობია, კითხვა აქვე შეწყვიტოთ, ან როგორც გინდათ.

კიდევ ერთიც გაითვალისწინეთ: მე არ მაქვს არანაირი განათლება ფიზიკაში გარდა იმისა, რაც სკოლაში ოდესმე მისწავლია, შესაბამისად დაბლა მოცემული მსჯელობა არ არის წმინდაწყლის მეცნიერება და შესაბამისად, თავიდან ბოლომდე აგებულია იმ ბაზისურ რამეებზე რაც ფიზიკის შესახებ ცოდნამ მიმახვედრა ინტერსტელარის ყურების შემდეგ.

interstellar.black_.hole_

თუ დროს ვიზუალურად წარმოვიდგენთ, ძირითადად, შეიძლება გვქონდეს სამი აღქმა, რასაც, ჩვეულებრივი რელიგიური ან  ფილოსოფიური მრწამსი განაპირობებს.

1. დრო, როგორც მონაკვეთი. ანუ ხაზი, რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული – მარტივად რომ ვთქვათ, სამყაროს შექმნიდან აპოკალიფსამდე.

2. დრო, როგორც სხივი. ანუ ხაზი, რომელსაც აქვს დასაწყისი და არ აქვს დასასრული, ან პირიქით. ანუ ერთ შემთხვევაში ჩვენ გვჯერა, რომ სამყარო რაღაც მომენტში შეიქმნა და დასასრული ვერ წარმოგვიდგენია, ან შექმნის თეორიას არ ვცნობთ მაგრამ დასასრული უფრო ადვილად წარმოსადგენია.

3. დრო, როგორც წრფე. ანუ, ხაზი, რომელსაც არ აქვს დასაწყისი და დასასრული, შესაბამისად უსასრულობიდან უსასრულობამდე გრძელდება.

Untitled-1

ეს სამივე შეხედულება ერთმანეთისაგან განსხვავებულია,  მაგრამ ერთი რამ აერთიანებს. სამივე შემთხვევაში ჩვენ დრო წარმოგვიდგენია, როგორც ხაზი, რომლის შემადგენელი წერტილები ერთმანეთთან მხოლოდ ცალმხრივად. ერთადერთი რაც მათ აკავშირებთ, არის ურთიერთთანმიმდევრობა, რომელიც სასრულია. ანუ თუ წარმოვიდგენთ, რომ ყოველი მათგანი იწყება მარცხნიდან და გრძელდება მარჯვნივ, ყოველი წინა (მარცხენა) უბრალოდ წინაპირობაა მისი მომდევნო წერტილისა და შეუძლებელია, წრფეზე მარჯვნივ მდგარ წერტილს ჰქონდეს გავლენა მისგან მარცხნივ მდგარ ნებისმიერ წერტილზე. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შეუძლებელია აწმყოს ჰქონდეს გავლენა წარსულზე ან მომავალს აწმყოზე (და წარსულზე) – ჩვენი დღევანდელი ყოფა გუშინდელის შედეგია და ის, რასაც დღეს გავაკეთებთ, აუცილებლად აისახება ხვალინდელ დღეზე.

მაგამ რა მოხდება, თუ დროს წარმოვიდგენთ, როგორც წრეწირს ან სფეროს?

დროის სწორედ ასეთი აღქმა შემოგვთავაზა ქრისტოფერ ნოლანმა ინტერსტელარში.

პირველი მინიშნება ამის შესახებ, იყო ფილმის დასაწყისში რამდენიმეჯერ ყურადღების გამახვილება მერფის კანონზე:

ყველაფერი, რაც უნდა მოხდეს, აუცილებლად მოხდება.

სიმართლე გითხრათ, ამ ფრაზას ადრე სხვანაირად აღვიქვამდი, მაგრამ ნოლანმა მერფის კანონის თავისებური აღქმა შემოგვთავაზა – რაც შეგვიძლია, დაახლებით ასე გავიგოთ: არამარტო აწმყო განაპირობებს მომავალს ან წარსული აწმყოს, არამედ, შორეულ მომავალში შეიძლება მოხდეს ის, რის შედეგსაც ჩვენ დღეს, ასეულობით წილთ ადრე ვხედავთ. სწორედ აქ შემოდის დროის, როგორც წრეწირის ან სფეროს აღქმა (შეიძლება, უფრო მეტად, სფეროსი, მაგრამ ყურადღებას უფრო წრეწირზე გავამახვილებ, რადგან შეიძლება მე თვითონვე დავიბნე მსჯელობაში).

რა არის წრეწირი? წრეწირი არის შეკრული ხაზი, რომლის შემადგენელი უსასრულოდ ბევრი წერტილიც ერთმანეთთან ქმედება-უკუქმედების პრინციპითაა დაკავშირებული. ანუ თუ ნევბისმიერ ორ წერტილს შორის კავშირი გაწყდა, წრეწირი აღარ არსებობს. სფეროს შემთხვევაში ეს კავშირი კიდევ უფრო რთულია. წერტილები სამ განზომილებაში არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები და ყოველი შესაძლო მიმართულებით ურთიერთქმედებენ.

წარმოიდგინეთ, რომ წრეწირის შემადგენელი ყოველ  წერტილი არის დროის ასა თუ ის მონაკვეთი.

მსჯელობის კიდევ უფრო გასამარტივებლად (თუ ეს საერთოდ შესაძლებელია), საილუსტრაციოდ მოვიყვან საათის ციფერბლატს. trafaret_ciferblat_arabskij_bol_shoj_klassicheskij

ვთქვათ, მთელი ისტორია, სამყარო ბრუნავს ამ ციფერბლატის გარშემო. თუ წარმოვიდგენთ, რომ სამყაროს დასაწყისი 00:00 საათზე იყო, ჩვენ კი, 2014 წელს, ვთქვათ, იქ, ვართ სადაც 6:00 საათია, ვნახავთ, რომ წინ ციფერბლატის კიდევ ერთი ნახევარი გვაქვს, მაგრამ 12 საათთან მიახლოვება სულაც არ ნიშნავს დასასრულს, რადგან საათის ისრები უსასრულოდ ბრუნავენ ციფერბლატის გარშემო. ანუ, თუ თქვენ მეტყვით, რომ 6-ის შემდეგ მოდის 12, მე გიპასუხებთ, რომ 12-ის შემდეგ მოდის 6 და მთვარი ისაა, რომ ორივენი მართლები ვიქნებით. თუმცა ეს დებულება მხოლოდ წრეწირის შემთხვევაშია მართალი. თუ დავუბრუნდებით ტექსტის დასაწყისს და დროს წარმოვიდენთ, როგორც წრფეს, სხივს ან მონაკვეთს, მხოლოდ ის დებულება იქნება მართალი, რომელიც ამბობს, რომ 12 ყველა ვარიანტში 6-ის შემდეგ მოდის, რადგანაც მარჯვნივ ხაზზე მდებარე წერტილებს შორის მხოლოდ ერთი სახის მიმართება შეიძლება იყოს – მარცხნიდან მარჯვნივ.

სწორედ ამ თეორიის ხორცშესხმას შეეცადა ქრისტოფერ ნოლანი ინტერსტელარში. ანუ ვიზუალურად გამოსახა ის თეორიები, რომლებზეც ფიზიკოსები წლების და ათწლეულების განმავლობაში მუშაობენ. ყველა ეს თეორია დაშვების დონეზე შეიძლება ჭეშმარიტი იყოს, თუმცა გადამოწმების საშუალება (ჯერჯერობით, ჩვენს დროში) არ არის. ფილმის გადაღებისას ის ნამდვილ ფიზიკურ თეორიებს დაეყრდნო და ამით სრულიად ახალი რამ შემოგვთავაზა სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში.

ისევ საათის ციფერბლატს დავუბრუნდეთ და წარმოვიდგინოთ, რომ ფილმის პირველი სცენა, არის სადღაც 6:00-ის ადგილას. მთავარი გმირი მიემგზავრება კოსმოსში, რომ გადაარჩინოს კაცობრიობა. დასაწყისში ჩნდება ილუზია (და ილუზიებს შექმნა ნოლანის “ფიშკაა”), რომ კაცობრიობის გადარჩენა მომავლის გადარჩენას ნიშნავს. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ დრო არის წრეწირი (ან სფერო), მაშინ არც მომავალი, არც აწმყო და არც წარსული ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და, მით უმეტეს, განცალკევებით, არ არსებობს. წრეზე და უფრო მეტად, სფეროზე, ისინი ერთმანეთის პარალელურად არსებობენ.

ჩვენ კოსმოსის ნაწილი ვართ. კოსმოსისა, სადაც არ არსებობს არც დრო, და არც განზომილება, სადაც პარალელურმა წრფეებმაც კი შეიძლება, ერთმანეთი გადაკვეთონ. დროისა და სივრცის ჩვენეული აღქმა უბრალოდ ხერხია იმისა, რომ ცხოვრება უფრო მარტივი გახდეს.

მოკლედ, მთავარი გმირი მიემგზავრება კოსმოსში, სადაც მისთვის დრო უფრო ნელა გადის, ვიდრე ჩვენთან, დედამიწაზე. ვთქვათ, იმ მომენტში, როდესაც სხვა გალაქტიკაში გადადის, დედამიწაზე გასული დრო არის 3 საათი, ანუ უკვე 9 საათზე ვდგავართ. შემდეგ ის ხვდება შავ ხვრელში და აქ იწყება მთავარი.

რა არის შავი ხვრელი? შავი ხვრელი არის რაღაც (არ ვიცი მატერია, თუ ანტიმატერია თუ რა), რაც იზიდავს და ისტრუტავს ნებისმიერი სახის ინფორმაციას – დროს, სივრცეს, განზომილებას, და იქ ირღვევა ჩვენი ყველა წარმოდგენა და შეხედულება. იქ არათუ სამი, ან ოთხი – უსასრულოდ ბევრი განზომილებაა და მეტიც, ნოლანი ცდილობს წარმოიდგინოს, რომ დროის ნებისმიერი მონაკვეთი იქ პარალელურად მიმდინარეობს.

შავ ხვრელში მოხვედრის შემდეგ კუპერი (მთავარი გმირი) ხედავს თავის წარსულს. თავის 10 წლის შვილს (რომელიც უკვე, დედამიწის დროით, მისი ასაკისაა) თავის ოთახში.

ფილმის დასაწყისში პარანორმალური მოვლენები ხდება, წიგნები თავისით ცვივა თაორებიდან და ეს “მათი” (სავარაუდოდ, უცხოპლანეტელების) გამოგზავნილი სიგნალი ჰგონიათ. შავ ხვრელში კი კუპერი აღმოაჩენს, რომ ეს სიგნალი არა უცხოპლანეტელებმა, არამედ თვითონვე გააგზავნა მომავლიდან. ჩნდება კითხვა, თუ კუპერი იმ  დროს, როდესაც ეს აუხსნელი მოვლენები ხდებოდა, დედამიწაზე იყო, როგორ შეძლებდა თავისი თავისთვის სიგნალი მომავლიდან გაეგზავნა? პასუხი ისევ წრეა, სფერო – სადაც ყველა დრო ერთმანეთის პარალელურად ვითარდება.

თავიდან ის თავის თავს მორზეს ანბანით უგზავნის მესიჯს, “Stay” – დარჩი. მას ენატრება ოჯახი და უნდა, რომ წარსულში თავის თავს წასვლის უფლება არ მისცეს. მაგრამ შემდეგ ხვდება, რომ ეს შეუძლებელია, რადგანაც

რაც უნდა მოხდეს, აუცილებლად მოხდება

ანუ ის, რაც დღეს ხდება, უკვე მომხდარია მომავალში. ხვდება, რომ მისმა შვილმა უნდა გადაწყვიტოს კაცობრიობის მომავლის ბედი წარსულში. იმ მომავლის, რომელიც მისთვის ახლა აწმყოა. ამის შემდეგ ის თავის თავს უგზავნის კოორდინატებს, რომელმაც წარსულში NASA-ს ლაბორატორიაში მიიყვანა, შედეგად კი კოსმოსში აღმოჩნდა. 

საბოლოოდ კი თავის შვილს უგზავნის მესიჯს, რომლითაც ის 30 (ან შეიძლება, მეტი) წლის შემდეგ ამოცანას ამოხსნის.

მაგრამ აქ არის ერთი მთავარი და ყველაზე საინტერესო კითხვა. შავ ხვრელში რობოტი მას ეუბნება, რომ ეს უცნაური განზომილებები შექმნეს უფრო განვითარებულმა ადამიანებმა. ისევ ციფერბლატი რომ წარმოვიდგინოთ, ის, რაც 9 საათზე კუპერმა გააკეთა იმისთვის, რომ 6 საათზე ადამიანებს დედამიწაზე ამოცანის პასუხი ეპოვათ, შექნეს უფრო განვითარებულმა ადამიანებმა მომავალში, ვთქვათ, 12 საათზე, რომ კუპერს, რომელიც იყო 9 საათზე, გაეგზავნა მესიჯი დედამიწაზე 6 საათისთვის და ა.შ…

ეს განვითარებული ადამიანები კი არ იარსებებდნენ, თუ კუპერი არ გაემგზავრებოდა კოსმოსში და იქ ენ ჰეთევეის გმირი, სანამ კუპერი შავი ხვრელიდან  მესიჯს დედამიწაზე აგზავნიდა, არ აღმოაჩენდა პლანეტას, სადაც ადამიანებისათვის სიცოცხლე შესაძლებელია.

არ ვიცი, რამდენად გასაგებად ჩამოვაყალიბე აზრი, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არის ნოლანის ყველაზე გენიალური ფილმი, სადაც ერთგვარად შეკრა მთელი ის გამოცანები, რომლებსაც წლების განმავლობაში გვაწვდიდა თავისი წინა ფილმებით.

გარდა ამ ზოგადი არსისა, ფილმში ძალიან ბევრი მაგარი მომენტია, დაწყებული დიალოგებით, დამთავრებული, თუ გნებავთ, იმ “სენტიმენტალური დრამებით”, რომლის გამოც ამ ფილმს ბევრი აკრიტიკებს. მაგრამ საერთო ჯამში ამ “სენტიმენტალურობით” მან ძალიან ბევრი საკაცობრიო საკითხი წამოწია წინ. ამაზე აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. როდესაც ენ ჰეთევეის გმირი (სახელი არ მახსოვს) და კუპერი კოსმოსში საუბრობენ, თუ რა არის სიყვარული. კუპერი ამბობს, რომ სიყვარული არის ერთგვარი სოციალური სიკეთე, რომელიც ადამიანური ურთიერთობების განვითარებისთვისაა საჭირო. ენ ჰეთევეის გმირი კი პასუხად ეკითხება, “მაშინ რატომ გვიყვარს ის ადამიანები, რომლებიც უკვე გარდაიცვალნენ”?

მოკლედ, Haters Gonna Hate, მაგრამ ნოლანი გენიოსია.

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მიმოხილვა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to Interstellar – პარადოქსი

  1. dato ამბობს:

    ამდენი აბზაცი რომელიც არაფერს არ იძახის და ყლე სიუჟეტის მოყოლად რჩება კაი ხანია არ წამიკითხავს

  2. გარდაცვლილები კი იმიტომ გვიყვარს, რომ სიცოცხლეს აზრი მიეცეს სიზიფური სიკვდილის მერეც. და რატომაც მოიგონეს სამოთხე და ჯოჯოხეთი. 🙂
    ადვილად ახსენი, ყოჩაღ.

  3. ნინო ამბობს:

    ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ფიზიკა არ იცით… არანორმალურად სწორად და გამართულად გაქვთ მთლიანი ფილმის შინაარსი და კონცეფცია შეკრული. ფილმის ყურების შემდეგ რაღაცები ბუნდოვანი დარჩა ჩემთვის. თქვენი პოსტი კი ყველა კითხვას პასუხობს, რაც კი შეიძლება რიგით მაყურბელს გაუჩნდეს.

  4. 1234friends ამბობს:

    მიუხედავად იმისა, რომ ფილმი რამდენჯერმე მაქვს ნანახი, ამ პოსტით კიდევ ახალი აღმოჩენები გავაკეთე. გუდ ჯობ

  5. გვანცა ამბობს:

    მომეწონა 👏🏻👏🏻მადლობა

დატოვე კომენტარი